აკაკი წერეთლის ლექსის აქამდე უცნობი ამბავი: ვინ იყო “სულიკო” სინამდვილეში? – ცოტამ თუ იცის ტრაგიკული ისტორია, რომელიც ცნობილი სტროფების მიღმა იმალება

May 3, 18:29
0
547

საყვარლის საფლავს ვეძებდი,

ვერ ვნახე… დაკარგულიყო!…

“სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”

ეკალში ვარდი შევნიშნე,

ობლად რომ ამოსულიყო;

გულის ფანცქალით ვკითხავდი:

“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”

ბევრ თქვენგანს აკაკი წერეთლის ამ ცნობილი სტროფების გაგონებისას, ალბათ, უკვდავი და ყველასთვის საყვარელი მუსიკის ჰანგებიც ჩაესმის ყურში. საყვარლის საფლავის მაძებარი ქალის ამბავი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ალბათ, ყველას წაგვიკითხავს ან მოგვისმენია. ბევრს გაგონილიც გვექნება არაერთი ვერსია, რა იგულისხმა ავტორმა “სულიკოში”, თუმცა ცოტას თუ ეცოდინება რეალური ტრაგედია, რომელიც ამ ტექსტის მიღმა დგას. ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ გადაცემაში „შენი დილა“  “სულიკოს” შექმნის ძალიან საინტერესო და სევდიანი ისტორია მოყვა.

ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დვალთაში მუშაობისას აკაკი წერეთლის ლექსის „სულიკოს“ შექმნის ნამდვილი ისტორია გაიგო, რომლის თანახმადაც, ლექსი არც სატრფოს და არც სამშობლოს, არამედ ადამიანურ ტრაგედიას ეძღვნებოდა:

„ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გახლავართ ამ მიმართულების ხელმძღვანელი და, საქართველოს მასშტაბით, მეხება ტექსტებზე მუშაობა ყველა რეგიონსა თუ ერთკაციან სოფელში. ამიტომ მუდმივად ექსპედიციებში მიწევს ყოფნა. ერთ-ერთ კომპლექსურ ექსპედიციას ვხელმძღვანელობდი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა თონეთში,  რომელსაც ძველად დვალთას ეძახდნენ. იქ შემეკითხა ერთ-ერთი ადგილობრივი – თქვენ იცით ხომ, ვის სოფელში ხართო? ვიცოდი, რა გვარები ცხოვრობდნენ და დიახ-მეთქი, მივუგე, სხვა ამბებიც ვუთხარი, ვიფიქრე, ამას გულისხმობდა. მაგრამ არაო. აკაკის „სულიკო“ ხომ იცით, აი, ის სულიკო ამ სოფლიდან იყოო.“

როგორც აღმოჩნდა, სოფელ დვალთის მაცხოვრებლებს, თბილისში ურმებით ნახშირი ჩამოჰქონდათ. მათ შორის იყო 30 წლის ზალიკო სამადალაშვილი, რომელსაც, ნახშირთან ერთად, სხვა პროდუქტები აკაკი წერეთლის სახლში მიჰქონდა. ამ პერიოდში კი აკაკი და ზალიკო დამეგობრდნენ და ერთმანეთის ამბებსაც ხშირად კითხულობდნენ. ზალიკოს უმცროსი ძმა, სულიკო ჰყავდა. გვიან შემოდგომაზე სულიკო დაქორწინებას აპირებდა და  საქორწინო ტანსაცმლის შესაძენად  ქალაქში წავიდა. გავიდა რამდენიმე დღე და როცა უკან აღარ დაბრუნდა, ნათესავებმა ძებნა დაიწყეს. სულიკოს დანიშნული გოგოც ტირილით ეძებდა სატრფოს. საბოლოოდ, რამდენი თვის ძებნის შემდეგ, ტყეში ძვლები და სამოსის ნაფლეთები იპოვეს. ოჯახის წევრებმა მისი ამოცნობა მხოლოდ ქამარ-ხანჯლის წყალობით შეძლეს.

სულგანაბული ბულბული

ფოთლებში მიმალულიყო;

მივეხმატკბილე ჩიტუნას:

“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”

შეიფრთქიალა მგოსანმა,

ყვავილს ნისკარტი შეახო,

ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,

თითქოს სთქვა: “დიახ, დიახო!”

გავიდა დრო და ზალიკო ისევ დაბრუნდა აკაკისთან ნახშირის და პროდუქტების მისატანად. მეგობრის გაუჩინარებით შეშფოთებულმა აკაკიმ მისი ამბავი მოიკითხა და ზალიკოს ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ შეიტყო.

“ეგ არის, რასაც ეძებდი,

მორჩი და მოისვენეო!

დღე დაიღამე აწ ტკბილად

და ღამე გაითენეო!

სამად გაშლილა ის ერთი:

ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდადო,

თქვენ ერთმანეთი რადგანაც

ამ ქვეყნად შეგიყვარდათო”.

აკაკიზე ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა, ლექსი დაწერა და ზალიკოს შემდეგ ჩამოსვლაზე წაუკითხა. მაგრამ თავდაპირველ ვერსიაში ლექსი შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: “ჩემი ძმის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო…“

პოეტმა ზალიკოს ოჯახში წასვლა გადაწყვიტა, რადგან მეგობრის ნათესავებისთვის სამძიმრის თქმა უნდოდა. მან გარდაცვლილის საფლავზე მისვლაც მოისურვა, სურდა, თავისი თვალით ენახა ის.  სულიკოს საფლავზე მისულს კი მტირალი ქალი დახვდა. სწორედ ამის შემდეგ ლექსის პირველი სტრიქონი გადააკეთა: „საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო…“

საბოლოო ვერსიაში „ძმა“ „საყვარელმა“ ჩაანაცვლა, თუმცა ადამიანური ტკივილი იგივე დარჩა.

მენიშნა… აღარ დავეძებ

საყვარლის კუბო-სამარეს,

აღარც შევჩივი ქვეყანას,

აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,

ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა,

და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,

ვერ გამომითქვამს ენითა!

ისევ გამეხსნა სიცოცხლე,

დღემდი რომ მწარედ კრულ იყო,

ახლა კი ვიცი, სადაც ხარ,

სამგან გაქვს ბინა, სულიკო!..

 

წყარო: marao.ge

Cesko