თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციურ-კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის შესასვლელის დასავლეთ მხარეს, ხის ჩუქურთმოვანი კარების თავზე, გამოსახულია ბოლნური ჯვარი ორი წარწერით: „შეიწყალე, უფალო, მხევალი ღვთისა ირმა“, „შეიწყალე, უფალო, მონა ღვთისა ვიტალი“.
1991 წლის 28 დეკემბერს რუსთაველის გამზირიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ, ერთი ოჯახის ცხოვრება, სამუდამოდ შეცვალა. სამი თვის ფეხმძიმე ირმა დუნდუა, ქმარ-შვილის თვალწინ მოკლეს.
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავში, 17 წლის ულამაზესი მოცეკვავის – ირმა დუნდუას გამოჩენა, შეუმჩნეველი არ დარჩენია „რუსთავის მოცეკვავესა და ირმას მომავალ მეუღლეს დევი ქუთათელაძეს.
ანსამბლში დაწყებული წყვილის ურთიერთობა, მალე ოჯახის შექმნით დასრულდა. ეს იყო ულამაზესი და სიყვარულით სავსე ოჯახი, რომელიც ძმათამკვლელმა ომმა სრულიად გაანადგურა. ირმას გარეგნობითა და ცეკვით მოხიბლული უცხოელები, მას ხან „ფაიფურის თოჯინას“ ეძახდნენ, ხან „კოლხეთის ულამაზეს ასულს“.
„ირმასა და დევიკოს ურთიერთობა ანსამბლში დაიწყო. ორივე ჩვენთან ცეკვავდა. ჯერ დევიკო მოვიდა, შემდეგ – ირმა“… – იხსენებს ანსამბლ „რუსთავის ყოფილი დირექტორი ალეკო ლორთქიფანიძე, – „ეს იყო ულამაზესი და სიყვარულით სავსე ოჯახი, რომელიც ძმათამკვლელმა ომმა სრულიად გაანადგურა“.
რამდენიმე ხანში, წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც დევის მამის სახელი ვიტალი დაარქვეს. როცა ეს უბედურება დატრიალდა, ვიტალი 7 წლის იყო.
ირმა მეუღლესთან და შვილთან ერთად, კუკიაზე მდებარე საავადმყოფოში, დამწვრობის ცენტრში, დევის მეგობრის სანახავად იყო მისული.
1991 წლის 28 დეკემბერი იყო – თბილისში ომი მძვინვარებდა. საავადმყოფოს შენობის აივანზე ირმა შვილთად და ქმართან ერთად იდგა, როცა რუსთაველის გამზირიდან ნასროლი ბრმა ტყვია, ბავშვის თავსა და დევის ხელს შუა გაძვრა და ირმას აორტა გაუგლიჯა. „მგონი, მომკლესო“ – ადგილზე დატრიალდა, თითქოს უკანასკნელად ცეკვავდა და ქმრისა და შვილის თვალწინ ჩაიკეცა…
იმ საბედისწერო დღეს, ირმას ქმრისთვის უთქვამს – ჩვენი შვილი შენ უნდა გაზარდო ნამდვილ ვაჟკაცადო. მაგრამ, სამწუხაროდ დევიმ მეუღლის დანაბარები ვერ შეასრულა. ამ ტრაგედიიდან, რამდენიმე ხანში – 1999 წლის 12 აგვისტოს, დევის ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა:
ირმას ვაჟი 15 წლის ვიტალი, რომელიც მამას მოსკოვში რამდენიმე დღით ჰყავდა წაყვანილი, ტრაგიკულად დაიღუპა. მოსკოვთან ახლოს მდებარე წყალსაცავზე, დევიმ, მისი ვაჟი და ირმას დისშვილი, კატერით სასეირნოდ წაიყვანა.
სწორედ ამ დროს მოხდა, ეს უბედური შემთხვევა – ნავი, დიდ ტურისტულ გემს შეეჯახა. დევი ხედავდა, რომ ნავი გემს ეჯახებოდა და ყვიროდა, მაგრამ ძრავის ხმაურში, მისი ყვირილი ვერავინ გაიგო. ბავშვები, წყალში ჩაცვივდნენ.
ორივე, გემის პროპელერმა ჩაითრია. ირმას დისშვილს ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და ფეხის თითების ფალანგები დამსხვრეული, მაგრამ, როგორღაც, ზემოთ ამოსვლა მოახერხა. ვიტალის კი, ერთი კვირა ეძებდნენ…
ამ უბედურებით სასოწარკვეთილს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, გარდაცვლილი ცოლ-შვილის სულის საოხად, დევის, ეკლესიის მშენებლობის დაწყება ურჩია.
დევიმ, ბინა გაყიდა და მეუღლისა და შვილის სახელზე, ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ეკლესია ააშენა.
წყარო : პრაიმტაიმი