კახა კალაძე: პირველი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსებს, თუ ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს, ექნებათ უფლება, იმოძრაონ ავტობუსის ზოლში

0
386
46 Views

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებულ სიახლეზე ისაუბრა. მისი თქმით, 1 ივნისიდან იმ A კატეგორიის ტაქსებს, რომლის ასაკი 10 წელს არ აღემატება, ავტობუსის ზოლზე მოძრაობის უფლება მიეცემათ, ხოლო იმისთვის, რომ მგზავრებმა ეს ტაქსები სხვა ტაქსებისგან განასხვაონ, მათზე სპეციალური სტიკერი იქნება მიკრული.

„როგორც მოგეხსენებათ, პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი და მთელი რიგი შესაბამისი რეგულაციები. ამასთან, A კატეგორიის ტაქსებს უფლება მიეცათ, ავტობუსის ზოლში აიყვანონ და ჩამოსვან მგზავრი. ახლა კი მინდა გაგაცნოთ მორიგი სიახლე, რომელზეც მუნიციპალიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს. აღნიშნული სიახლე შეეხება მხოლოდ A კატეგორიის ტაქსებს, თუ ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, იმოძრაონ ავტობუსის ზოლში და ვგეგმავთ, რომ ეს უფლება ავამოქმედოთ პირველი ივნისიდან.

იმისთვის, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები ყველასთვის, მათ შორის მგზავრებისთვის, ჩვენ შემოვიღეთ სტიკერები, რომელთა დარიგებას უკვე მაისის თვიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ეს სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში, შესაბამისად, მისი გადაადგილების დრო გაცილებით ნაკლები იქნება. ეს სტიკერი განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ იმ საავტობუსე ზოლში, სადაც ავტობუსი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით.

ეს მნიშვნელოვანი დეტალია და მინდა, რომ ყურადღებით მოისმინონ A კატეგორიის ტაქსის სერვისის მიმწოდებელმა პირებმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც ავტობუსი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

Cesko