“ოპოზიციაში გადასვლას გეგმავდა”: რა დოკუმენტები დაკარგა გარდაცვალებამდე და ვინ დაურეკა საბედისწერო ღამეს შინ მიმავალ ზურაბ ჟვანიას – პრემიერის სიკვდილის 18-წლიანი საიდუმლო

0
1394
21 Views

თებერვლისთვის ჩვეული მოჟამული დილა იყო. მახსოვს, ყავას ვსვამდი, თან სამსახურში წასასვლელად ვემზადებოდი, უფრო სწორად, ჯემალ ბაღაშილთან ვიყავი შეთანხმებული, ფილარმონიაში უნდა მივსულიყავი და ინტერვიუ ჩამწერა… ტელეფონმა დარეკა. ჩემდაუნებურად საათს დავხედე – თუ არ ვცდები, ცხრის წუთები იყო. გავიფიქრე, ალბათ, რამე ცუდი მოხდა, თორემ ამ დილაუთენია ვის გავახსენდი-მეთქი… „მობილის“ ეკრანზე ჩემი მეგობრის სახელი და გვარი ეწერა.

– ჰო, ზურა, მშვიდობაა? – მისალმება არც კი ვაცადე ჩემს მეგობარ ფოტოხელოვანს (მაშინ ზურა საინფორმაციო სააგენტო „პრაიმნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი იყო).

– არ გაგიგია? – ზურამ კითხვაზე კითხვითვე მომიგო. მეუცნაურა, რაღაცნაირად მოგუდული ხმა ჰქონდა.

– რა უნდა გამეგო? – გავიოცე.

– ზურაბ ჟვანია მოკვდა… ტელევიზორი ჩართე, – თანამოსაუბრემ ტელეფონი გათიშა.

ტელევიზორი ჩავრთე და… შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მოხდა უბდური შემთხვევა.

„უბედური შემთხვევა“ ყურში მხვდება. მერე, დრო რომ გავა, ამ თემაზე კითხვას ბევრი დასვამს, ანუ იმ დროს, როცა არც ექსპრტიზა იყო ჩატარებული და არც გამოძიება დამთავრებული, შს მინისტრმა როგორ, რის საფუძველზე დაასკვნა, რომ პრემიერი უბედურ შემთხვევს ემსხვერპლა?

საერთოდ, ეს ჟვანიას საქმეში ერთ-ერთი პასუხგაუცემელი კითხვააა. მეტიც, პრემიერის უცნაური გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში დანამდვილებით არავინ იცის, რა მოხდა 2005 წლის 3 თებრვალს საბურთალოს ქუჩაზე?

იმ წლების განმავლობაში, როცა ქვეყნის სათავეში „ნაცმოძრაობა“ იყო, მაშინდელი ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ჟვანია მოკლეს, თან ისე, უბრალოდ კი არ მოკლეს, არამედ, თავში საფერფლე ჩაარტყეს. მკვლელობის ამ კონსპირაციული ვერსიის ავტორების ფანტაზია უფრო შორსაც მიდიოდა, ანუ ისინი საბედისწერო ღამის სურათს ისე დეტალურად აღწერდნენ, თითქოს შემთხვევის ადგილას იყვნენ და იმპერატიულად აცხადებდნენ, ჟვანიას საფერფლე თავად სააკაშვილმა ჩაარტყაო.

ეს კი არადა, ის ვერსიაც პოპულაური იყო, რომ პრემიერი საბურთალოს ქუჩაზე კი არ გარდაიცვალა, არამედ, შავნაბაზე, სადაც სააკაშვილი და ბიძამისი, თემურ ალასანია თითქოს „საქმეს ურჩევდნენ“.

ისე, ხელისუფლება რომ შეიცვალა, ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიება თითქოს დაიწყო, მაგრამ ისევ არაფერი გაირკვა, გარდა იმისა, რომ ექსპერტი, ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ჩაჩუა, თურმე, გულგრილად მოიქცა და ამიტომ, 2014 წლის 21 მარტს ჩაჩუა დააკავეს. პროურატურამ კი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო:

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 03 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული ფაქტები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან, წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით“.

რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, კერძოდ, 2014 წლის ნოემბერში მოსამართოემ ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიება შეეუცვალა და გირაო შეუფარდა.

ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 2015 წლის 16 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო, თუმცა ბრალდების მხრემ ეს გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ექსპერტმა საპატიმროში 8 თვე გაატარა და, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი დაუმტკიცეს, ეს ამბავი ფატალურად დასრულდა…

მოკლედ, წლები გადის და საბურთალოს ქუჩის ტრაგედია დღემდე ბურუსითაა მოცული. ყოველ შემთხვევაში, პრემიერ ზურაბ ჟვანიას და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუფოვის გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია. სამაგიეროდ, ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული და შესაბამისად, კონსპირაციული თეორიაც თეორიაზე ვრცელდება.

ასეა თუ ისე, ფაქტია: ჟვანიას გარდაცვალებამ ქართული პოლიტიკა თავდაყირა დააყენა. შეიძლება, ეს ვინმეს გადამეტებულ შეფასებად მოეჩვენოს, მაგრამ ისინიც კი, ვინც აწ განსვენებულ პრემიერს დასანახად ვერ იტანდა, აღიარებენ, რომ ზურაბ ჟვანია თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთგვარი ვარსკვლავი იყო, ვარსკვლავი, რომელმაც ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქართულ პარლამენტარიზმს ჩაუყარა საფუძველი და მაშინ, როცა ამ გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა, თავად ჟვანია კი არა, ალბათ, მისი უახლესი გარემოცვაც ვერ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და ადამიანი, რომელმაც მაღალი ტრიბუნიდან პირველმა თქვა, მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ევროპელიო, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცველბოდა.

მოკლეს თუ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი? – ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში ინახება ინტერვიუ მარინა შენგელიასთან, რომელიც 2015 წლის მიწურულს გავიცანი. ქალბატონი მარინა ხმაურიანი პოლიტიკოსი არაა, მაგრამ პოლიტიკურ წრეებში კარგად იცნობენ და ისიც იციან, რომ აწ განსვენებული ზურაბ ჟვანიას მეგობარი იყო.

„ზურა ტყვიითაა მოკლული!“ – ეს ფრაზა მარინა შენგელიამ მითხრა, რომელმაც საუბრისას, ასევე, გამოთქვა მოსაზრება, რომ პრემიერის მკვლელობა დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა.

სხვათა შორის, ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, ჟვანია აშშ-ში იმყოფებოდა. ეს ოფიციალური ვიზიტი იყო, რა დროსაც მარინა შენგელიას ვერსიით, ჟვანიამ „რაღაც დოკუმენტები“ დაკარგა. ერთი ვერსიით, გამქრალ-დაკარგული დოკუმენტაცია, რომელიც ექსსპიკერს ვაშინგტონში, ვიღაცისთის უნდა გადაეცა, სააკაშილისა და, საერთოდ, მისი გარემოცვის ფინანსურ მაქინაციებს ეხებოდა. შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკურ ოლიმპზე „მწვანეთა მოძრაობის“ ლიდერობიდან ავიდა, შესაძლოა, სწორედ ამ დოკუმენტაციის ანაწერა გახდა, ანუ ჟვანიამ ისეთი რაღაც იცოდა, რაც თეთრ სახლში არ უნდა გაეგოთ. ამ ვერსიის დადასტურება, ცხადია, გაძნელდება, მაგრამ ამ კუთხით მსჯელობა ღირს.

 „ – … ქალბატონო მარინა, პრემიერსა და მის ოჯახთან ახლოს იყავით. ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ჟვანიას კონსპირაციული ბინა ჰქონდა?

– არა, ეს არ შემიმჩნევია, მაგრამ გამორიცხულია, ზურა საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში ყოფილიყო… ერთ ამბავს გიამბობთ, რომელიც რევოლუციამდე მოხდა: ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთი კარგი პიროვნება იყო, გორის ქარხნის დირექტორი, რომელსაც ჩვენი პარტიის (იგულისხმება ჟვანიას პარტია, – რედ.) გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა უნდოდა.

– უკაცრავად, ეს პიროვნება კონსპირაციულ ბინასთან რა კავშირშია?

– გეტყვით… ჩვენი პარტიის რაიონული ორგანიზაციები რომ ფუძნდებოდა, ერთხელ, შუაღამისას, გოკა გაბაშვილმა დამირეკა, იმ ადამიანის ძმისშვილი, ვინც გორში, ჩვენი პარტიის ხელმძღვანელად ინიშნება, დაშინების მიზნით, გაიტაცეს და ზურამ გთხოვა, შენს სასტუმროში მიიყვანოო. ჰოდა, თუ ზურას კონსპირაციული ბინა ჰქონდა, იქ არ მიიყვანდა?

– ვერ გავიგე: გორის ორგანიზაციის სავარაუდო ლიდერის ძმისშვილი ვინ გაიტაცა?

– როგორც ითქვა, მაშინდელმა ხელისუფლებამ…

– თუკი ხელისუფლებამ გაიტაცა, თქვენს სასტუმროში როგორ უნდა მიგეყვანათ?

– როცა დააბრუნეს, ზურას უნდოდა, რომ ერთი ღამე ჩემს სასტუმროში გაეთია და დილით, პარტიის ოფისში მიმეყვანა. მოკლედ, ეს ბავშვი ვნახე, გულმკერდთან გაკაწრული ჰქონდა. ზურამ რომ მკითხა, რას ფიქრობო, ვუპასუხე, ამაზე ჰაი-ჰუის ატეხვა არ ღირს. ეს რაღაც პიარისთვისაა გაკეთებული-მეთქი…

– რაულ უსუპოვი როდიდან გახსოვთ, ქალბატონო მარინა?

– რაულ უსუპოვი ერთი წყნარი ბიჭი იყო, რომელსაც არცთუ ხშირად ვხედავდი…

– ერთი სიტყვით, იზიარებთ ვერსიას, რომ პრემიერი უბედურ შემთხვევას კი არ შეეწირა, არამედ, მოკლეს, არა?

– დიახ, ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული!

– თქვენი ვერსიით, ჟვანია რატომ უნდა მოეკლათ?

– აი, სწორედ ესაა საინტერესო. ვიდრე პრემიერი გახდებოდა, ზურა ჯერ სახელმწიფო მინისტრი იყო, დამიბარა და მითხრა, მარო, მინდა, მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდი გავაკეთო, რომელსაც შენ უხელმძღვანელებო. ვიკითხე, ფონდს ვინ დააფინანსებდა. „იბიარდი“ დაგვპირდა, თუმცა როგორც მერე გაირკვა, თანხების გამოყოფა ზაფხულამდე გადასწიეს და ამასობაში, პრივატიზაციაც დაიწყებაო.

სხვათა შორის, ზურასთან, კანცელარიაში, ხშირად მივდიოდი. ვაშლიჯვარში, როცა თვითონ არ იყო, ზურას ოთახში არასოდეს შევდიოდით. ერთხელ, კანცელარიაში ვარ, ზურა მიშასთანაა ასული და ვხედავ, ბალაგანია – კობა ხარშილაძე ზურას კაბინეტში შედი-გამოდის. ამის შესახებ ზურას ვუთხარი, კაცი სახელმწიფო მინისტრი ხარ და ეს რა ხდება-მეთქი. უსიამოვნო ლაპარაკი კობა ხარშილაძესთანაც მქონდა, ქალბატონო მარინა, ზურას რატომ უთხარითო. კი არ ვუთხარი, მაინტერესებს, დაცვის უფროსი ხარ და რატომ უშვებ, რომ ვისაც უნდა, შედის და გამოდის-მეთქი. მოკლედ, ისე გააკეთეს, რომ ზურასთან, კანცელარიაში აღარ მივსულიყავი…

ზურამ ჯერ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი, ამას სხვა ცოდნა სჭირდება-მეთქი. ვინაიდან ინგლისური კარგად არ ვიცი, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსობაზეც უარი ვთქვი, თუმცა მოადგილეობაზე თანახმა ვიყავი, მაგრამ არც ეს გამოვიდა ანუ რაკი არსად დამნიშნა, ყველას ეგონა, რომ ზურაზე ნაწყენი უნდა ვყოფილიყავი.

– იყავით?

– არა, რადგან ზურა სხვა ტიპი იყო – იმას კი არ ფიქრობდა, ვალდებულების გამო, ვინმე სად დაენიშნა, არამედ, ისე ფიქრობდა, როგორც სახელმწიფო მოღვაწე და ბოლოს, იცით, სად მნიშნავდა?

– სად?

– ყველაფერს დღეების მიხედვით გეტყვით – პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათს დაიღუპა.

– სად გნიშნავდათ?

– ზურამ დამირეკა და მითხრა, მარო, სახელმწიფო შპს-ს ვაკეთებთ, პროფკავშირებიდან ქონება მოგვაქვს, ამ შპს-ს დირექტორად გნიშნავთ და ხვალ ბენდუქიძეს შეხვდებიო.

– ამ დროს ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრია, არა?

– დიახ, ადეიშვილი კი – გენერალური პროკურორი…

– ბენდუქიძეს შეხვდით?

– დიახ, ნორმალურად შემხვდა. სხვათა შორის, ზურამ ტელეფონზე ისიც მითხრა, ბენდუქიძეს რომ შეხვდები, მერე შენი მოსაზრება მითხარიო. ეს რომ არ ეთქვა, შეიძლება, ეს თემა აღარ განმევითარებინა და პირდაპირ ამ შპს-ს დირექტორად დავმჯდარიყავი. ერთი სიტყვით, ბენდუქიძემ ეკონომიკის სამინისტროსა და პროფკავშირებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი მომცა, სადაც, დაახლოებით, 250 მილიონის ქონებაზე იყო ლაპარაკი ანუ მთელი საქართველოს კურორტებზე, ამის ჩამონათვალი დღესაც მაქვს. სხვათა შორის, ზურასთვის ნათქვამი მქონდა, რომ ჩვენი ეკონომიკის გზა ტურიზმი კი არა, კურორტოლოგიაა, რადგან ტურისტზე მეტ ფულს, დასასვენებლად ჩამოსული ხალხი ტოვებს…

ბენდუქიძის მიერ მოცემულ მემორანდუმს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ სანატორიუმების უმეტესობაში ლტოლვილები ცხოვრობდნენ. იდეა გამიჩნდა, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ამდენი მიტოვებული სოფელია. ჰოდა, ლტოლვილებს, სანატორიუმებიდან გამოსახლების სანაცვლოდ, ფული კი არ მივცეთ, არამედ, ამ სოფლებში დასახლება შევთავაზოთ-მეთქი, თან ქვეყანა ხომ ძლიერ სოფელზე დგას, თუმცა ბენდუქიძე, როგორც გაირკვა, სხვანაირად ხედავდა. ამ იდეის შესახებ ჟვანიასაც ვუთხარი, ზურა, სახელმწიფო შპს გასაგებია და ისიც მესმის, რომ პრივატიზაციის 70 პროცენტი სახელმწიფოსი იქნება, 30 კი – პროფკავშირების, მაგრამ დანარჩენი ქონება განადგურდება. ამიტომ, მოდი, ფონდი გავაკეთოთ, სადაც შემოსავლებიდან ლტოლვილებისთვის რაღაც თანხა შევა და ამ თანხით სოფლებში სახლებს ვუყიდით, თან შევისწავლით, რომელ რეგიონში, რა არის განვითარებული. მაგალითად, იმერეთში ტყემალი და დაფნა მოდის, ჩაბარების პუნქტი ან სახელმწიფო ქარხანა გავხსნათ, სადაც ლტოლვილებს დავასაქმებთ-მეთქი…

– ჟვანიასთვის თქვენი იდეა მისაღები აღმოჩნდა?

– იცით, რა მითხრა?

– რა?

– მარო, რა ჭკვიანი ხარ, „სვეცკი“ კი მყავხარ, მაგრამ შენი რენომე ლტოლვილებთანაც გამოდგება და მათი ხმები მომავალში დამჭირდებაო.

– ანუ, ეს საუბარი ჟვანიასთან, გარდაცვალების წინა დღეებში გქონდათ?

– არა, 2004 წლის გაზაფხულზე.

– მაშასადამე, 2004 წლის გაზაფხულზე, ჟვანია უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყებას ფიქრობდა?

– ასპროცენტიანი! ზურა ოპოზიციაში წასვლას აპირებდა!

– თქვენი აზრით, ამიტომ მოკლეს?

– გამორიცხული არაფერია…

ჟვანიასგან რომ გამოვედი, დათო ტყეშელაშვილმა მკითხა, რაო, რა გითხრაო. ასე და ასე-მეთქი. დათომ გამაფრთხილა, მარო, ეგ სიტყვები არსად გაიმეოროო.

ზურა დეკემბერში ანუ გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, აშშ-ში იყო. არ მაქვს უფლება, იმ პიროვნების ვინაობა დავასახელო, რომელმაც მერე მითხრა, აეროპორტში შევხვდი და ძალიან აფორიაქებული ჩანდა, საბუთები დაკარგაო. როგორც ვიცი, ზურამ აშშ-ში რაღაც მასალები წაიღო.

– რა მასალები?

– არ ვიცი…

– ეს მასალები, შეიძლება, სააკაშვილის კომპრომატები ყოფილიყო?

– აზრზე არ ვარ… ზურას ეტყობოდა, რომ ის, რაც ხდებოდა, ძალიან არ მოსწონდა…

– სახელმწიფო შპს-ს შექმნის ამბავი როგორ დამთავრდა?

– ფონდის იდეა რომ გაიგეს, დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო.

– რას გულისხმობთ?

– მაგალითად, ერთხელ, ბენდუქიძემ მითხრა, თქვენზეც პრემიერმა მთხოვა და ქოჩლაძეზეცო, რომელიც სინამდვილეში მისი კაცი იყო… მერე, იცით, ეს ვინ წაიღო?

– ვინ?

– მიშას მამამ. ესე იგი, პრემიერის გაგზავნილ ადამიანთან ანუ ჩემთან ჭიდაობა მიდიოდა. მაშინ ზურას თანაშემწე კახა ბაინდურაშვილი იყო, რომელმაც ერთხელ დამირეკა და მითხრა, ქალბატონო მარინა, შპს-ს დირექტორობაზე მალე დასთანხმდითო, მაგრამ ვუპასუხე, არა, ფულის საჭრელი მანქანის ხელმძღვანელად არ წავალ-მეთქი.

– ქალბატონო მარინა, სულ რა თანხაზე იყო ლაპარაკი?

– როგორც მითხრეს, მთელი ქონება 250 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

– მაშასადამე, ჟვანიას მკვლელობის ერთ-ერთი საბაბი, შესაძლოა, ეს 250 მილიონი დოლარი გახდა?

– არა, უფრო დიდი რამ მგონია.

– მაინც, რა?

– ალბათ, უფრო იარაღის ბიზნესი… ზურას გარდაცვალების მერე, ბათუმის პორტიც ხომ უცნაურად გაიყიდა, აეროპორტიც…

– … ჟვანია ბოლოს როდის ნახეთ?

– აქეთკენ მივდივარ… ბენდუქიძეს ვეუბნები, ლტოლვილები სოფლებში ჩავასახლოთ-მეთქი და მპასუხობს, ქუთაისში კორპუსები ავაშენოთო. ჯერ ერთი, ვიცოდი, რომ სამშენებლო ფირმა ჰქონდა. მეორეც, თუკი ლტოლვილებს ქალაქში დავასახლებდით, ისევ უმუშევრები დარჩებოდნენ. მე კი იმას ვცდილობდი, რომ ეს ხალხი სოფლისთვის მიმება, რათა თავისი მეურნეობა განევითარებინათ, მაგრამ ბენდუქიძეს არ შევეწინააღმდეგე, რადგან ზურასგან დარიგებული ვიყავი, არ გადაიმტეროო.

აი, ზურას ბოლო დღეებამდეც მივედი: ბენდუქიძე რეფორმების სახელმწიფო მინისტრად გადაჰყავს, ეკონომიკის მინისტრად კი ლექსო ალექსიშვილი ინიშნება. 29 იანვარს, პარასკევს, კახა ბაინდურაშვილი მირეკავს და მეუბნება, ეკონომიკის მინისტრად ლექსო ალექსიშვილი დაინიშნა, რომელიც დაგეკონტაქტებათო.

– დაგეკონტაქტათ?

– დიახ, დამირეკა და მითხრა, პრემიერისგან დავალება მაქვს, რომ უნდა შეგხვდეთ, მაგრამ დავოსში მივფრინავ, საიდანაც ორშაბათს ჩამოვალო. შაბათ-კვირას ანუ 30-31 იანვარს, არაფერი მომხდარა, ორშაბათს, პირველ თებერვალს, ლექსო ალექსიშვილი აეროპორტიდან მირეკავს, ერთ საათში, სამინისტროში ვიქნები და თუ შეგიძლიათ, მობრძანდითო. მივედი და ჩემი კონცეფცია გავაცანი. სხვათა შორის, ბენდუქიძე მეუბნებოდა, ადეიშვილი ამბობს, პროფკავშირების ხელმძღვანელი, ირაკლი ტუღუში ქონების გადმოცემაზე თუ არ დაგვთანხმდება, სულ წავართვათო. არ ვიცი, ეს რა თამაში იყო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ლექსოს ვუთხარი, ამ ეტაპზე, ხელფასი არ მინდა, მთავარია, საქმე დავიწყოთ-მეთქი… იმ საღამოს, ლექსო ალექსიშვილი პრემიერს შეხვდა, სამშაბათს ისევ დამირეკა, ისევ შეხვედრა მთხოვა და მითხრა, რომ ფონდის წესდება იუსტიციის სამინისტროში გადააგზავნა, საიდანაც პასუხი ხუთ სამუშაო დღეში მოვიდოდა და ფონდი მუშაობას დაიწყებდა.

– ყველაფერი ეს, 2 თებერვალს ხდება?

– დიახ… 3 თებერვალს, ღამე კი ზურა იღუპება.

– ყველაფერ ამას, ჟვანიას გარდაცვალებასთან რა კავშირი აქვს?

– არ ვიცი… უბრალოდ, ის მოგიყევით, რაც იყო…

არ ვამბობ, რომ ზურა ზემოხსენებული 250 მილიონი დოლარისთვის მოკლეს, ეს უფრო პოლიტიკური მკვლელობა იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზურას გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, ეს ქონება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს გადაეცა და არავინ იცის, სად წავიდა. ისიც ფაქტია, რომ ლტოლვილები ამ შენობებიდან გამოყარეს…

– ქალბატონო მარინა, ვერსიას, რომ ჟვანია საფერფლის ჩარტყმით მოკლეს, იზიარებთ?

– იცით, რაში ვარ დარწმუნებული? – ზურა სახლში მიდიოდა, მაგრამ ზარის გამო, გზიდანაა მიბრუნებული.

– ანუ, უსუპოვმა დაურეკა?

– გამორიცხულია, უსუპოვის ზარის გამო ზურა მიბრუნებულიყო. ეს ზარი ზემოდან იქნებოდა. არ ვიცი, რა საქმეზე მიიყვანეს, მაგრამ ეტყობა, თანხმობა არ მისცა. სხვათა შორის, თავის დროზე, ზურა რკინიგზის გაყიდვის წინააღმდეგი წავიდა… მოკლედ, სადაც მიიყვანეს, იქ რაღაც მოხდა და, საერთოდ, მგონია, რომ ტყვიით მოკლეს!

ზურას გარდაცვალება რომ გავიგე, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, სად წავსულიყავი და კანცელარიაში წავედი. უფრო სწორად, ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივედი, მაგრამ პროზექტურაში ვერ შევედი და ვიფიქრე, კანცელარიაში მივალ და ვიკითხავ, რას ვშვრებით-თქო. იქ ერთი ადამიანი ვნახე, რომელმაც ჩაილაპარაკა, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემაო. კანცელარიიდან, ზურასთან, სახლში წავედი, სადაც რემა დეიდას, ნინო ქადაგიძისა და ჩემს მეტი არავინ იყო. ხუთ წუთში, ნოღაიდელი მოვიდა, რომელსაც ვუთხარი, კოსტავა რომ მოკლეს და ზვიადი სიტუაციას ვეღარ მართავდა, ახლაც ის დაგვემართა-მეთქი. დამეთანხმა, ზუსტადო…

მახსოვს, ნინო ოთახში ბოლთას სცემდა და ამბობდა, სამი საათი პროზექტურაში რას უკეთებენო. ზურა რომ მოასვენეს, ტუჩზე ნაჭდევი მეც ვნახე… დარწმუნებული ვარ, ეს ემოციის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა არაა. შეიძლება, გათამაშებულია, რომ თითქოს, ემოციის დონეზე მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, დიდხანს იგეგმებოდა, დაწყებული „შეგდებული“ დაცვიდან. მოკლედ, მჯერა, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოკლეს და მინდა, გავიგო, რატომ მოკლეს!

– ერთი სიტყვით, ქალბატონო მარინა, თქვენი ვერსიით, ჟვანია ტყვიით მოკლეს, არა?

– მაინც, ასე მგონია.

– მერე, ნატყვიარი სადმე ხომ უნდა ჰქონოდა?

– რა იცით, რომ არ აქვს?! ტრეპანაცია ჰქონდა გაკეთებული. მართალია, ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ტრეპანაცია რატომ გაუკეთეს?

– თუკი პრემიერი უბედური შემთხვევით არ გარდაცვლილა, როგორ ფიქრობთ, მკვლელობაში რამდენი ადამიანი მონაწილეობდა?

– ვფიქრობ, დაცვის გაკეთებული არაა. დაცვამ, უბრალოდ, იცოდა.

– ანუ, დაცვას არ მოუკლავს?

– არ მგონია, შემსრულებული დაცვა ყოფილიყო…

იცით, ერთხელ რა მოხდა? – გაგარინის მოედანზე, შემთხვევით, ძაძამიას შევხვდი და რომ დამინახა, ყველაფერს გეფიცებით, სასტუმრო „სიმპათიასთან“, შესახვევში შევარდა“…

ავტორი: ვანო პავლიაშვილი

 

Cesko