უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის განცხადებით დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის შეჭრა მოიგერიოს და გამარჯვებას მიაღწიოს.
„ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ყოველდღიური წარმატებებით, ჩვენ ახლოს ვართ გამარჯვებასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ უკრაინელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ოკუპირებული მიწები დაიბრუნონ და თავიანთი ქვეყანა განავითარონ.
უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ მისი ქვეყანა იბრძვის და ძლიერდება.
„ვერ აღვწერ სიტუაციას, როგორც კარგს, მაგრამ ვიბრძვით. ჩვენ ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის არმია რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადება.
”ჩვენი არმია ემზადება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ იგი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებით ისინი საკუთარ თავსაც უჭერენ მხარს.
„სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ყველასთვის გასაგებია. ასე რომ, მივმართავ ჩვენს მოკავშირეებს, მხარი დაგვიჭირეთ, რადგან უპირველეს ყოვლისა, ეს არის დაბალი ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოთ, რადგან რუსეთი ამაზე არ გაჩერდება”, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში საკუთარი სიცოცხლისთვის და არა საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვის.