საქართველოსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყნებს შორის მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას მიესალმნენ

0
214
25 Views

იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა იტალიელ კოლეგასთან ანტონიო ტაიანისთან, რომლის ფარგლებშიც ასევე გაიმართა საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაწყების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია.

შეხვედრაზე მინისტრებმა ვრცლად მიმოიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და მიესალმნენ მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას რაც თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს არსებულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს მათ გაღრმავებას.

შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და მიმართულებით არსებულ პროგრესს. მიმოხილული იქნა კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე იტალიის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას და აღნიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა.

მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება. იტალიის მხრიდან აღინიშნა რეგიონის მიმართ მზარდი ინტერესი, როგორც პოლიტიკური,ასევე სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ვრცლად იქნა მიმოხილული საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, დადებითად შეფასდა იტალიური ინვესტიციების და იტალიური კომპანიების მზარდი მაჩვენებელი საქართველოში და გამოიხატა დაინტერესება მიმართონ ძალისხმევა ბიზნეს წრეების კიდევ უფრო დასაახლოებლად.

მინისტრები ასევე მიესალმნენ ქვეყნებს შორის კულტურისა და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას.

Cesko