Bloomberg: სამხრეთ აფრიკამ შესაძლოა რომის სტატუტის რატიფიცირება გააუქმოს, რათა BRICS-ის სამიტზე პუტინის ჩასვლის შემთხვევაში მისი დაკავების ვალდებულების წინაშე არ აღმოჩნდეს

0
203
22 Views

სამხრეთ აფრიკის მმართველმა პარტიამ, „აფრიკულმა ეროვნულმა კონგრესმა“ დაიწყო შიდა დებატები რომის სტატუტიდან ქვეყნის შესაძლო გასვლის საკითხზე, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის ვიზიტის შემთხვევაში მისი დაკავების ვალდებულების წინაშე არ აღმოჩნდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.

4-დღიანი კონსულტაციების დროს სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტია იმსჯელებს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ დაკავების ორდერზე და რომის სტატუტზე, რომლის გამოც ქვეყანა ფორმალურად ვალდებული იქნება, პუტინი დააპატიმროს, თუ კრემლის ლიდერი სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე ჩავა.

სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტიის გენმდივანი ფიკილე მბალულა აღნიშნავს, რომ ამ საკითხის განხილვა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ აფრიკა ნამდვილად გააუქმებს რომის სტატუტის რატიფიცირებას.

Bloomberg-ის ცნობით, მსგავს სიტუაციაში სამხრეთ აფრიკა 2015 წელსაც აღმოჩნდა, როდესაც ქვეყანამ სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი არ დააკავა, რომლის მიმართაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერი ჰქონდა გამოცემული. ამის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებამ რომის სტატუტიდან გასვლაზე დისკუსიები დაიწყო, თუმცა საბოლოო ჯამში არაფერი შეცვლილა.

 

Cesko