პენტაგონიდან გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, აშშ ეჭვობს, რომ გაეროს გენმდივანი რუსეთის ინტერესებს „ზედმეტად ემორჩილება“

April 13, 11:14
0
155

პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, აშშ თვლის, რომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში რუსეთის ინტერესებს „ზედმეტად ემორჩილება“.

გაჟონილი ფაილების მიხედვით, ვაშინგტონი გუტერეშს ყურადღებით აკვირდება.

ერთ-ერთ გაჟონილ დოკუმენტში საუბარია მარცვლეულის შეთანხმებაზე, რომელსაც რუსეთმა და უკრაინამ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მოაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, გუტერეშს იმდენად სურდა შეენარჩუნებინა შეთანხმება, რომ მზად იყო რუსეთის ინტერესები დაეკმაყოფილებინა.

„გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ცდილობს გააუმჯობესოს რუსეთის ექსპორტის უნარი მაშინაც კი, თუ ეს ეხება სანქცირებულ სუბიექტებს ან ინდივიდებს“, – ნათქვამია დოკუმენტში,

კიდევ ერთი დოკუმენტი გუტერეშსა და მის მოადგილეს, ამინა მუჰამედს შორის საუბარს აღწერს. მასში გაეროს გენერალური მდივანი გამოხატავს „შეშფოთებას“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწოდებაზე, რომ უკრაინის ომის გამო, ევროპამ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა აწარმოოს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს, გაჟონვის საქმე ბოლომდე გახსნას.

„ეს იყო სახიფათო გაჟონვის სერია. ჩვენ არ ვიცით ვინ არის პასუხისმგებელი, არ ვიცით რატომ. ჩვენ ვაფასებთ ეროვნულ უსაფრთხოებაზე გავლენას და ახლა ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება“, – განაცხადა კირბიმ.

Cesko