ოპოზიცია, რომელიც ხედავს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა და მთავრობის დაკომპლექტება მათთვის აუხდენელი ოცნებაა, ცდილობს სხვა საკვანძო თანამდებობები ჩაიგდოს ხელში

0
251
30 Views

კადრები წყვეტენ ყველაფერს! გახსოვთ ალბათ ეს ცნობილი ლოზუნგი, რომელსაც ყველა რატომღაც კომუნისტურად მიიჩნევდა, არადა დღეს, როდესაც კომუნისტური რეჟიმის ლიკვიდაციიდან 30 წელზე მეტი გავიდა, ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ვხედავთ, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო პოლიტიკური ბრძოლის ხაზი სწორედ კადრების შერჩევაზე გადის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ხედავს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა და მთავრობის დაკომპლექტება მათთვის აუხდენელი ოცნებაა, ცდილობს სხვა საკვანძო თანამდებობები ჩაიგდოს ხელში და იქიდან შეუყენოს წყალი ხელისუფლებას, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ყველას გვახსოვს პოლიტიკური ოპოზიციის ასეთი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სახალხო დამცველის თანამდებობისთვის, როდესაც უცხოელების პირდაპირი მოთხოვნის შედეგად ჯერ უჩა ნანუაშვილი, ხოლო შემდეგ ნინო ლომჯარია აარჩევინეს ხელისუფლებას. მხოლოდ ბოლო ომბუდსმენის არჩევისას შეძლო წინააღმდეგობის გაწევა ხელისუფლებამ და NGO-ებისა და მათი უცხოელი პატრონების მიერ შეთავაზებული 3 კანდიდატიდან არც ერთი არ აურჩევია.

რაც შეეხება მოსამართლეებს, აქაც გულწრფელად განაცხადა NGO-ების ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა კახა წიქარიშვილმა, რომ სწორედ კადრებშია საქმე, თორემ თუ მათთვის სასურველი კადრები დაინიშნებოდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მათ არავითარი პრეტენზია არ ექნებოდათ იუსტიციის საბჭოში არჩევის წესთან, გადაწყვეტილებეის მიღების წესებთან თუ სხვა პროცედურებთან დაკავშირებით. მართალია, არასამთავრობოები (=მათი უცხოელი პატრონები) ამბობენ, რომ მათთვის და მათი პატრონებისთვის მისაღები იქნებოდნენ სამართლიანი და ობიექტური კადრები, მაგრამ ყველასათვის ცხადია, რომ ისინი ასეთებად მიიჩნევენ მათ მორჩილებაში მყოფ კადრებს.

იგივე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას, რომლის დასახელების დროსაც პოლიტიკური ოპოზიციის ლობირების ობიექტი იყო მხოლოდ მათთან პოლიტიკურად ანგაჟირებული კონკრეტული პირი, ხოლო ნებისმიერ ნეიტრალურ, გამოცდილ და კვალიფიციურ კადრს ისინი ხელისუფლების მომხრეს ეძახდნენ.

ნაცების ფანტაზია დღესაც ვერ წავიდა 2003 წელს აპრობირებულ მოდელზე. ხელისუფლების არასაარჩევნო გზით (ანუ გადატრიალებით) ხელში ჩაგდებაზე. ქართული საზოგადოებისგან განსხვავებით ნაცებმა ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს.

ეს მეთოდებია ხელისუფლების შიგნით საკუთარი აგენტურის გადასხმა, საკვანძო ადგილებზე მყოფებისთვის მაცდუნებელი წინადადებების შეთავაზება (ანუ მოსყიდვა), რისი მაგალითიც იყო ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი სასამართლოს თავმჯდომარესთან, სადაც ის მოუწოდებდა, რომ რუსთავი-2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე პროტესტის ნიშნად გადამდგარიყო და სამაგიეროდ მათ „ნაცები მიხედავდნენ“, და იქვე ამ „მიხედვის“ არსის გაშიფვრა, რომ 6 მილიონი დოლარიდან მასაც შეახვედრებდნენ რაღაცას.

ისიც გამოჩნდა ისიც, რომ აშშ-ს საელჩოს მიერ სასამართლოებისთვის გაწეული მატერიალური დახმარება მთლად უანგარო არ ყოფილა. როდესაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას დაპატიმრებისთვის იმით დასაჯეს, რომ ამოიღეს აშშ-ში გასამგზავრებელთა სიიდან და სოლიდარობის ნიშნად სხვა მოსამართლეებმაც უარი განაცხადეს იქ გამგზავრებაზე, გამოაშკარავდა, რომ ერთ-ერთ ასეთ მოსამართლეს ამის გამო სულ მუშტები უბრახუნეს მაგიდაზე აშშ-ს საელჩოში. ამიტომ გასაგებია, რომ აშშ-ში ტრენინგგავლილ მოსამართლეებისგან საელჩო მათ მიერ დასანქცირებული მოსამართლეების მიმართ მკაფიო პოზიციების დაფიქსირებას მოითხოვს.

ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების (ბოლო ორი პრეზიდენტის და პრემიერის) მკვეთრ ოპოზიციაში გადასვლაც არ არის შემთხვევითი, ესეც 2003 წლის დროინდელი ოპერიდანაა, მაგრამ ნაცებმა ვერ გაიგეს, რომ 20 წლის წინანდელი გამოუცდელი საზოგადოება და სისხლიანი 9-წლის გამოცდილების მიმღები საზოგადოება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა, საზოგადოება მაინც ფრთხილად უნდა იყოს, რადგან მარადიულია ის სენტენცია, რომლის მიხედვითაც „ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს“, ხოლო ამ შემთხვევაში „ქრთამში“ მოიაზრება არა მხოლოდ რეალური ფულადი თანხა, არამედ ძალაუფლება და გავლენები, რომლებიც უხვად გააჩნიათ ჩვენს „სტრატეგიულ მეგობრებსაც“ და მტრებსაც. სწორედ ამ ძალაუფლებასა და გავლენებში ხედავენ თავიანთთვის მოგების (ანუ ხელისუფლებაში მოსვლის) წყაროს ხელისუფლებას და პოლიტიკურ რევანშს მოწყურებული ნაცები და მათი ანასხლეტები. ამიტომ ხელისუფლებამაც მთავარი ყურადღება ამ შემთხვევაში სწორედ კადრებზე უნდა გადაიტანოს და გულუბრყვილოდ არ უნდა ენდოს არც ყოფილი ნაცების „ფერისცვალებას“ და არც საქმეში გამოუცდელ, თუნდაც საკუთარ არაკვალიფიციურ მომხრეებს“, – წერს ნანა კაკაბაძე.

Cesko