ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. ფრანგული ვებ-გვერდის Mediapart-ის ინფორმაციით, მსახიობს 13 ქალი უყენებს ბრალდებებს.
როგორც ისინი ჰყვებიან, დეპარდიე მათ ხელებს უფათურებდა და უხამს რეპლიკებს ესროდა. ერთ-ერთი ბრალმდებელი ამტკიცებს, რომ იმ მომენტში, როცა მსახიობმა სექსუალურად შეავიწროვა, 17 წლის იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდო დანაშაულს გასული ორი ათწლეულის განმავლობაში სატელევიზიო და კინოგადაღების მოედნებსა თუ საჯარო სივრცეებში ჰქონდა ადგილი.
74 წლის დეპარდიეს ადვოკატი ამბობს, რომ მსახიობი „ოფიციალურად უარყოფს ყველა ბრალდებას, რომელიც შეიძლება, სისხლის სამართლის კანონს დაექვემდებაროს“.
ამას წინ უძღოდა 2020 წელს, ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გაუპატიურების ბრალდებით. მსახიობი ამ ბრალდებასაც უარყოფს.
ცნობისთვის, 2013 წელს ჟერარ დეპარდიეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა და პირადად გადასცა რუსეთის პასპორტი.