პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე, რომელიც დახურული იყო, ბევრი ინფორმაცია მიიღო, მათ შორის მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ფაქტებს ვერ გაასაჯაროებს.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა. ბუნებრივია, ჩვენი საუბრის შინაარსს მე ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ გეტყვით, რომ მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ, რაც რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი და კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა ჩვენ საუბარი. ინფორმაციები მივიღე, მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან, საბჭოს წევრი სხვა მოსამართლეებისგან. ეს იყო დახურული შეხვედრა და ამ ფაქტებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ალბათ მოვა დრო ამას საზოგადოება გაიგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.