თეა წულუკიანი: ვისაც არ ეზარება, საქართველოს გამოცდას უწყობს. გამოცდაა, როდესაც ქვეყანას ეტყვი, შენი მოსამართლე შემიძლია დავსაჯო, როგორც მომინდება

April 10, 12:52
0
148

მგონია, რომ არაერთი ჩემი თანამემამულის აზრს გამოვხატავ, თუკი ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყანას, ვისაც არ დაეზარება, მთავარია არ დაეზაროს, იქნება ეს ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი, თუ დასავლეთი, გამოცდებს უწყობენ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა

„თუკი ჩრდილოეთისგან მიჩვეული ვართ და დღემდე ვებრძვით მშვიდობიანი მეთოდებით, სამართლებრივი მეთოდებით სტრასბურგსა თუ სასამართლოში ოკუპაციას, ჟლეტას, სისხლს, სხვა ჰორიზონტის მხარეებიც არ გვაკლებენ გამოცდას.

გამოცდაა, როდესაც შენ უსამართლოდ ეტყვი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე უარს და მის წინ დააყენებ მოლდოვასა და უკრაინას, რომლებიც ჩვენი მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ პროგრესისა და რეფორმების ჭრილში არიან ბევრად უკან, ვიდრე ჩვენი ქვეყანა და ხალხია. გამოცდაა ასევე, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეტყვი: „შენ არავინ და არაფერს გეკითხება, შენი მოსამართლე შემიძლია, დავსაჯო ისე, როგორც მომინდება, მტკიცებულებების გარეშე“. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს, ვითხოვთ წესებით მოქმედებას, ვითხოვთ თანასწორუფლებიანობას. ეს იყო ქართველი კაცის მთავარი მიზანი, მთელი მისი არსებობის განმავლობაში, ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი პარტნიორი, მეგობარი, თუ მოკავშირე. ეს არის დღეს ჩვენი მოთხოვნა.

რაც შეეხება იმას, რომ მოვდივარ და გსჯი, თუ ბიჭები ხართ, დაგვხვდითო. ამ ქვეყანაში ბიჭებიც არიან და სხვათა შორის, გოგოებიც და ეს ყველაზე ტრაგიკულად გამოჩნდა სწორედ 9 აპრილს, როდესაც საქართველოს თავისუფლებისთვის სისხლი არა მხოლოდ მამაკაცებმა, არამედ პატარა გოგოებმაც დაღვარეს. ჩვენ ამ პატარა გოგოების საქმეს დღემდე ვაგრძელებთ და მინდა, ყველა დარწმუნებული იყოს, ჰორიზონტის რომელ მხარეშიც არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

Cesko