აშშ-ის ელჩი „მეორე ფრონტზე“ – ეს არის 100%-ით სიცრუე

April 7, 16:37
0
274

ისევ ვიტყვი, როგორც უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს არის 100 პროცენტით სიცრუე, აბსოლუტური ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აღიქვამენ თუ არა თავდასხმად მმართველი პარტიის განცხადებებს, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა სურდეს შეერთებულ შტატებს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება.

„ჩვენ 30 წელია ვცდილობთ დაგეხმაროთ, გავაძლიეროთ თქვენი შესაძლებლობა, დაიცვათ საკუთარი საზღვრები, ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ თქვენი უსაფრთხოება და დაცულობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან მუშაობის გზით, სანაპირო დაცვასა და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობის გზით. რატომ დავაყენებთ საქართველოს რისკის წინაშე? ჩვენ ძალიან სენსიტიურები ვართ იმ პოზიციის მიმართ, რომელშიც საქართველო იმყოფება, როცა თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია ისეთი აგრესორისგან, როგორიც რუსეთია. ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხაროა, როდესაც გვესმის ეს სიცრუე, ეს შეთქმულების თეორიები, რომელსაც ზოგჯერ მმართველი პარტიის წევრებიც იმეორებენ. ეს ძალიან შემაშფოთებელია, მათ იციან, რომ ეს არის 100 პროცენტით ტყუილი“, – განაცხადა ელჩმა.

Cesko