რაც ხდებოდა სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, როდესაც საუბრობდნენ კლანზე და შეტევა ხორციელდებოდა სასამართლო სისტემაზე, ამ მომენტისთვის ემზადებოდნენ – ფიქრობდნენ, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, მოხდებოდა მისი დისკრედიტაცია და შესაბამისად, ხდებოდა ჩვენი დისკრედიტაცია, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ახლა დაგვიწესეს სანქციები და ამ დისკრედიტაციაში სულ იხარჯებოდა აშშ-ის საელჩოს ფული. მათ აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ სასამართლო სისტემაში მე მაქვს ლიდერის როლი, რომ მოსამართლეები გააერთიანოს საერთო მიზნის გარშემო. რა თქმა უნდა, მოსამართლეები არიან დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში, მაგრამ როცა მოსამართლეს ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ, მათ რომ ერთი აზრი ჰქონდეთ, აქ გასაოცარი არაფერია. მე ვარ „მოსამართლეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე. სასამართლო სისტემაში ვიცნობ ყველა მოსამართლეს და ყველასთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. და ისინი [აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები] ფიქრობენ, რომ თუ ამ მენეჯმენტს დისკრედიტაციას გუკეთებენ და იტყვიან, რომ მურისიძე არის კორუმპირებული, ამით მოხდება სასამართლო სისტემაში ბზარის შეტანა“, – განაცხადა მურუსიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.