ჟურნალისტი, მთარგმნელი თეა გვასალია:
„პეკინზე „საქართველოს ბანკის“ ორი ფილიალია, 14 ნომერში და 16-ში. პირველში ბევრი ოპერატორი და მშვენიერი მომსახურებაა, მეორე, ექსპრეს ბანკია, ორი ან ერთი ოპერატორი მუშაობს და მუდმივად რიგებია. ამიტომ, ტყუპებისთვის ე.წ. „სულ ქარდი“ ანუ სასკოლო ბარათი რომ შევუკვეთე, გარკვევით მივუთითე, რომ პეკინის 14 ნომერში მინდოდა აღება. მაგრამ საქართველოს ბანკიდან მესიჯი მომივიდა, გინდა თუ არა ექსპრეს ბანკში უნდა მიხვიდე ბარათების ასაღებადო. ორჯერ მივედი და ჩემი მწირი მათემატიკითაც კი მივხვდი, რომ თუ ერთი ოპერატორი (მეორე არ იყო), თითო კლიენტს საშუალოდ 5 წუთს ანდომებდა, ჩემს წინ კი 9 კაცი იდგა, სულ ცოტა, 45 წუთი მომიწევდა რიგში დგომა. 45 წუთი თვისუფალი დრო სამუშაო დღეებში ბოლოს როდის მქონდა, არც მახსოვს, ამიტომ დავრეკე ბანკში და ვითხოვე ან პეკინის 14-ში გადაეტანათ ბარათები, ან კურიერს მოეტანა სახლში, ცხადია დამატებითი თანხის გადახდის შემდეგ. სახლში მოტანა აღარ შეიძლებაო, მითხრა ძალიან თავაზიანმა გოგონამ, ერთი ფილიალიდან მეორეში გადატანა, კი ბატონო, მაგრამ ამას 5 სამუშაო დღე დასჭირდებაო. მე შევახსენე, რომ ეს ორი ფილიალი 30 მეტრით იყო დაშორებული ერთმანეთისგან, მაგრამ კარგად დატრენინგებულმა ნინომ თავაზიანი უარით გამისტუმრა. ოპერატორს არაფერს ვერჩი, რაც ასწავლეს, ის გაახმოვანა, მაგრამ საქართველოს ბანკი • Bank of Georgia იმასაც არ გეკითხებით, რა ლოგიკით და გაანგარიშებით სჭირდება 30 მეტრის გავლას 5 დღე. შეკითხვა სხვაა. რა კანონი და შინაგანაწესი გაქვთ ასეთი, რომ არაფრით არ შეიძლება, იგივე კურიერმა, „ექსპრეს ბანკიდან“ რომ გამოიტანს ბარათებს, იმ ხუთ დღეს, 30 მეტრის გასავლელად რომ დასჭირდება, ერთი დღეც დაუმატოს და მეექვსე დღეს მაინც სახლში მომიტანოს??? სულ სამასიოდე დამატებითი მეტრის გავლა მოუწევს, მეტი კი არა.“