შალვა პაპუაშვილი სალომე სამადაშვილს – ქალბატონო სალომე, ბოღმის ერთი წუთი გექნებათ მოგვიანებით

April 4, 14:14
0
1058

ქალბატონო სალომე, ბოღმის ერთი წუთი გექნებათ მოგვიანებით, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს.

შალვა პაპუაშვილმა ამ რეპლიკით სამადაშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ხოლო განცხადების შინაარსს სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა.

თავის მხრივ მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რომელსაც მისივე თქმით, ხელის შემშლელები ჰყავს.

„ცრუ კამპანიები, რაც აწარმოეთ ყველა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უკან დაგიბრუნდათ ერთი მიზეზით, ქართველი ხალხის მოტყუება არის ძალიან რთული, ამიტომ, შეეშვით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის ბრძოლის იარაღად გამოყენებას“, – განაცხადა ოპოზიციის მისამართით მაკა ბოჭორიშვილმა.

„ქალბატონო სალომე, თქვენ, თქვენს გამოსვლაში, ერთ-ერთ ბრალდებულს გადაუხადეთ მადლობა. მე მაინტერესებს, თუ დადასტურდა, რომ ამ ადამიანმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა სხვა ადამიანს, მადლობას გადაუხდით თუ არა“, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში პარლამენტს წევრს სალომე სამადაშვილს, რომელმაც თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურება ედება ბრალად.

პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა, სალომე სამადაშვილი გადაუხდიდა თუ არა დაკავებულს მადლობას იმ შემთხვევაშიც, თუ დადასტურდებოდა, რომ მან სამართალდამცველის ცოცხლად დაწვა სცადა.

„მაინტერესებს, თუ დადასტურდა, რომ ამ ადამიანმა ბენზინი გადაასხა სხვა ადამიანს და ცეცხლი წაუკიდა, გადაუხდით თუ არა მადლობას ხვალ. მიპასუხეთ კი თუ არა. ანუ არ გაქვთ ამაზე პასუხი. ქალბატონო სალომე, კითხვის არსი ხომ გესმით?

შეგიძლიათ გაიგოთ კითხვა. ანუ არ მპასუხობთ, თქვენი მთელი ფარისევლობა, სწორედ ამაშია, რომ ამ შეკითხვას არ პასუხობთ. თუ დადასტურდა, რომ მან ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა მეორე ადამიანს, თქვენ მაინც მადლობას გადაუხდით იმიტომ, რომ სწორად გადაასხა ბენზინი და სწორად წაუკიდა ცეცხლი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Cesko