„მექმნება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის ჩანაცვლება არახამიათი უნდათ, ყოველ შემთხვევაში, არახამია მზადდება რაღაცა უფრო სხვა მისიისთვის“

0
685
59 Views

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი.

კიდევ ერთი განკარგულებით გენერალურ პროკურორად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსეი სიმონენკო დანიშნა.

უკრაინელი მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი მწვავედ გამოეხმაურა ივანო-ფრანკოვსკის მერის, რუსლან მარცინკოვის ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს. ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, ფრთხილად იყვნენ საინფორმაციო სფეროში და არ დაიჯერონ რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ცნობები.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ასახელებს იმ სამ მიზეზს, რის გამოც უკრაინაში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა.

„უკრაინაში ნელ-ნელა იწყება ის პროცესი, რომელსაც ამერიკაში თავის დროზე დაარქვეს „ნადირობა ალქაჯებზე“. შთაბეჭდილება იქმნება, რომ განტევების ვაცები იპოვონ. მეორე – აშშ-ს კონგრესმენ ვიქტორია სპაცმის მიერ წამოწყებული საგამოძიებო მცდელობაა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირებში დაადანაშაულოს. მესამე მიზეზი ბორის ჯონსონის გადადგომას ეხება. სიუპრიზი არავისთვის არის, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში დიდ ბრიტანეთს პრეზიდენტ ზელენსკიზე, მის ადმინისტრაციაზე და მათ შორის ძალოვან სტრუქტურებზეც კი დიდი ზეგავლენა ჰქონდა. გამორიცხული არ არის, ბორის ჯონსონის გადადგომასთან ერთად, ბრიტანეთის ეს ზეგავლენა შესუსტდა და გამოთავისუფლებული პოზიციებმა აშშ-ს ადმინისტრაციის მხრებზე გადაინაცვლა. დღეს, უკვე შესაძლოა, ამერიკა კარნახობს ვოლოდიმერ ზელენსკის თამაშის წესებს“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დავით არახამია გათავისუფლებულთა სიაში ვერ მოხვდება, თუმცა, შესაძლოა, უკრაინაში ის მორიგი მიხეილ სააკაშვილად მოგვევლინოს. ასევე ქართველიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ სიაში ადეიშვილი მოჰყვეს.

„ნაკლებად მჯერა, რომ ამ სიაში დავით არახამია მოხვდეს. როგორც ჩანს, არახამიაზე უკრაინაში სულ სხვა ფსონია დადებული. ასევე მექმნება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლება არახამიათი უნდოდეთ. მიხეილ სააკაშვილი, როგორც ლიდერი, ვეღარანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს, მასზე ხელი დასავლელმა პარტნიორებმაც ჩაიქნიეს. ყოველ შემთხვევაში, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არახამია მზადდება რაღაცა უფრო სხვა მისიისთვის. რაც შეეხება ზურა ადეიშვილს, უკრაინიდან ინფორმაცია მოდის, ჯერჯერობით, კულუარული, ირინა ვენედიქტოვასთან ერთად, მასაც რეპრესიები შეეხოს“, – განუცხადა დავით ქართველიშვილმა for.ge-ს.

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი უკრაინაში საკადრო ცვლილებებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

„ზელენსკის მხრიდან მაღალჩინოსნების გათავისუფლება ორი რამით იხსნება. პირველი – თავის მოვალეობას ბოლომდე ვერ ასრულებდნენ. მეორე – აღნიშნულ სამსახურებში გარკვეული რუსული გავლენები დაფიქსირდა. ყველაფერი დახურულ სიტუაციაში ხორციელდება და ნამდვილ მიზეზს ვერ გავიგებთ“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.

Cesko