გვეუბნებიან, რომ ამორალურობა პროგრესულობაა, ახალგაზრდობა გამოცდილებაა. გვეუბნებიან, რომ ხალხის ნებას გამოხატავს არა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება, რომელსაც მანდატი მილიონმა ამომრჩეველმა მიანიჭა, არამედ ქართველი ხალხია გიგაური და ლომჯარია, რომლებმაც მანდატი ოკეანის გაღმა მიიღეს, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი თავის წერილში წერს.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ნამდვილი სინამდვილე, სადაც მშვიდობა მშვიდობაა და ომი და მეორე ფრონტი ცუდია, სადაც თავისუფლება თავისუფლებაა და მონობა და აგენტობა ცუდია, სადაც გონიერება გონიერებაა და უმეცრება და გამოუცდელობა ცუდია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლებმაც საქართველოს 90-იან წლებში სამი ომი და ეკონომიკური კოლაფსი მოუტანა. გავიმეორებთ იმ შეცდომებს, რომლის შედეგადაც სააკაშვილის ხელით მართულმა აგენტოკრატიამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა და შემდეგ, ევროსაბჭოს რეზოლუციით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია სამართლებრივადაც გაუფორმა. გავიმეორებთ შეცდომებს, რომელიც საქართველოს გარდაუვალ უკრაინიზაციას, ანუ 90-იანი წლების უმძიმეს წარსულში საქართველოს დაბრუნებას გამოიწვევს. გამოუცდელობითა და ემოციური ირაციონალიზმით, ქართულმა საზოგადოებამ წარსულში უკვე დაუშვა უმძიმესი შეცდომები, რომელთა ხელმეორედ დაშვებას მომავალი თაობა არ გვაპატიებს“, – წერს შათირიშვილი.