კუდიანებზე ნადირობა მძიმე დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს – დონალდ ტრამპი

0
249
33 Views

„ეს კუდიანებზე ნადირობა მძიმე დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს“, – ასე გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისთვის ნაფიცი მსაჯულების მიერ ბრალის წაყენებას.

„ვფიქრობ, რომ ეს კუდიანებზე ნადირობა ძლიერ დარტყმას მიაყენებს ჯო ბაიდენს. ამერიკელი ხალხი კარგად ხვდება, რას აკეთებენ აქ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები. ყველა ხედავს ამას. ამიტომ ჩვენი მოძრაობა და პარტია არის ძლიერი და ერთიანი. ჩვენ ჯერ ელვინ ბრეგს დავამარცხებთ, შემდეგ კი ჯო ბაიდენს. ჩვენ ვაპირებთ, თითოეული ეს ცრუ დემოკრატი ოფისებიდან გავაძევოთ იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

რაში ადანაშაულებენ ტრამპს?

2016 წელს პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსი მედიასაშუალებებს დაუკავშირდა და 2006 წელს ტრამპთან ინტიმური რომანის შესახებ ისტორიის გაყიდვა შესთავაზა.

ტრამპის გუნდმა ამის შესახებ გაიგო და მისმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს გაჩუმებისთვის 130 000 დოლარი გადაუხადა.

ეს ქმედება უკანონო არ არის, თუმცა თანხის გადახდის ჩანაწერში ნათქვამია, რომ ეს თანხა ადვოკატის იურიდიული მომსახურებისთვის იყო გადახდილი. პროკურორები აცხადებენ, რომ ეს ტრამპის ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებაა, რაც ნიუ-იორკის კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

პროკურორებს ასევე შეუძლიათ განაცხადონ, რომ ეს არღვევს საარჩევნო კანონს, რადგან ტრამპის მიერ პორნოვარსკვლავისთვის გადახდილი თანხის დამალვის მცდელობა მოტივირებული იყო იმით, რომ მას არ სურდა, ამომრჩევლებს მისი რომანის შესახებ გაეგოთ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში სისხლის სამართლის საქმეზე ასეთი დევნის პრეცედენტი არ არსებობს და წარსულში პოლიტიკოსებისთვის მსგავსი სახის ფინანსური მაქინაციების გამო სასჯელის დაკისრების მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.

ცნობისთვის, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას.

Cesko