ყველაფერს ითმენდა ქართველი კაცი, მაგრამ საკუთარი რწმენისა და ეკლესიის შეურაცხყოფას არ ითმენდა და ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. ძალიან ცუდად დაამთავრებენ, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
იგი ბოლო დღეებში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მსოფლიო პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, შეურაცხმყოფელია ის, რასაც პატრიარქის აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით ისმენს.
„ცეცხლს ეთამაშებიან, დაანებონ თავი ქართული ეკლესიის შეურაცხყოფას. ნუ ურევენ ერთმანეთში საეკლესიო წესდებებსა და თემებს, საეროსთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თავი დაანებონ. პირველ რიგში, წერეთლებსა და „ჭუტებს“ მინდა ვუთხრა: თავი დაანებონ ცეცხლთან თამაშს, რადგან ეს გამოიწვევს საქართველოში ძალიან დიდ ვნებათაღელვას. ამას ქართველი ხალხი არ მოუთმენს!
მონღოლების ბატონობა გვახსოვს, სპარსეთის, თურქეთის, არაბების, რუსეთის, ვისი არ გვახსოვს! ყველაფერს ითმენდა ქართველი კაცი, მაგრამ საკუთარი რწმენისა და ეკლესიის შეურაცხყოფას არ ითმენდა და ცეცხლს ნუ ეთამაშებიან. ძალიან ცუდად დაამთავრებენ. ქართველი კაცი ყველაფერს მოითმენს, მაგრამ დედა ეკლესიისა და რწმენის გინებას ვერ მოითმენს. გავახსენებ მათ, რომ 100 ათასმა ქართველმა თავი დადო მეტეხის ხიდთან და ეს ქართველებმა კი არ დაწერეს, ეს წერია სპარსულ წყაროებში. ყაზახამდე წითლად მიდიოდა მდინარე და ეს ამათ ნუ დაავიწყდებათ ამ მანქურთებს, რადგან ცუდად დაუმთავრდებათ. დაანებონ თავი ქართულ ეკლესიას“, – განაცხადა ხაინდრავამ.