“ხტომისას ხშირად საზრდელი ზონები ზიანდება, რაც შემდგომ პრობლემებს ქმნის…” – რა საფრთხეს შეიცავს ბავშვებისთვის გასაბერ ბატუტზე ხტომა

0
497
16 Views

ხშირია შემთხვევები, როდესაც, ერთი შეხედვით, უწყინარი გასართობი – გასაბერი ბატუტი დიდი საფრთხის შემცველი ხდება და მასზე ხტუნვას ძვლის მოტეხილობების გარდა, თავისა და კისრის დაზიანებებიც თან ერთვის. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა – ბათუმში ძლიერმა ქარმა გაიტაცა ბატუტი და შიგნით მყოფი ერთი ბიჭუნა გარდაიცვალა, მისი უმცროსი ძმა კი კვლავ კლინიკაში იმყოფება.

კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური გასართობი სივრცეებისა და აქტივობების უსაფრთხოება. “იმედის დღის” ეთერში ბატუტის უსაფრთხოების შესახებ სპეციალისტმა ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ ტრავმის საშიშროება მცირე ასაკში იმდენად დიდია, ამერიკის ორთოპედთა ასოციაციამ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ბატუტის გამოყენება აკრძალა. ამერიკაში ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ თემას მასშტაბური კვლევა მიუძღვნეს. გადახედეს სტატისტიკას და საზოგადოებას მოუწოდეს, ნუ ენდობიან ბრმად ბატუტებს, რომლებიც გასართობ პარკებში, მით უმეტეს, სახლის ეზოებში დგას.

ორთოპედ-ტრავმატოლოგიბიძინა კანაშვილი არსებულ საფრთხეებზე საუბრობს:

– როგორც წესი, კანის ზედაპირული ტრავმები, ალერგია გვხვდება, მაგრამ ჩვენთან მოდიან პაციენტები, რომლებსაც ღრძობა ან მოტეხილობა აღენიშნებათ. მოტეხილობა კიდურის ზედმეტი გადაშლითაა გამოწვეული. ბავშვებს უხარიათ, როდესაც ხტომისას უფრო მეტ პოტენციალს ავლენენ და ფიქრობენ, რომ დამატებითი ძალა შეიძინეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ბატუტზე მხოლოდ ერთი ბავშვი უნდა იყოს, რაც მეტია ბავშვი, მით მეტია დაზიანების საფრთხე. ამერიკის ორთოპედთა ასოციაციამ მკაცრი რეკომენდაცია გამოაქვეყნა, რომ ბატუტი 6 წლამდე აკრძალულია. მიზეზი ისაა, რომ ამ ასაკში ბავშვების ძვლები ძალიან რბილია. ხტომისას ხშირად საზრდელი ზონები ზიანდება, რაც შემდგომ პრობლემებს ქმნის. მაგალითად, იწვევს კიდურის არათანაბარ ზრდას, ან საერთოდ ზრდაში ჩამორჩენას.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ბატუტის კონსტრუქციის სიმყარე და მონტაჟი ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ სად დგას ბატუტი. აუცილებელია სწორი, მყარი ზედაპირი და გარშემო თავისუფალი ადგილი, ნაკლებად ახლოს ხეებთან. აუცილებელია უსაფრთხოების ბადეები და ბალიშები. ბადის დასამაგრებელი რკინები კი მთლიანად უნდა იყოს დაფარული, რათა ბავშვები ხტუნვისას მათ რბილად შეეხონ. სპეციალისტების რეკომენდაციით, უნდა განისაზღვროს იმ ბავშვების რაოდენობაც, რომლებიც ბატუტზე იმყოფებიან, რადგანაც დაშავების რისკი დგება მაშინ, როდესაც რამდენიმე ბავშვი ერთდროულად ხტუნავს.

არსებული რეგულაციით, სავალდებულო ინსპექტირებას ატრაქციონის მხოლოდ ის ნაწილი ექვემდებარება, რომელიც მომატებული საფრთხის შემცველი ობიექტების კატეგორიაში შედის. საუბარია ე.წ. ექსტრემალურ ატრაქციონებზე, რომლებსაც 2 წელიწადში ერთხელ აკრედიტებული ორგანო ამოწმებს. ამ ჩამონათვალში ბატუტი არ შედის ისევე, როგორც მარტივი კონსტრუქციის ატრაქციონები. ამიტომ, სპეციალისტები სავალდებულო შემოწმებას დაქვემდებარებული გასართობი ობიექტების ჩამონათვალის გაფართოებას ითხოვენ.

Cesko