რამდენიმე დღის წინ კვლავ იყო ამ თემის აქტუალიზების მცდელობა და ითქვა, თითქოს დაქოქილია თვითმფრინავი, რომელშიც სხედან პოლონელი ექიმები და მათ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან – ეს მტკნარი სიცრუეა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მერე ასევე ითქვა, რომ დიპლომატების მიერ განხორციელებული დემარშის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რაც ასევე ტყუილია. ჯერ კიდევ გასული წლის 29 ნოემბერს გავაკეთეთ განცხადება და შევთავაზეთ მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომ ჩამოეყვანა ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, თუმცა, ამის შესახებ ჩვენთან არაფერი შემოსულა და მხოლოდ გუშინწინ შემოგვივიდა წერილი გიული ალასანიასგან, რომელიც შეიცავდა ხარვეზებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მას წერილობითაც ვუპასუხეთ და ასევე შედგა ზეპირი კომუნიკაცია, სადაც მას აუხსნეს, თუ რა მოქმედებებია გასატარებელი უცხოელი ექიმების შემოსაყვანად მკურნალობის მიზნით. პირველ რიგში. მათ უნდა წარმოადგინონ ექიმების სია, რომლებსაც ექნებათ საქართველოში საექიმო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია და ამის შემდგომ, შემჭიდროებულ ვადებში, პენიტენციური სამსახური იმსჯელებს კლინიკაში მათ დაშვებასთან დაკავშირებით. დღევანდელ დღემდე მსგავსი ტიპის გამართული მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროში არ შემოსულა. შესაბამისად, ვერ ვიმსჯელებთ ვერც ერთი ექიმის შეყვანაზე. ესეც არის მიმდინარე კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სპეკულაცია იყოს, რომ თითქოს ვინმეს არ უშვებენ“, – განაცხადა მინისტრმა.