„ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ხელი მოაწერა რიგ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ ქვეყნებს შორის ორმხრივ პარტნიორობას, აგზავნის სიგნალს, რომ ჩინეთი მზად არის, რუსეთს მხარი დაუჭიროს“, – ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის დემონსტრირება ძალიან შემაშფოთებელია.
„მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების მტკიცებულება არ არსებობს, სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში და მისი შეხვედრა რუს დიქტატორ პუტინთან არსებითად იქცა მხარდაჭერის დემონსტრირებად, რაც თავისთავად ძალიან შემაშფოთებელია.
თუ ჩინეთი რუსეთს მატერიალურ დახმარებას გაუწევს, ეს პოტენციურად იმოქმედებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაგრძელებაზე და გააფართოებს მის გავლენას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ოსტინმა.