Beauty Lab-ის დამფუძნებელი, ქეთა ბაღაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბავშვობის ისტორიას იხსენებს:
“ბევრი წლის წინ, როცა ვიყავი 7 ან 8 წლის, სახლის წინ მეზობელ ბავშვებთან თამაშისას ქუჩაზე ჩამოიარა ერთმა მაღალმა კაცმა. თითქმის 20 წელი გავიდა და მაინც გუშინდელივით მახსოვს, როგორ უხდებოდა გრძელი შავი პალტო და “შლიაპა”. ისეთი მოვლილი და კარგად ჩაცმული იყო, მაშინვე მიიქცია ყურადღება. ეგეთი კაცები არ დადიოდნენ ხოლმე ჩვენთან უბანში. ჩავთვალე, რომ ვინმე იმაზე უფრო “მაგარი” უნდა ყოფილიყო, ვიდრე ისინი, ვისაც აქამდე ვხედავდი. მოგვიახლოვდა ეს კაცი, თავისი ფოტოაპარატი ამოიღო ლამაზი ჩანთიდან და სურათების გადაღება გვთხოვა, უარი არ მითქვამს, ჩემს მეგობართან ერთად შემაღლებულ ბეტონის კონსტრუქციაზე ავძვერი და ვიპოზიორე. მერე დაწვრილებით გამომკითხა, სად ვცხოვრობდი, სად ვსწავლობდი. რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ ჩემი სკოლის გვერდით სასტუმროში ცხოვრობდა. დეტალურად აღვუწერე, სად იყო ჩემი საკლასო ოთახი, ჩემი სახელი და გვარი, ჩემი დამრიგებლის სახელი და გვარი და როგორ უნდა მოვეძებნე, შემოეღო საკლასო ოთახის კარი, ჩემი სახელი გამოეთხოვა დამრიგებლისგან, გამოვეყვანე ოთახიდან და სურათები მოეცა. სასტუმროშიც დამპატიჟა თავისთან, მაგრამ იქ წასვლას როგორ გავბედავდი, დედას არ უყვარდა უცხო ადამიანებს რომ ვუახლოვდებოდი.
ალბათ, ერთი წელი კლასში ჯდომისას თვალი კარისკენ მეჭირა და ველოდებოდი, როგორ შემოაღებდა მაღალი, შავ პალტოში და “შლიაპაში” გამოწყობილი ჩემი უფროსი მეგობარი ოთახს და ჩემს სახელს იკითხავდა, როგორ დააღებდნენ ჩემი კლასელები პირს, როგორ მოვიწონებდი უფროსი მეგობრით თავს, როგორ ვაჩვენებდი ყველას, მათ შორის ოჯახს, რომ დამოუკიდებლად შემეძლო მეგობრების და თანაც ისეთი მეგობრების გაჩენა, რომლებიც სურათებსაც მიღებდნენ და მერე ეს სურათები ჩემთან სკოლაში მოჰქონდათ. არ გამოჩნდა ის კაცი, ის სურათებიც არასდროს მინახავს, თუმცა, რამდენჯერაც სკოლის შემდეგ ჩავუვლიდი მის სასტუმროს კლასელებთან ერთად, წავიტრაბახებდი ხოლმე, აქ ჩემი მეგობარი ცხოვრობს-მეთქი.
ბავშვებზე წერთ, რომ გულუბრყვილოები არიან. გულუბრყვილო კი არა, ინტერესიანები არიან. მე ახლაც ასეთივე ინტერესი მაქვს ადამიანების, როგორც მაშინ. ახლაც ისევე მიყვარს უცხო ადამიანებთან საუბარი, როგორც მაშინ. რა თქმა უნდა, გავიზარდე და ვისწავლე მათი ზრახვების ამოცნობა, და მაშინ ნაკლებად კრიტიკული იყო ჩემი ფიქრის პროცესი. იმას კი ვხვდებოდი, რომ მანიაკივით არ გამოიყურებოდა.. სუფთა შავი პალტო ეცვა და “შლიაპა” ეხურა. მაშინ არ ვიცოდი, რომ ცუდი ბიძიები ყველანაირ სამოსში, ყველა ფორმაში და ყველა სახელის უკან იმალებიან. რთულია იდეების ცდუნებებს გაუძლო, რომლებიც აღგაფრთოვანებს. მე ახლაც მიჭირს უარი ვთქვა ქუჩაში უმისამრთოდ მოსიარულე ადამიანებთან საუბარზე. მაინტერესებს. ზუსტად ეგრე მაინტერესებდა 6 წლის რომ ვიყავი. სულელი არ ვიყავი. კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარე ვიყავი. და რთულია, როცა პატარა ხარ და სამყაროს ყველა ბოჭკოთი სათითაოდ შეიცნობ, უარი თქვა იმაზე, რაც უამრავ კითხვაზე მოგიტანს პასუხს.
წლების მერე ბევრჯერ მივუბრუნდი ამ ამბავს და ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, ამ კაცს მეტი სითამამე რომ გამოეჩინა, ან მე-ნაკლები სიფრთხილე. რა მოხდებოდა სკოლის წინ რომ დამხვედროდა ოდესმე, ან ვინ იცის, იქნებ მდგარა კიდეც რომელიმე ხის უკან უჩუმრად და დამკვრვებია. რა მოხდებოდა, იმ დღეს მეგობართან ერთად რომ არ ვყოფილიყავი ეზოში.. რა მოხდებოდა დედას რომ არ დაერიგებინა ჩემთვის ჭკუა… რა მოხდებოდა.. რა მოხდებოდა…”