“შეიძლება პაციენტი წლების განმავლობაში ვერ მიხვდეს, რომ ცუდადაა და სიმპტომები გადაღლას დაუკავშიროს” – რა ნიშნებით შეიძლება ამოიცნოთ რკინადეფიციტური ანემია

0
442
138 Views

ჰემატოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა ლოლაშვილი გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს, რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ რკინადეფიციტური ანემია და როდის უნდა მივიტანოთ ამ დაავადებაზე ეჭვი:

– ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ რკინადეფიციტური ანემია მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებად დაასახელა. მათ შორის, კვებითი დარღვევებით გამოწვეულ დაავადებათა შორისაც მას პირველი ადგილი უკავია. არანაკლებ მნიშვნოლოვანია, ვიტამინ B12-დეფიციტური ანემია, რომელსაც ადრე ავთვისებიან ანემიას უწოდებდნენ და 100 წლის წინ ამ დაავადებით ადამიანები იღუპებოდნენ იმიტომ, რომ ექიმებმა არ იცოდნენ, რაში იყო საქმე. რკინადეფიციტური ანემია არის სინდრომი, რომელიც ძალიან ბევრ დაავადებას თან ახლავს და სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, ის ძალიან ნელა ვითარდება და პაციენტები ზოგჯერ ჩვენთან ძალიან მძიმე ანემიით ისე მოდიან, რომ თვლიან, რომ არაფერი აწუხებთ. სიმპტომებს კი უკავშირებენ ასაკს, ფიზიკურ დატვირთვას, სეზონს და ასე შემდეგ. ამიტომ, პაციენტებს სულ ვთხოვ ხოლმე, რომ სისხლის საერთო ანალიზი ჩაიტარონ. ეს არ არის ისეთი რთული ანალიზი, რომლის ჩატარებასაც ვერ შეძლებენ. ასაკოვან ადამიანებს, პენსიონერებს სახელმწიფოც კი უფინანსებს. სისხლის საერთო ანალიზით შეიძლება ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღოთ არა მარტო ანემიაზე, არამედ სხვა დაავადებებზეც. რაც შეეხება, კონკრეტულად ანემიის ჩივილებს, როგორც გითხარით, შეიძლება ზოგჯერ პაციენტი ვერც მიხვდეს, რომ ცუდადაა და წლების განმავლობაში მათი სიცოცხლის ხარისხი არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

ზოგადი ჩივილებია: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა, კანის სიმშრალე, ყლაპვის გაძნელება, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, იმუნიტეტის დაქვეითება. ერთ-ერთი სიმპტომია, რომლის მიხედვითაც, შეიძლება, პაციენტმაც კი შეაფასოს დიაგნოზი – ეს პიკახლოროტიკა, გემოვნების გაუკუღმართებაა, რომელიც განსაკუთრებით ხშირად ბავშვებსა და ქალებში გვხვდება, რაც შემდეგი მდგომარეობით გამოიხატება: შეიძლება, ადამიანებს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდეთ, რომ მიირთვან ცარცი, მიწა, კენჭები, უმი ხორცის ფარში, მოუხარშავი ბურღულეული და ეს დაუძლეველი სურვილია. ზოგჯერ ეს შეიძლება საკვებიც იყოს. გარკვეულ საკვებზე არაბუნებრივი მოთხოვნილება ჰქონდეთ. სულ უნდათ, რომ რაღაც საკვები მიიღონ. ეს ყველა შემთხვევაში რკინის დეფიციტზე მიუთითებს. ზოგჯერ პოპულარულ ლიტერატურაში აღნიშნულ ნიშნებს ხან კალციუმის ნაკლებობას მიაწერენ. მაგრამ, პიკახლოროტიკა საგანგაშო ზარია, რომ ადამიანს რკინის დეფიციტი აქვს. როგორც კი დეფიციტი გასწორდება, პიკახლოროტიკაც წყდება.

Cesko