საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მმართველი გუნდის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს „რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ტიპი“ უწოდა.
როგორც მარგველაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილი სავარაუდოდ რთული არჩევანის წინაშე დადგება.
„ივანიშვილი სავარაუდოდ რთული არჩევანის წინაშე იქნება, იმიტომ რომ ეს არჩევანი დაიძაბება როგორც საქართველოს, ასევე დასავლეთის და მოსკოვის მხრიდან. იმიტომ რომ ერთი მხრივ მოსკოვი მიაწვება, მეორე მხრივ დასავლეთი. ყველაზე მნიშვნელოვნად ის ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. ვფიქრობ, ის შეეცდება ფანდების ჩატარებას. ივანიშვილი ვაჭრობაში ყველას ჯიბეში ჩაისვამს“, – აცხადებს მარგველაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე ივანიშვილი რუსი ოლიგარქია? მარგველაშვილის თქმით, ეს ბუნებრივია.
„მე ვიცი რომ რუსეთში იშოვა ფული, მაგრამ შემდეგ თქვა, რომ დავთმე ყველაფერიო. მე არ ვიცი… ხო, ბუნებრივია, ოლიგარქი ოღონდ, ისე არ გამომივიდეს რომ იურიდიულად შემეშალოს… რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ტიპია“, – აცხადებს მარგველაშვილი.
„ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ სადარაჯოზე და მუდმივად უნდა ვაკვირდებოდეთ, აბა, კიდევ სადმე რუსეთისკენ გადახვევას ხომ არ აპირებენ“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში მმართველ გუნდზე საუბრისას განაცხადა.
მარგველაშვილის განცხადებით, განვითარებულმა პროცესებმა თვალნათლივ მოახდინა „ოცნების“ ლუსტრაცია.
„ბუნებრივია, მე სულ მაქვს იმის მცდელობა, რომ ჩემი პოზიცია ოპოზიციას გავუზიარო და შევეცადო რომ პროცესები ისე წარიმართოს როგორც მე ვფიქრობ რომ არის კარგი და სწორი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება. ამას ვცდილობდი 2020 წელს, 2021 წელს… პოზიციას ვაფიქსირებ ღიად.
დღეს მთავარი მიზანი არის არჩევნებამდე მისვლა და ჩვენება იმისა, არჩევნები რომ ჩატარდება სტაბილურობა იქნეს შენარჩუნებული ამ ქვეყანასა და რეგიონში, იმიტომ რომ ეს აღელვებს საქართველოს მოქალაქესაც და ჩვენს პარტნიორებს.
ამ დღეებმა სრულიად თვალნათლივ მოახდინა „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია, როგორც ქართული საზოგადოების თვალში, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ლუსტრაცია იმ თვალსაზრისით რომ ეს არის არაევროპული კი არა, ელემენტარულად რუსული პოლიტიკური დღის წესრიგით მცხოვრები ძალა და მეორე – ისინი არ არიან მოლაპარაკების უნარის მქონე.
არავის მათი არ სჯერა. როდესაც თქვეს, რომ „ჩვენ ამას შევცვლით“, მიტინგი არ დაიშალა. 5-6 საათის რეჟიმში არ ენდნენ მათ. ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ სადარაჯოზე და მუდმივად უნდა ვაკვირდებოდეთ, აბა, კიდევ სადმე რუსეთისკენ გადახვევას ხომ არ აპირებენ“, – აცხადებს მარგველაშვილი.