კრიზისი გადალახულია, ახალგაზრდობა მზადაა გადაიბაროს ძალაუფლება და გახდეს პოლიტიკური სივრცის ნამდვილი ლიდერი – გია ხუხაშვილი

0
280
24 Views

„კრიზისი გადალახულია, ახალგაზრდობა ჩვენზე უკეთ არის მზად იმისათვის რომ გადაიბაროს ძალაუფლება და საერთოდ გახდეს პოლიტიკური სივრცის ნამდვილი ლიდერი“, – ამის  შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა განაცხადა.

ექსპერტის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა გამოაცოცხლა პოლიტიკური პროცესი და გააღვიძა  ახალგაზრდობა.

მისი თქმით, ახალგაზრდობამ უფროს თაობას მომავლის იმედი გაუჩინა.

„კრიზისი გადალახულია, ქვეყანა დაბრუნდა ნორმალური, ცივილიზებული ევროპისკენ მიმავალ გზაზე. კრიზისები, რა თქმა უნდა, ცუდია, ისინი დრამატიზმით არის აღსავსე, მაგრამ ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, ზუსტად კრიზისები იძლევა გარკვეულ შესაძლებლობებს, გარკვეული სარკმელი იხსნება იმისათვის, რომ ნახტომი გააკეთოს საზოგადოებამ განვითარებისკენ. „ხალხის ძალამ“ და მთლიანად ხელისუფლებამ საზოგადოებას სერიოზული სამსახური გაუწია იმიტომ, რომ ფრონტის ხაზი გახდა ძალიან გამჭვირვალე, გასაგები, მორალური სიცხადე შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში, რამაც გამოაცოცხლა პოლიტიკური პროცესი, გააღვიძა ჩვენი ახალგაზრდობა.

ახალგაზრდობა ჩვენზე უკეთ არის მზად იმისათვის, რომ გადაიბაროს ძალაუფლება და საერთოდ გახდეს პოლიტიკური სივრცის ნამდვილი ლიდერი. მათ ნამდვილად გვანახეს, როგორ არის საჭირო სიბნელესთან ბრძოლა. შედეგი დაიდო, უფროს თაობას გაგვიჩნდა იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მათ უნდა გავუხსნათ სივრცე აქტიურობისთვის. საქართველოს აწმყო და მომავალი მათია და ვფიქრობ, ისინი ძალიან ღირსეულად გადაიბარებენ ამ დროშას“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, ასევე, აცხადებს, რომ საქართველოში პარლამენტარები არ არსებობენ.

მისი თქმით, ქვეყანაში დამყარდება ნამდვილი ევროპული დემოკრატია.

„გარდა ამისა, ამ კრიზისმა აჩვენა რა ხდება პარლამენტში რეალურად. პარლამენტარები არ არსებობენ ფაქტობრივად, მათ ისე მიაღებინეს ეს კანონი, საერთოდ წაკითხულიც  არ ჰქონდათ, უბრალოდ მათ ეუბნებიან რომელ ღილაკს დააჭირონ ხელი. 2-3 დღის შემდეგ მათ მოუწიათ ამის წინააღმდეგ ხმის მიცემა. ეს მეტყველებს არაჯანსაღ მმართველობით სისტემაზე. ასე თანამედროვე ქვეყნები არ იმართება. ჩვენი  საზოგადოება, პირველ რიგში, ახალგაზრდების წინა ხაზზე გაშვებით ამ ყველაფერს ბოლოს მოუღებს და ჩვენს ქვეყანაში დამყარდება ნამდვილი ევროპული დემოკრატია, რომელიც ეფუძნება ინსტიტუტებს და არა პიროვნებებს“, – დასძენს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში.

Cesko