ნანა კაკაბაძე ოპოზიციას – თქვენ დისკომფორტში ხართ ქართველ ხალხთან, ქართულ სახელმწიფოსთან და არა კანონპროექტში ჩანაწერთან

March 6, 14:08
0
266

„თქვენ დისკომფორტში ხართ ქართველ ხალხთან, ქართულ სახელმწიფოსთან და არა ჩანაწერთან, რომელიც არაფერს ნიშნავს, ასე რომ, იქნებ გადახედოთ თქვენს საქმიანობს,“ – ასე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტების მოწინააღმდეგეებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

როგორც ნანა კაკაბაძემ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვისას განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ აყენებს ტერმინი „აგენტი“ შეურაცხყოფას კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს, ვინაიდან თანამებრძოლებთან ერთად, ის არასოდეს გამიჯვნია ტერმინებს „იმპერიალიზმის აგენტები“ ან „დისიდენტები“ – რადგან ფიქრობდნენ, რომ ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდნენ.

„ჩვენ არასოდეს გავმივჯნივართ ამ ტერმინს და არასოდეს გვითქვამს, რომ ჩვენ არ ვართ უცხო ქვეყნის აგენტები და უცხო ქვეყნის გავლენის წარმომადგენლები საქართველოში, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ ვემსახურებოდით ეროვნულ ინტერესებს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ვემსახურებოდით თავისუფალ საქართველოს – საბჭოთა იმპერიისგან საქართველოს გათავისუფლებას. ამიტომ, ეს ჩვენთვის იყო საამაყო და არასოდეს ყოფილა დამამცირებელი. მე ვერ გავიგე, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ იმავე მიზნებს და იმავე საქმეს ემსახურებით, რაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებშია, როგორ შეიძლება არსებობდეს ვიღაცის მიერ მონიჭებული რაღაც ტიტული, რომელიც თქვენ გაყენებდეთ შეურაცხყოფას. ჩვენ არ ვემიჯნებოდით ამ გამოთქმას იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით, ვიყავით სრულ ჰარმონიაში ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ინტერესებთან.“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, არც დასავლელ პარტნიორებს ერიდებოდათ მათი მხარდაჭერის, ვინაიდან ყველა მხარემ იცოდა, რომ მათი საქმიანობა სრულ თანხვედრაში იყო ქართული სახელმწიფოს ინტერესებთან.

ნანა კაკაბაძის შეფასებით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ისინი ქართველ ხალხს წარმოადგენენ, თუმცა, მისივე თქმით, ფაქტები და კანონის მოწინააღმდეგეების რაოდენობა მეტყველებს, რომ მათი და ქართველი ხალხის, ისევე როგორც ქართული სახელმწიფოს ინტერესები სხვადასხვაა.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები, სწორედ ასეთ საქმიანობაში გვიჭერდნენ მხარს და არც მათ ჰქონდათ დისკომფორტი ჩვენი მხარდაჭერისა, უფრო მეტიც, იმ პერიოდის პრეზიდენტი რეიგანი ეუბნებოდა გორბაჩოვს: ნებისმიერ მოლაპარაკებას თქვენთან დავიწყებ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკანასკნელი დისიდენტი დატოვებს ციხეს – ანუ ჩვენ ერთმანეთთან თანამშრომლობის არ გვერიდებოდა.

დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც თქვენც გერიდებათ იმის მტკიცება, რომ წარმოადგენთ ამ ძალას. და ეს ძალაც, რომელიც თქვენ გიჭერთ მხარს და არა სრულიად დასავლეთი, ისინიც გემიჯნებიან და ამბობენ, რომ ჩვენი წარმომადგენლები კი არ არიან, ქართველ ხალხს წარმოადგენენო. თუმცა, ის სტვენა, ქუჩაში რომ მიმდინარეობს და იმ ხალხის რაოდენობა, ბუკს და ნაღარას რომ ურტყამს გარეთ, სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ და ქართველი ხალხი ერთნი ხართ,“ – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

Cesko