„იმ დღემდე ქაჯები მხოლოდ ზღაპრებში მქონდა ნანახი. ვეფხისტყაოსნის ქაჯებზე არ ვსაუბრობ, ეს დიდი პატივი იქნება მათთვის. კუდიან ქაჯებზე ვსაუბრობ, ცოცხებზე რომ სხედან დიდი კბილებით და სადღაც მიექანებიან. ვერ წარმოვიდგენდი, თუკი ოდესმე საქართველოს პარლამენტი ასეთი ისტორიულად სამარცხვინო ფაქტის წინაშე აღმოჩნდებოდა, რომ მისი ოპოზიციური წევრები საკუთარ ამომრჩეველს სულში შეაფურთხებდნენ და ამ სანახაობას მოუწყობდნენ“, – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს.
ის სხდომაზე მომხდარ რამდენიმე ფაქტს იხსენებს.
„სამშობლოს მოღალატეების მეტი რა გვინახავს და წაგვიკითხავს, საქართველოს ისტორია სავსეა მათი სახელებით, მაგრამ ქაჯების სახით არა. ეს ჩანაწერები შევინახე ჩემი შვილისთვის, სტუდენტებისთვის, მომავალი თაობისთვის, რათა ვანახო, თუ როგორი არ უნდა იყოს დეპუტატი, როგორია სახედაკარგული და ღირსებააყრილი ადამიანი. და ეს ყველაფერი არის უსიტყვო მონობის შედეგი. მნიშვნელობა არა აქვს, ვისი მონა იქნები, მთავარია, მონა ხარ.
ალბათ, დღეს რომ საბჭოეთი არსებობდეს, ამ ქალებს ნამგალს და უროს ვერავინ წაართმევდა. არ მოუწიათ იმ დროში ცხოვრება, შემთხვევით ასცდნენ წითელ მონობას და ვინც დღეს ნახეს უფროსი, იმას ემონებიან. მათ უფროსებს კი ავიწყდებათ, რომ მონებმა ერთგულება არ იციან. მათი „ერთგულება“ იქამდე მიდის, სადამდეც მათრახი სწვდებათ. იმ დღესაც გვესმოდა, როგორ წიოდა მათრახის ხმა ზემოდან. რა მოხდა იმ დღეს? ამაზე ვიდეომასალები არის და გამოვაქვეყნე კიდეც.
ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, რომ მე ამას ოდესმე ჩავიდენდი, ალბათ მოვკლავდი. მათგან განსხვავებით, მე ოჯახში ვარ გაზრდილი, მორწმუნე ოჯახში. მაგრამ, შეურაცხყოფის პიკმა გამაკეთებინა ის, რაც მოხდა. არავის ეგონოს, რომ ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ, იმ ხალხს მინდა ავუხსნა, ვინც ჩემგან ამას არ ელოდა. „ხალხის ძალის“ რამდენიმე წევრი დეპუტატების უკანა სკამებზე ვისხედით. წინ იყვნენ სალომე სამადაშვილი და ანნა ნაცვლიშვილი. რამდენიმე საათის განმავლობაში თავზე გვადგნენ, გვლანძღავდნენ, ნაცვლიშვილმა დაგვწყევლა კიდეც. სამადაშვილი იღებდა ვიდეოს და გადაღების დროსაც გვლანძღავდა.
მეც ავდექი და ზუსტად იგივე გავაკეთე, ჩავრთე ტელეფონი და დავიწყე გადაღება კომენტარებით. ჩვენ მათთვის ხმა არ გაგვიცია, ოლიმპიური სიმშვიდით ვითმენდით. მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ გაუძლეს ჩემს კომენტარებს გადაღებისას, წამოვარდა ნაცვლიშვილი და წყალი შემასხა, შემდეგ სამადაშვილმა ტელეფონი გამომგლიჯა და მოისროლა. ცხოვრებაში არავის ჩემთვის მსგავსი შეურაცხყოფა სიტყვითაც კი არ გაუბედავს. სიმართლე გითხრათ, მე კულტურულ საზოგადოებასთან ვთანამშრომლობ ბავშვობიდან და ასეთ ქაჯებთან არც მქონია ურთიერთობა. ბუნებრივია, არ ვაპატიებდი.
ავიღე წყლიანი ბოთლი და თავზე დავაცალე უზრდელ ნაცვლიშვილს. დიახ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ შეურაცხყოფაზე პასუხს მიიღებენ აუცილებლად. ამ ხალხს ქართველმა ხალხმა მხოლოდ კულტურულად გასცა პასუხი, ხელისუფლებას ჩამოაშორეს. ყველამ დაინახა, რომ ამ ხალხთან ვერ იმოქმედებ შენი კულტურით. ისინი ფსკერზე არიან და იქ უნდა დატოვო ბოლომდე. რაც შეეხება მათგან დასმულ კითხვას, თუ რას ვასწავლი ჩემს სტუდენტებს, ვპასუხობ: – ახალგაზრდებს ვასწავლი პოლიტიკურ კულტურას, პოლიტიკურ მარკეტინგს და იმიჯოლოგიას, კამათისა და დებატების ხელოვნებას.
ვასწავლი იმას, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პოლიტიკოსი, როგორ უნდა იქცეოდეს პარლამენტის დეპუტატი: როგორია უძველესი ერების და თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური კულტურა და როგორ არ უნდა გაინადგუროს პოლიტიკოსმა იმიჯი, რისი მაგალითებიც მრავლად გვქონდა თქვენი სახით იმ დღეს. ერთში კი შემიძლია, მადლობა გადაგიხადოთ, მე ქეისებს უცხოეთიდან ვიწერდი. აღარ დამჭირდება შეძენა ნეგატიური მაგალითებისთვის, იმ დღის მასალები ათეული წლები მეყოფა.
ჩემი სტუდენტები კი თქვენს მაგალითზე ისწავლიან, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, როგორ არ უნდა დაემონოს ქართველი პოლიტიკოსი სხვა ქვეყანას, რუსეთს, დასავლეთსა და ალბათ ახლო მომავალში სამხრეთ-აღმოსავლეთის ფულსაც გაუგებთ გემოს. დღეს თქვენ ქართული პოლიტიკის ქოლერა ხართ, მაგრამ არაუშავს, ამ სახადსაც მოვიხდით“, – აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.