“თუ 2030 წელს 30 ათასი ბავშვი არ დაიბადა, ეს ქვეყნის დასასრულს ნიშნავს” – რას აცხადებს დემოგრაფი

0
406
26 Views

“საერთო გაზეთი” დემოგრაფ ანზორ თოთაძესთან ინტერვიუს ავრცელებს.

დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტო “სპლიტი” ინტერვიუს სრულად გთავაზობთ:

გვესაუბრება დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე:

_ ბატონო ანზორ, რა ვითარებაა ქვეყანაში დემოგრაფიული თვალსაზრისით?
_ ერის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, მისი ქვეყნის ტერიტორიის შესაბამისი მოსახლეობის გარკვეული როდენობა აუცილებელი პირობაა. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 30 წელია კლებისკენ მიდის. შუა საუკუნეების შემდეგ საქართველო ყველაზე მრავალრიცხოვანი 1992 წელს იყო. ცნობილი მიზეზების გამო, 1992-2022 წლებში ქვეყნის მოსახლეობა მილიონ 778 ათასით შემცირდა. თუკი 1992 წელს ხუთი მილიონ 465 ათასი ვიყავით, 2022 წელს მხოლოდ სამი მილიონ 689 ათასი დავრჩით. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა ქვეყნის ყველა, განსაკუთრებით კი ქართველებით დასახლებულ რეგიონებში შემცირდა. ყველაზე ხალხმრავალი რეგიონი იმერეთი იყო, რომელიც ახლა 314 ათასი მოსახლითაა შემცირებული. ქვემო ქართლის მოსახლეობა 185 ათასით შემცირდა, კახეთის _ 144 ათასით, სამეგრელო ზემო სვანეთი _ 132 ათასით და ა.შ. რაც შეეხება ქვემო ქართლს, რომელიც ქართველებით სანახევროდ არის დასახლებული, იქ მოსახლეობა 185 ათასით შემცირდა. თუმცა, შემცირება, ძირითადად, უპირატესად ქართველებით დასახლებული მუნიციპალიტეტების ხარჯზე მოხდა. მაგალითად, მეტწილად აზერბაიჯანელებით დასახლებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა მხოლოდ 9%-ით შემცირდა, ხოლო უპირატესად ქართველებით დასახლებულ რუსთავსა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებში _ 20-38%-ით. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უწყვეტი შემცირება მეტად საყურადღებო დემოგრაფიულ საფრთხეს წარმოადგენს. ასეთმა ვითარებამ ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა, ძლიერი მიგრაციული პროცესები გამოიწვიოს. მით უმეტეს, მაშინ, როცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში შობადობის ბუმია. ეს ძალიან საშიშია, რადგან ჩვენთან ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების უაღრესად შემცირება სწორედ მეზობელი ქვეყნების დემოგრაფიული ბუმის ფონზე ხდება. აღსანიშნავია, რომ 1926 წელს სამხრეთ კავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის მოსაზღვრე რესპუბლიკების მოსახლეობის 35% ანუ, ყოველი მესამე ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა. აღნიშნულმა მაჩვენებლებმა 2017 წელს მხოლოდ 15% შეადგინა. სამაგიეროდ, აზერბაიჯანის ანალოგიური მაჩვენებელი 15%-დან 41 %-მდე გაიზარდა. მოსახლეობის პერმანენტული შემცირებით თვით ხალხმრავალი რუსეთიც კი შეშფოთებულია. ცნობილი რუსი დემოგრაფების აზრით, თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი პოლიტიკური რუკიდან გაქრება და მას რომელიმე უფრო დიდი მეზობელი მიიერთებს.
_ მოსახლეობის კლების კუთხით სოფლად რა ვითარებაა?
_ ბოლო წლებში სოფლის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ 1992 წელს სოფლად სულ ორი მილიონ 484 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2002 წელს ეს მაჩვენებელი მილიონ 744 ათასი გახლდათ, ხოლო 2022 წლის იანვარში მილიონ 487 ათასი ადამიანი შეადგინა. ანუ, 1992-2022 წლებში, 30 წელიწადში, ჩვენი ქვეყნის სოფლის მოსახლეობა 997 ათასი ადამიანით, ანუ, თითქმის მილიონით შემცირდა. საინტერესოა შემდეგი გარემოება: მოსახლეობის აღწერის 2002 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ოცდარვა სოფელში მოსახლეობა, ცალ-ცალკე აღებული, ხუთი ათას კაცს არ აღემატებოდა. 2002-2014 წლებში ანუ, თორმეტ წელიწადში, ამ ოდენობის მაცხოვრებელი თორმეტ სოფელში დაფიქსირდა. 2014 წელს საქართველოში, უკვე 223 გაუკაცრიელებული სოფელი არსებობდა. მაგალითად, 39 სოფელში ერთი კაცი ცხოვრობდა, 46 სოფელში _ ორი, 27 სოფელში _ სამი და ა.შ. ქართულმა სახელმწიფოებრიობამ გამოხატულება, უპირველესად, ქართულ სოფელში ჰპოვა. დიახ, სოფელმა განსაზღვრა ქართული ცხოვრების კულტურა, ტრადიციები, ქცევის ნორმები, ადათ-წესები და რიტუალები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მდიდრდებოდა და, საბოლოოდ, ქართველი ხალხის ფსიქიკურ წყობაში იჩენდა თავს.
_ რამდენად მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს ფართობი ოკუპაციის შემდეგ და რომელია ფართობისა და მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით გამორჩეული რეგიონები?
_ საქართველოს ფართობი ოკუპაციამდე 69 ათას 700 კვადრატული კილომეტრი იყო. ამჯერად, ტერიტორია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება, 57 ათას 178 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. არაოკუპირებული ნაწილი ათ რეგიონს მოიცავს. ესენია: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი. რეგიონები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ფართობის სიდიდით, ისე მოსახლეობის სიმჭიდროვით. ფართობის სიდიდით პირველ ადგილზეა კახეთი, მეორე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი, მესამეზე _ ქვემო ქართლი, მეოთხეზე _ იმერეთი, მეხუთეზე _ სამცხე-ჯავახეთი და ა.შ. მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასთან ერთად, რეგიონებში ერთ კვადრატულ კილომეტრზე მოსახლეობის სიმჭიდროვე სულ უფრო და უფრო მცირდება. ასეთი პროცესები მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ განვითარებასა და შობადობაზე უარყოფითად მოქმედებს.
_ მოსახლეობის ზრდის მიხედვით დედაქალაქში რა ვითარება გვაქვს?
_ თბილისის მოსახლეობის ოდენობა უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაიზარდა. დედაქალაქი თავკომბალას ემსგავსება. 1992 წელს თბილისის მოსახლეობა საქართველოს მთელი მოსახლეობის 23%-ს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მოსახლეობამ რაოდენობრივად ჯერ კიდევ ვერ მიაღწია 1992 წლის მაჩვენებელს, ქვეყნის მოსახლოების კატასტროფულად შემცირების შედეგად, აქ ამჟამად მილიონ 202 ათასი მცხოვრებია. ანუ, ქვეყნის მთელი მოსახლეობის 33%, თითქმის მესამედი. ზოგადად, მცირერიცხოვანი ქვეყნების დედაქალაქებში ბევრი მოსახლე ცხოვრობს. თბილისიც დემოგრაფიულად ყოველწლიურად ინტენსიურად იზრდება, რაც სამომავლოდ ბევრ სახიფათო დემოგრაფიულ პრობლემას შექმნის. საერთოდ, დედაქალაქებში დაბალია შობადობის დონე, მწვავდება დასაქმება-მომარაგების პრობლემები და სხვა. ამ ეტაპზე თბილისის შემდეგ ყველაზე ბევრი _ 466 ათასი ადამიანი იმერეთში ცხოვრობს. დიახ, იმერეთი საქართველოს ყველაზე ხალხმრავალი რეგიონი გახლავთ. ანუ, იქ ქვეყნის მთელი მოსახლეობის 13% ცხოვრობს. შემდეგ მოდის ქვემო ქართლი, სადაც 434 ათასი ადამიანი ცხოვრობს ანუ, ქვეყნის მთელი მოსახლეობის 12%, აჭარაში _ 354 ათასი ანუ, 9%, კახეთში _ 305 ათასი ანუ 8%, სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 301 ათასი ანუ 8%, შიდა ქართლში _ 250 ათასი ანუ 7%, სამცხე-ჯავახეთში _ 148 ათასი ანუ 4%, გურიაში _ 105 ათასი ანუ 3%, მცხეთა-მთიანეთში _ 92 ათასი ანუ 2,5%, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო-სვანეთში _ 27 ათასი ანუ 0,7%.
_ რა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს ქვეყნის დემოგრაფიის მხრივ?
_ საქართველოსთვის ყურადსაღები დემოგრაფიული საფრთხე, განსაკუთრებით, მთიან და სასაზღვრო ზონაში მდებარე მუნიციპალიტეტების მოსახლეობის უწყვეტი შემცირება და, ფაქტობრივად, მათი გაუკაცრიელებაა. კერძოდ, 2022 წელს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 3,8 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ონში _ 5,4 ათასი, ცაგერში _ 8,1 ათასი, ამბროლაურსა და თიანეთში _ 10-10 ათასი და ა.შ. ეს კატასტროფაა. მართალია, ეს მუნიციპალიტეტები მოსახლეობის სიმრავლით არასდროს გამოირჩეოდნენ, მაგრამ ბოლო წლებში მოსახლეობის შემცირება საოცარი სისწრაფით დაიწყო. საქართველოში სრული 59 მუნიციპალიტეტიდან 18 მათგანში, ცალ-ცალკე აღებული, ოცი ათასი მცხოვრებლით ნაკლებია. შექმნილ ვითარებას ისიც ართულებს, რომ ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობა არათუ დაბერებული, არამედ გადაბერებულია. ჯერ კიდევ 1999 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმში მოსახლეობის დაბერების უაღრესად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ახალგაზრდობა სოფლიდან მიდის და იქ მხოლოდ მოხუცები რჩებიან. ადრე ასი კაციდან სამოცი თუ ახალგაზრდა იყო, ახლა ახალგაზრდა მხოლოდ ათია და დანარჩენი მოხუცები არიან. ახალგაზრდა ასაკში მიგრაციული პროცესები ძალიან ინტენსიური გახდა. ანალოგიური ვითარებაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
_ როგორც საუბრობენ, წელს შობადობას სიკვდილიანობამ გადააჭარბა. ეს რამ განაპირობა?
_ ოცდაათი წელია, რაც თითქმის ყოველწლიურად ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება. 2022 წელს კორონა-ვირუსების პანდემიის შედეგად, საშინელი `დემოგრაფიული ზამთარი~ დაგვიდგა. ილია ამბობდა: კაცი როცა კვდება, იგი თავის თავს უკვდებაო. მაგრამ, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიურად მხოლოდ ეპიდემიის გამო 80-ზე მეტი ადამიანი იღუპება, ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის ეს უკვე ეროვნული ტრაგედიაა. სამწუხაროდ, 2021 წელს, თითქმის ყველა პარამეტრის მიხედვით, დემოგრაფიული ვითარება გაუარესდა. 1990 წელს საქართველოში 92 ათას 815 ბავშვი დაიბადა, ხოლო 2015 წელს _ 59.249 ათასი. შემდეგ, 2016-2021 წლებში შობადობა კატასტროფულად შემცირდა. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 45.946 ბავშვი შეადგინა. ე.ი. ექვს წელიწადში 13.303 ბავშვით ნაკლები დაიბადა. თუ შობადობის შემცირება ასეთი ტემპით გაგრძელდა და რაიმე არ ვიღონეთ, 2030 წლისთვის 15 ათასი ბავშვით ნაკლები დაიბადება. ანუ, 2030 წელს ოცდაათი ათასი ბავშვიც აღარ დაიბადება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წელიწადში მხოლოდ თხუთმეტი ათასი ვაჟი და ამდენივე გოგონა მოევლინება ქვეყნიერებას, რაც ჩვენი ცხოვრების დასასრულზე მიგვანიშნებს.
აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: მხოლოდ თხუთმეტი ათასი დაბადებული ვაჟით ქართული ჯარის დაკომპლექტებაც ძალიან გაჭირდება, რადგან მათმა გარკვეულმა ნაწილმა, აუცილებლად, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროშიც უნდა იმუშაოს. ასეთ ვითარებაში მოდი და ჭკუა მოჰკითხე ისედაც ჭკუადაცურებულ `გირჩელებს~, რომლებმაც რაღაც რელიგიური სექტა შექმნეს და შვიდი ათასზე მეტი ახალგაზრდა სავალდებული სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს. პირადად მე დიდ სირცხვილად მიმაჩნია ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი და ბევრი სხვაც, პარლამენტის სავარძლებში რომ სხედან და მამულის ბედზე მსჯელობენ, თან დიპლოპიტოზე უკრავენ. ამ დროს განათლებული ქართველები მათ ბჟუტურს ისმენენ.
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დემოგრაფიული კრიზისი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე სოციალურ-ეკონომიკური. დიახ, ამ ტრაგიკულ ვითარებაზე დაფიქრებაა საჭირო. ჩვენ მეცნიერული კვლევა უნდა ჩავატაროთ, შევიმუშავოთ დაზუსტებული და ეფექტური საოჯახო პროგრამა, რაც მთავარია, თითოეულმა ოჯახმა სამი შვილის გაჩენა ნორმად უნდა მიიჩნიოს.
_ რატომ არ მრავლდება საქართველოს მოსახლეობა?
_ საქართველოზე უარესი მდგომარეობაა რუსეთში, უკრაინაში, მოლდოვაში და ა.შ., რაც საბჭოთა კავშირის ელვისებურმა დაშლამ გამოიწვია, რა დროსაც საარსებო სივრცეების ძიება დავიწყეთ. ადრე თვითმფრინავებს ვაწარმოებდით, ელმავალმშენებლობაც გვქონდა. უცებ ყველაფერი დაიშალა. მოსახლეობა კიდევ იმიტომ არ მრავლდება, რომ საქართველოში დასავლეთიდან ლგბტ მოძრაობის პროპაგანდა მასობრივად გავრცელდა. არაერთი ბრძოლაც გამოვიარეთ. გარდა ამისა, დაქორწინების საშუალო ასაკი ძალიან გაიზარდა. თუ 90-იან წლებში ქალების დაქორწინების საშუალო ასაკი ოცდასამი წელი იყო, ახლა _ ოცდათერთმეტია. ასევე გაიზარდა მამაკაცის დაქორწინების ასაკი ოცდაექვსიდან ოცდათერთმეტ წლამდე. ადრე მამაკაცები საშუალოდ ოცდაექვსი წლის ასაკში ქორწინდებოდნენ, ახლა კი ამას ოცდაცამეტი წლის ასაკში აკეთებენ. რაც უფრო გვიან ხდება დაქორწინება, ბუნებრივია, შობადობა მით უფრო მცირდება. გარდა ამისა, ზოგი განმაპირობებელი ფაქტორი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხს არც მიეკუთვნება. სულ სხვა, ახალი ფაქტორები წამოვიდა. მაგალითად, ახლა ძალიან გახშირდა ოცდათხუთმეტი და უფრო უფროსი ასაკის ქალების ქორწინება. როცა ქორწინება ოცდათხუთმეტი წლიდან და ზემოთ ხდება, ქალები ბევრ ბავშვს აღარ ბადებენ. ეს რუსეთშიც ასეა და, ზოგადად, მსოფლიოშიც. გლობალიზაციაა. დასაქორწინებლად ყველაზე კარგი ასაკი 20-24 წელია, მაგრამ ეს ასაკი ახლა 35 და მეტ წლამდე გადაიწია. ეს საქართველოსაც შეეხო. ქალი რაც უფრო ასაკში მშობიარობს, მით მეტია დაბადებულ ბავშვებში პათოლოგიები: გულის მანკი, ჭკუასუსტობა და სხვა.
_ მოსახლეობის შემცირების კუთხით მაღალი რისკის ქვეყნებს რამდენად განვეკუთვნებით?
_ საქართველო მოსახლეობის შემცირების თვალსაზრისით, საკმაოდ მაღალი რისკის ქვეყანაა. მე სტატისტიკური მასალები დავამუშავე და მინდა შემდეგი რამ გითხრათ: თუ ჩვენ დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად ხელშესახებ, მნიშვნელოვან ღონისძიებებს არ გავატარებთ, ხუთ-ექვს ათეულ წელიწადში დემოგრაფიული მუნიციპალიტეტების უმრავლესობა გაუკაცრიელდება. სოფლები უკვე დაცლილია. მიგრაციული მაჩვენებელი ძალიან აგრესიული გახდა. ერთი მხრივ, გვაქვს შიდა, ხოლო მეორე მხრივ, გარე მიგრაცია. თანაც, ვინ გადის? _ ქვეყნის ყველაზე განათლებული, ჯანმრთელი, მებრძოლი ნაწილი, რომელსაც შეუძლია, ცხოვრებისეულ სიძნელეებს კარგად გაუმკლავდეს. უკვე ოცდაათი წელია, ეს ვითარებაა _ აქ მოხუცებული ხალხი რჩება, რაც ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე და ყველა დემოგრაფიულ მონაცემზე უარყოფითად აისახება.
_ ზემოთ ახსენეთ, თითოეულმა ოჯახმა მიზნად სამი შვილის გაჩენა უნდა დაისახოსო. რატომ მეტი არა?
_ მრავალი შვილის ყოლა საჭირო არ არის. სამი ბავშვის ყოლა იცით, რატომ ვახსენე? _ ზღაპრებიდან ხომ გახსოვთ, როცა ძმები გველეშაპის მოსაკლავად მიდიან, პირველი ბავშვი ამას ვერ ახერხებს, მეორე სანახევროდ ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანას და მესამე უკვე გველეშაპს კლავს. საქმე ის გახლავთ, რომ პირველი ბავშვი ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია. მაგრამ არც გადამეტებაა საჭირო. ქალი რაც უფრო ბევრ ბავშვს ბადებს (მე-9, მე-10 და ა.შ), მით უფრო იზრდება ავადმყოფობების რიცხვი. ვღებულობთ მუცელში ავადმყოფ ნაყოფს, მერე ავადმყოფ მოზარდს, ავადმყოფ მშობელს და, შედეგად, უკვე ერი დაავადებულია. 21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება 10-14 ბავშვის გაჩენა?! ასე ხომ 12-13 წელი ძუძუ უნდა აწოვო და ქალი სხვა ვეღარაფრისთვის იცლის, ვეღარც სათანადო ცოდნა-განათლებას იღებს. ათ და მეტ ბავშვს რელიგიური ფანატიკოსები აჩენენ. ქალმა, რომელმაც განათლება მიიღო, 20-25 წელს სახლში სამზარეულოში ატარებს, ცოდო არ არის?! ახლა შუასაუკუნეები ხომ არ არის, რა დროსაც ქალი რომ თხოვდებოდა, მეზობელ სოფელში ნამყოფიც კი არ იყო. ევროპაში, განათლებულ საზოგადოებაში რვა-ათბავშვიან ოჯახს ვერსად ნახავთ. ერთ ამბავს მოგიყვებით: მოსკოვის მერმა _ ლუჟკოვმა დადგენილება მიიღო, ვისაც ოჯახში რვა ბავშვი ჰყავდა, მათთვის საქალაქო ტრანსპორტი მთლიანად უფასო ხდებოდა. მერე, იცით რა მოხდა? _ ლუჟკოვი დასაცინი გახდა. მას არ შეუსწავლია მონაცემები – მოსკოვში ვერ მოძებნეს ვერცერთი ოჯახი, რომელსაც რვა ბავშვი ეყოლებოდა. შუა საუკუნეებში გიორგი მთაწმინდელი წერდა: ვისაც შვიდი-რვა ბავშვი ჰყავს, თუ მდიდარია _ წააქცევს და თუ ღარიბია _ მიწასთან გათელავსო. მთავარი ბავშვის აღზრდის ხარისხია. 1989 წლის მონაცემებით, მთელი საბჭოთა კავშირიდან, ათი და მეტი ბავშვი ყველაზე ნაკლები საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს ჰყავდათ. ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთში მე-19 საუკუნეში დაბადებულ ბავშვთა 79% თხუთმეტ წლამდე ასაკში იღუპებოდა. წითელათი და სხვა ინფექციური დაავადებებით ბავშვები მასობრივად იღუპებოდნენ. ამავდროულად, ჰიგიენის დაცვის დონეც დაბალი იყო. გერმანიაში ბლოკადის დროს ორი მილიონი მოსახლე ცხოვრობდა და ათასი დაბადებული ბავშვიდან 784 დაიღუპა. რუსეთში ყოველი ათასიდან ერთ წლამდე ასაკში 300-400 ბავშვი იღუპებოდა.
ქართულ ეთნოგრაფიაში, სვანეთში ამბობდნენ: სანატრელია ორი ვაჟი და ერთი ქალიო. მესხეთ-ჯავახეთში ქორწილში მეფე-პატარძალს ასე ლოცავდნენ: სამი ვაჟი და ერთი ქალი შეგეძინოთო. ხომ გაგიგიათ, ერთი შვილი არაშვილი, ორი შვილი ვითომ შვილი, სამი შვილი მართლა შვილიო. დღეს, სამწუხაროდ, კიდევ ერთი პრობლემა განქორწინებაა. ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. ადრე სამოცდათხუთმეტ ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდიოდა. …დანარჩენზე მერე ვისაუბროთ…

Cesko