მზია კვირიკაშვილი: ,,მას ცოლი ჰყავდა, ვერ ვიკადრებდი, ისინი დამეშორებინა” – სიცილის დედოფლის ტკივილები

0
3480
24 Views

ჟურნალი “სარკე” მზია კვირიკაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს, სადაც იუმორისტი საკუთარ ცხოვრებაზე და სირთულეებზე საუბრობს:

“მთელი ჩემი ცხოვრება იუმორია. დავიბადე 27 იანვარს – ნინოობას და დამარქვეს მზია. იუმორი ჩემში გენეტიკურად ზის. ჩემს მშობლებს იუმორის არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდათ”, – იხსენებდა იუმორისტი მზია კვირიკაშვილი, რომელიც ქართული ესტრადის ისტორიაში სიცილის დედოფლის სახელით შევიდა.

ავიაბილეთები

61-წლიანი ცხოვრების გზაზე უამრავი სირთულე შეხვდა, მაგრამ ყველაფერს უძლებდა. “ყველაზე მეტად იმ დღის მეშინია, როდესაც სცენიდან უნდა წავიდე. ყველაზე ძალიან კიდევ იმის მეშინია, რომ ერთხელაც სცენაზე გასულს მაყურებელი ტაშს არ დამიკრავს”, – ხშირად ამბობდა სიცილის დედოფალი. მისი შიში არ გამართლდა. ჯერ კიდევ მაშინ წავიდა ამქვეყნიდან, როცა მისი ყოველი გამოსვლით დარბაზი ტაშისგან ქუხდა. ის შემოქმედებით მწვერვალზე იყო, ამერიკაში ატარებდა კონცერტებს, მწვანე ბარათის მოლოდინში იყო და სწორედ იქ წამოეწია მძიმე ამბავი – ექიმებმა ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.

ქალბატონი მზია ჟურნალ “სარკის” ყოველთვის გულთბილი მასპინძელი იყო, ამიტომაც ჩვენს არქივში მისი ბევრი ინტერვიუ ინახება. გთავაზობთ მისი ცხოვრებიდან ეპიზოდებს, რომლებიც სწორედ ,,სარკის” ინტერვიუებიდან ამოვკრიბეთ.

მზია კვირიკაშვილი გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე გვიამბობდა:

– ამერიკელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ღვიძლზე სიმსივნე მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა დოზითაა, კეთილთვისებიანია თუ არა, ექვემდებარება თუ არა მკურნალობას. როგორც მეუბნებიან, ჯერ თრომბის ამბები უნდა ჩამთავრდეს…

ამერიკაში ძირითადად რესტორნებში მიწვევდნენ, მხოლოდ ერთი კონცერტი ჩავატარე მაიამის თეატრში. ვიყავი ბრუკლინში, ნიუ ჯერსიში, ფილადელფიაში… ვაშინგტონი და ჩიკაგოც იყო გეგმაში, მაგრამ ვეღარ მოვასწარი. აგვისტოში მწვანე ბარათი მექნება, მაგრამ მე ვიქნები თუ არა, აღარ ვიცი. ვიფიქრე, სანამ ამ მწვანე ბარათს მივიღებ, ტყუილად ხომ არ ვიჯდები-მეთქი და მუშაობა გადავწყვიტე.

– მუშაობა მომვლელად თუ სადმე სხვაგან?

– დიახ, მომვლელად. ამის თქმის სულაც არ მრცხვენია. თუ იცი, რომ შენს ოჯახს რაღაცით დაეხმარები, რა პრობლემაა?! ვიფიქრე, თუ ძალიან რთული იქნება, დავანებებ თავს-მეთქი. ბანკის ვალი მაქვს 11 ათასი ლარი.

ჩემი შვილი არ მუშაობს. ანგელოზივით შვილიშვილები მყავს და მათ რჩენა არ უნდოდათ?! ორ მოხუცთან მომიწია რამდენჯერმე მისვლა. თან ვწერდი, იმდენი “პრიკოლი” ხდებოდა. ვიფიქრე, ამას ოდესმე “იუმორინაში” გამოვიყენებ-მეთქი.

მწოლიარეს ვწევდი. კუნთები მაშინვე ცუდად დამეჭიმა და არ მომეწონა ეს ტკივილი. ფეხი გამისივდა და ვეღარ წავედი იმ მოხუცთან. ყველას კუნთის ანთება ეგონა. ზოგმა მიზილა, ზოგმა კომპრესი გამიკეთა. თურმე თრომბია და არაფრით შეიძლება დაზელა. პროფესორმა თქვა, ამის დაზელა და კომპრესი სიკვდილს ნიშნავსო. გასკდა თრომბი და ფილტვები დამიცხრილა, ვეღარ ვსუნთქავდი.

იმ დღეს სტენფორდში ჩემს მეგობართან ვიყავი სტუმრად. კლინიკაში გამაქანა. საშინელი ფასები იყო. 5 ათასი დოლარი რომ ღირს ერთი გაძრომა, იმ აპარატში სამჯერ გამაძვრინეს. კატეგორიული უარი განვაცხადე ღვიძლის იქ მკურნალობაზე, რადგან ამას თვეები უნდოდა და ისედაც საშინელი დეპრესია მქონდა.

არ მეძინა, არ ვჭამდი. ცოცხალ-მკვდარი ვიყავი, წვეთოვანებზე და ჟანგბადზე შეერთებული… როგორც იქნა, დაწერეს, რომ შემეძლო თვითმფრინავში ჩაჯდომა. 16 საათი გზაში ვიყავი. ქალი კი არა, ალბათ ქაჯი ვარ, ისეთ რამეებს გავუძელი! ამერიკელებმა თქვეს, იმდენად ძლიერი ორგანიზმი აქვს, რომ უცებ შევძელით თრომბის გაწოვაო. რომ გაიგეს, სტენტირება მქონდა გაკეთებული, გაუკვირდათ, ამდენ რამეს რომ გავუძელი. ჩემი ორგანიზმი ხომ ყველაფერს იტანს! იქნებ იმ ღვიძლის ამბავიც გადაიტანოს – შეიძლება არ იყოს სავალალო ზომამდე მისული და მეშველოს.

შიგადაშიგ ტკივილები მაქვს. ეტყობა, ჯერ არ არის ეს სიმსივნე ორგანიზმში იმ დოზით გავრცელებული, რომ ტკივილები მგრიხავდეს. შეიძლება ოპერაცია დამჭირდეს, შეიძლება – ღვიძლის გადანერგვა ან ქიმია.

ჯემალ ბაღაშვილმა დამირეკა, საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას აპირებენ ჩემთვის. არასოდეს არავისთვის არაფერი მითხოვია, მაგრამ ახლა სიცოცხლეს ვებღაუჭები. სიცოცხლე მინდა! ბევრისთვის მზესუმზირის ფულია ჩემი ვალი თუ მკურნალობის თანხა.

– ინფარქტი გაქვთ გადატანილი. ნერვიულობის გამო დაგემართათ?

– დედაჩემის სიკვდილს მოჰყვა ჩემი ინფარქტი. დედის კალთას ბავშვობიდან მიწებებული ვიყავი. 2002 წელს გარდაიცვალა. ზედმეტად ემოციური ვარ. ამას ემატება ის ემოციები, რაც სცენაზე გამოსვლის წინ მაქვს ხოლმე და…

– და მაინც, ცხოვრება თქვენთვის დედაა თუ დედინაცვალი?

– ცხოვრება ძალიან კარგი და საინტერესოა… ყველაზე დიდი სირთულე ჩემთვის იყო 1986 წლის ბოლო პერიოდი, როდესაც ფაქტობრივად მარტო დავრჩი, ანუ დამენგრა ოჯახი და ცხოვრების ასპარეზზე აღმოვჩნდით მე და ჩემი შვილი. აქედან დაიწყო ჩემი ჭიდილი ცხოვრებასთან და დღემდე რქებით ვაწვები, როგორც შემიძლია. მოვდივარ და აქამდე მოვაღწიე ჩემი შრომით, არასოდეს არავის გაუშლია ჩემთვის მდელო, მიდი, ,,იგულავეო”, ვგულისხმობ სპონსორებს. თოფი არ მჭერია ხელში, თორემ ვებრძოდი ცხოვრებას, როგორც შემეძლო, შვილის გამო.

– რა იყო ოჯახის დანგრევის მიზეზი?

– ჩემი მეუღლე იმ ათი წლის განმავლობაში, რაც ერთად ვიყავით, ფაქტობრივად არ ყოფილა ჩემ გვერდით, რადგან პროფესიით მუსიკოსი იყო და გემზე მუშაობდა. წლის განმავლობაში შეიძლებოდა ერთი ან, მაქსიმუმი, ორი კვირა მენახა. ამას სრულყოფილი ოჯახი არ ერქვა. მე განსხვავებას ვერ ვხედავდი მარტოობასა და გათხოვილის სტატუსს შორის, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემებურად მეზიდა ცხოვრების ჭაპანი და გამეზარდა შვილი. ჩემი მიზანი იყო, შვილი გამოსულიყო პატიოსანი, კარგად აღზრდილი ადამიანი. მადლობა უფალს, შევძელი, მარტოს აღმეზარდა შვილი ისე, რომ ჩამოყალიბებულიყო სრულფასოვან პიროვნებად.

– პირველმა ქორწინებამ არ გაგიმართლათ. მეორედ რატომ აღარ სცადეთ ბედი?

– ჩემს მეორე სიყვარულს შედეგი იმიტომ არ ჰქონდა, რომ მას ოჯახი ჰყავდა. ვერ ვიკადრებდი, ისინი დამეშორებინა. სხვათა შორის, მეუბნებოდა, რომ ცოლს მიატოვებდა და ჩემთან იცხოვრებდა. მე კი თავს ამის უფლება არ მივეცი. ამანაც გადაიარა ჩემს გულზე და ტკივილი მომაყენა. უსიყვარულოდ ცხოვრება გამიჭირდა.

ინფარქტმა რომ დამარტყა, ექიმმა მკითხა, კაცი თუ გყავსო. არა-მეთქი, რომ ვუთხარი, გამეხუმრა, ჰოდა, მოგიხდება მასე, ტემპერამენტიანი და ჯანსაღი ორგანიზმი გაქვს, მაგრამ კაცის გარეშე იწვის და არ შეიძლება ჩვარივით მიაგდოო. თურმე ბევრი რამ იმიტომ გვტკივა, რომ გვერდით მეგობარი მამაკაცი არ გვყავს და არ გვაქვს ის სითბო, სიყვარული…

– ბევრ რამეს ნანობთ?

– ბევრ რამეს ვნანობ. საშუალება მქონდა, კარგად მეცხოვრა, მაგრამ არ წავედი საქართველოდან. როცა გავთხოვდი, ბევრ შვილზე ვოცნებობდი. ქალიშვილობაში ისეთი მთხოვნელები მყავდა, კარგი იქნებოდა, ცოტა მეტი ტვინი დამეყოლებინა და ნაკლები გრძნობა.

შემეძლო, კარგი პიანისტი ვყოფილიყავი და ახლა ამასაც ვნანობ. მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. არანორმალურად მიყვარდა ხატვა. ჩემი ნახატები უჩა ჯაფარიძეს წაუღეს და თურმე ჩხუბობდა, ეს ბავშვი მომიყვანეთო. ვოკალიც ისეთი მქონდა, რომ იულია ფალიაშვილმა და ნადეჟდა ხარაძემ იკამათეს, რომელი ამიყვანდა… რომელიმეში აუცილებლად მივაღწევდი უზარმაზარ წარმატებას. ტვინი არ მქონდა!

ადრე ლექსებსაც ვწერდი. სტუდიებთან ვთანამშრომლობდი და ბავშვებს სიმღერებს ვუწერდი. ეს არასოდეს გამიმჟღავნებია… სულ ნატო გელაშვილის სიმღერა მახსენდება – ტკივილით და სევდით სავსე ქალი ვარო… ამ სიმღერას ერთ-ერთ “იუმორინაში” მღეროდა. მე ვიდექი კულისებში და ვტიროდი. ერთხელ ისე გავითიშე ამ სიმღერის დროს, რომ ყვიროდნენ, სცენაზე მზია კვირიკაშვილიაო, მე კი არ მესმოდა. არ გიკვირთ, ამ დონის ემოციური ქალი კიდევ ცოცხალი რომ ვარ?!

სულელი უნდა იყო, რომ თქვა, დავიღალე სიცოცხლითო. მინდა, ჩემს შვილიშვილებს ვუყურო კიდევ ცოტა ხანს. ჩემი ფანჯრებიდან 22 ნაძვი ჩანს. როგორ შეიძლება ამას უყურო და სიკვდილი გინდოდეს?! არ მინდა! ზემოთ კი ახლა ბჭობენ, წამიყვანონ თუ არა.

ერთხელ კირა კვეიძემ დამიწერა ლექსი “სევდიანი ხუმარა” და ამით ვამთავრებდი ჩემს სოლო კონცერტებს. ხალხი ცრემლმორეული მეხვეწებოდა, ამ ლექსით ნუ ამთავრებ, გვინდა, სიცილით დავტოვოთ დარბაზიო… სევდიანი ხუმარა მღერის:

,,გაუღიმებელი სული დამაქვს,

ქვეყანა ჩემთვის ცივია.

სხვა რა ვთქვა, თვითონ გულიანად

ერთხელ არ გამიცინია.

მე ცაში ვისვრი სამეფო ნიღაბს,

თვალებს ცრემლებით ვივსებ.

ერთხელ გამაცინეთ,

თუ ღმერთი გწამთ,

მე რომ გაცინებდით, ისე!”

– სიცილის დედოფალი როგორ ნიღბავთ ამხელა დარდს და ტკივილს?

– როგორი დარდიანიც უნდა ვიყო, შემიძლია უკადრებელიც ვიკადრო, რომ გავაცინო მაყურებელი და ვნახო მისი ბედნიერი სახე. ჩემი დარდის კონკრეტული მიზეზი არის მხოლოდ ერთი – ძალიან მადარდებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. არ მინდა, აქეთ ოპოზიცია იქაჩებოდეს და იქით – ხელისუფლება. ორივე მხარე ჩემი ბიჭები არიან და ხომ შეიძლება, ესენი ერთ დღეს ჩახუტებულები და ხელგადახვეულები ვიხილოთ?!

წყარო – sarkenews.ge

Cesko