ამბავი, რომელიც ახლა მინდა გიამბოთ, ბევრ თქვენგანს კარგად ემახსოვრება, რადგან წლების წინ მთელი საბჭოთა კავშირი ლაპარაკობდა ქართველი ქირურგის რამაზ დათიაშვილის მიერ ჩატარებულ უნიკალურ ოპერაციაზე და მის მიერ გადარჩენილ ლიტველ გოგონაზე.
თვითმფრინავი Ту-134, რომელიც ივლისის იმ ავბედით ღამეს ლიტვის ცაში აიჭრა, საგანგებო რეისს ასრულებდა: დისპეჩერებმა იცოდნენ, რომ მის ბორტზე ფეხებმოჭრილი სამი წლის გოგონა იმყოფებოდა, ამიტომ გულმოდგინედ ცდილობდნენ საჰაერო კორიდორი გაეთავისუფლებინათ თვითმფრინავისათვის. თეთრ ზეწარში შეხვეული პატარა რასა მოთმინებით ელოდა შველას, მის გვერდით სავარძელში კი გაყინული თევზით სავსე ყუთში მოჭრილი ფეხის ტერფები ეწყო.
მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავს უკვე ელოდა “სასწრაფო დახმარების” მანქანა, ხოლო ბავშვთა ქირურგიული განყოფილების მისაღებში ახალგაზრდა ქირურგი რამაზ დათიაშვილი მოუთმენლად ელოდა პაწაწინა პაციენტის მოსვლას. შემდგომში ქირურგი იხსენებდა:”ხელმძღვანელობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ ოპერაციის ჩატარების: ასეთი ოპერაციის პრეცენდენტი საბჭოთა კავშირში ჯერჯერობით არ არსებობდა. ცუდი რამ რომ მომხდარიყო, კარგი დღე არ მელოდა, ტრაგედიის მომენტიდან უკვე 12 საათი იყო გასული, მაგრამ მე გადავწყვიტე გამერისკა”.
და აი, პატარა რასა საოპერაციო მაგიდაზეა, დათიაშვილი ფეხებს ითხოვს: -სადაა ფეხები?-ყვირის ის…ყუთიდან ამოღებულ პაწაწინა ფეხის ტერფებს გამდნარი თევზი ამოყვა და საოპერაციოს იატაკზე დავარდა…
“ოპერაცია ერთი ამოსუნთქვით ჩატარდა: ერთიმეორის მიყოლებით ვაკერებდი ერთმანეთს თითოეულ ძარღვს, თითოეულ მყესს, არტერიებს, ნერვებს, კუნთებს”, -იხსენებდა ქირურგი.
ოთხი დაძაბული საათის შემდეგ რამაზს მარტო მოუხდა ოპერაციის გაგრძელება, მისმა თანაშემწეებმა ვერ გაუძლეს ასეთ ნერვულ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას. ის მარტო განაგრძობდა კერვას-კიდევ ერთი მყესი, ნერვი და… ოპერაციაც დასრულდა. 9-საათიანი დაძაბული ოპერაციის შემდეგ, როცა ახლაგაზრდა ქირურგი უკანასკნელ ნაკერებს ადებდა, პაწაწინა ფეხები მის ხელში გათბა და მაშინ რამაზ დათიაშვილი მიხვდა, რომ მან გაიმარჯვა.
ბევრ თქვენგანს ემახსოვრება, თუ როგორ თანაუგრძნობდა პატარა რასას მაშინ მთელი საბჭოთა კავშირი. ამბობენ, რომ როცა გოგონამ პირველი ნაბიჯები გადადგა, ქირურგი რამაზ დათიაშვილი სიხარულისაგან ატირდა. ამჟამად რასა ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში, მას არასოდეს დაავიწყდება ახალგაზრდა ქირურგი, რომელმაც ის სიკვდილისაგან ან უკიდურეს შემთხვევაში, სამუდამო ინვალიდობისაგან იხსნა.