“ფეხმძიმედ ვარ, საშინელი “მიზეზობა” მაქვს, თან მერიდება ვინმეს რამე ვუთხრა…” – მაგარი სახალისო იმერული ამბავი, რომელიც იმედია ცოტათი განწყობას გამოგიკეთებთ

August 20, 11:33
0
13371

მსახიობი ლალი შიუკაშვილი, რომელიც წლებია ემიგრაციაშია და ხშირად წერს სახალისო ამბებს სოციალურ ქსელში, ამჯერად ორსულობის შესახებ აქვეყნებს მხიარულ მოგონებას:

“ნიკუშაზე ვარ ფეხმძიმედ და საშინელი “მიზეზობა” მაქვს. თან მერიდება ვინმეს რამე ვუთხრა და ვცდილობ მოვითმინო პერიოდულად „რაცხა უცნაურობების” მონატრება… შემოდგომის პირია და ფაიქრიძეების საძმო ტარაველზე გადაწოლილი ადესა იწყებს შეთვალებას… სუნი დგას ისეთი, მკვდარს აცოცხლებს… ლევანის (ჩემს ქმარს) ბიჭებმა დაუძახეს და ქეიფობენ ტარაველის ქვეშ, სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე…. თანდათან აუტანელი გახდა ადესის სურნელის ატანა და ყურძნის გასინჯვის სურვილი… წოლითი რეჟიმი მაქვს და ვერ ვდგები… ფანჯრიდან გავკნავლე ლევანს, მცირეხნიანი ტანჯვის მერე…

დაბზრიალდა ფაიქრიძე, ბოშო ყურძენზე „რავა” გეტყვი უარსო, მაცადე, ახლავეო… თან სუფრიდან ალავერდი მოაყოლა ვიღაცამ ფეხებში და ერთი სული აქვს, უპასუხოს… მიადგა სკამი უცებ ტარაველს, „ჩამობრდღვნა” რამდენიმე მტევანი ნაჩქარევად და შემომაწოდა ფანჯრიდან… გარეთ კარგად ჩამობნელებულია და ალბათ ამის გამო, სიბნელეში დაკრეფილი „მწიფე” ადესა, ოთახის სინათლეზე მკუხე და მწვანე გამოდგა….

– ლევანიი, – გავკნავლე ისევე ფანჯრიდან.

– რა იყო, ლალუჩი? („მეიწონა თავი” ბიძაშვილობასთან)

– მწვანეა ეს ადესა…

წამოხტა ისევე ფაიქრიძე, ეცა ტარაველს მეორე მხრიდან, თან მამშვიდებს, ააა, მეიცა, აქანააა არის მწიფე! (რას ხედავს, თვალთან თითს ვერ მიიტან, ღამეა უკვე!)… შემომაწოდა ისევე ნაჩქარევად ფანჯრიდან მტევნები… და გავარდა მორიგი სადღეგრძელოს გასაგრძელებლად!…

დავხედე მტევნებს და… შეთვალული, მაგრამ მწვანეა ისევე ყველა… ამეშალა ნერვები… გაუსაძლისი გახდა ყურძნის გასინჯვის სურვილი… და მოვცხე ტირილი: ლევანიიიი… ვჭამო მკუხეე?

– რაი, რას ამბობ, კაცო, მაცაა, ვნახავ მწიფეს…

მოკლედ ნელ-ნელა აივსო მაგიდა ადესის მკუხე მტევნებით… და ლევანის ბიძაშვილი ზაზას მოთმინების ფიალა…

მიატოვა სუფრა და ამოვარდა სახლში, რომ ნახოს რა ხდება. ან ლევანი რატო დარბის წარამარა ტარაველსა და სახლს შორის, ან მე რატო ვკნავი ფანჯრიდან! ვზივარ მე ღვინის და თრობის მეფის – დიონისეს ქალიშვილივით, კისრამდე მკუხე მტევნებში და ვზლუქუნებ მოთქმით… გადაირია ზაზა და დაეტაკა ლევანის:

– ბიჭოოო, ადესისთვის ატირებ ბავშვს? წამო, მე ვიცი სადაც არის მწიფე ადესა… – და ეუბნება სოფლის შემოსასვლელში მცხოვრები კაცის სახელს… – იმას აქვს.

გადაირია ლევანი: – 5 კილომეტრია, ბიჭო, იქამდე… ამ ტალახში და შუაღამეს რა ავა იქ…. გადოუვლის, კაცო, ამას, არაფერი უჭირს!..

რაც ვიცნობ, პირველად ვნახე ბრაზისგან „ტანსაცმლიდან ამომხტარი”, მანამდე სიმშვიდის განსახიერება, ზაზა!

– რა გადაუვლის, ბიჭო, გაგიჟდი? ფეხმძიმედაა გოგო, და ბოვშს უნდა მაგ ყურძენი, ჰე, ამეიცვი „ვალინკი” და „გევეით”, – გაიგდო წინ აბუზღუნებული ლევანი, ღამის ფარნით შეიარაღებულმა და გაუდგნენ გზას სოფლის ბოლოსკენ…

ბედი რომ არ ექნება კაცს… დასცხო კოკისპირულმა წვიმამ ამასობაში… შემაწუხა სინდისმა: რა ჯანდაბად ავიტეხე ახლა ეს ყურძენი? მივეცი თვითგვემას… თან ალაგ-ალაგ შეთვალებულ მარცვლებს „ვკიკნი” მაგიდაზე დახვავებულ მტევნებს…. აგვიანდებათ ბიჭებს… ამასობაში კი შემომეჭამა მე ეს ვერდამწიფებული მტევნები და…

კარები ამაყი ღიმილით და ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახით შემოაღეს ბიჭებმა… ერთიანად გალუმპულებს და ტალახში ამოგლაგნულებს ძვირფასი განძივით უჭირავთ ხელში ადესის მწიფე მტევნები და ისე მიყურებენ, გეგონება ბიზონი მოინადირეს ბორის გაშლილ მდელოებზე!..

ვუყურებ ორივეს და ამიტყდა სიცილი…

– რა გაცინებს, გოგო? გამოგვართვი აგერ, ეს შენი ნანატრი ადესა, დავწყდით ხალხი მაგის ძებნაში! – დამამადლა ლევანმა…

– აღარ მინდა! გამიარა უკვე სურვილმა, – ამოვილუღლუღე მე და… ვიღამ აცადა ლევანს რამის თქმა: სამი წრე დაარტყა კედელზე წყობიდან გამოსულმა ზაზამ:

– შიუკაშვილოო, ახლა ეს ადესა არ გიჭამია შენ და სულ მარცვალ-მარცვალ დაგაწურავ თავზეო!…”

წყარო: mshoblebi.ge

Cesko