ელენა 18 წლის იყო, როდესაც მამამ სარდაფში გამოკეტა, ჯაჭვით დააბა და გარეთ გასვლის უფლებას აღარ აძლევდა. ეს კი ოჯახის ყველა წევრის, მათ შორის, დედის, ორი დისა და ძმის თანხმობით გააკეთა. ელენას არსებობის შესახებ იცოდნენ მეზობლებმაც და ირგვლივ მყოფებმაც, თუმცა არავინ არაფერს ამბობდა. 29 წელი კი ისე გავიდა, რომ გოგონას მზის სინათლე საერთოდ არ უნახავს. სრულიად შემთხვევით გაათავისუფლეს. დღეს სწორედ ამ დაუჯერებელ ამბავს მოგიყვებით:
შემზარავი ამბავი საბერძნეთში მოხდა. 1978 წლის 7 ნოემბერს უცნობმა პირმა პოლიცია გამოიძახა და უთხრა, რომ სოფელ კოსტალექსში, სადაც მაშინ 400-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ერთ-ერთ სახლში მეპატრონეებმა სარდაფში ადამიანი გამოკეტეს და მრავალი წლის განმავლობაში გარეთ არ უშვებდნენ.
სოფელში კარიოტისების დიდ ოჯახს ყველა იცნობდა. იმ პერიოდისათვის, როდესაც პოლიციაში მსგავსი შეტყობინება შევიდა, მშობლები გარდაცვლილები იყვნენ, უფროსი და-ძმის ასაკი კი 50 ან მეტი იყო.
პოლიციის მისვლა არ გაჰკვირვებიათ, თითქოს, ელოდნენ კიდეც. კეთილსინდისიერად გახსნეს სარდაფი და თანამშრომლები შეუშვეს. რეპორტიორები, მეზობლები, პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე შეიკრიბნენ, საზარელი სურათის მომსწრნენი გახდნენ. ბნელ სარდაფში, სადაც სინათლის სხივი არსაიდან აღწევდა, საშინელ ანტისანიტარიაში იყო ქალი, სხეულზე ნაწიბურებით, არასასიამოვნო სუნითა და ქცევებით. როდესაც პოლიციელი დაინახა, შეეშინდა, ყვირილი დაიწყო, ერთ-ერთს უკბინა კიდეც და ფრჩხილებით დაკაწრა… ქალს 29 წლის განმავლობაში მზის შუქი ნანახი არ ჰქონდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ელენა კარიოტისი მრავალშვილიანი ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო. ოჯახს ფერმა ჰქონდა, უფროსი და-ძმა შრომობდა, თუმცა ელენა მათგან განსხვავდებოდა. 1949 წელს 18 წლის ასაკში მშობლებთან მივიდა და სთხოვა, რომ სოფლის მასწავლებელზე დაქორწინების უფლება მიეცათ. მშობლები კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, რადგანაც მათი ქალიშვილის რჩეული კომუნისტი და ათეისტი გახლდათ. გოგონა ოჯახს დაემუქრა, რომ თუ ნებას არ დართავდნენ, სახლიდან გაიქცეოდა. ადგილობრივი ადათ-წესების მიხედვით, ეს მთელი ოჯახისთვის დიდ სირცხვილად ითვლებოდა. ამიტომაც, მამამ ელენას დიდი ჯაჭვი მოაბა და სარდაფში გამოკეტა… ის იქ 29 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და გარეთ არასოდეს გამოუყვანიათ. დაავიწყდა მეტყველება, თუმცა სხვების ლაპარაკი ნაწილობრივ ესმოდა. ამდენწლიანი მარტო ცხოვრების და საშინელი პირობების ფონზე, ნამდვილ მხეცად იქცა.
მას ჯერ დედა უვლიდა, შემდეგ – უფროსი დები. სოფელში უმეტესობამ იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ მამა ყველას უმტკიცებდა, რომ ღირსეულად მოიქცა და ამით სირცხვილი აირიდა თავიდან. დროთა განმავლობაში მათი ოჯახი მაინც გარიყეს. უფროსმა შვილებმა ვერასოდეს მოახერხეს დაქორწინება. მათ ოჯახთან კავშირი არავის სურდა… პოლიციაში ანონიმური ზარი ოჯახის უფროსის გარდაცვალებიდან ზუსტად ორი კვირის შემდეგ შევიდა. ვინ დარეკა – მეზობლებმა თუ დაღლილმა და-ძმამ, უცნობია, მაგრამ საქმე ასე გაიხსნა.
ელენა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 18 წელი გაატარა. კვლავ ისწავლა ლაპარაკი და 1986 წელს ჟურნალისტებს ინტერვიუც კი მისცა. უცნაური ის იყო, რომ მისი მეხსიერებიდან ბავშვობისა და ტყვეობის წლები საერთოდ წაიშალა და ფიქრობდა, რომ ისევ 18 წლის იყო.
წყარო: mshoblebi.ge