სკანდალი! ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ტელეკომპანია „ფორმულა” სიცრუეში ამხილა

0
732
29 Views

🆘🆘🆘🆘საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „ფორმულასგან“ უნივერსიტეტის ქონების ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებული მტკიცებულების საჯაროდ წარმოდგენას მოითხოვს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს ტელეკომპანია „ფორმულას“ მხრიდან „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდის“ დაარსების ირგვლივ აჟიოტაჟის შექმნისა და მოვლენების დრამატიზების მიზანმიმართული მცდელობის გამო, რითაც მედიასაშუალება გამიზნულად დარტყმის ქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელს, ასევე, მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებული საქველმოქმედო ფონდის დაარსების კეთილშობილ მისიას.

აღნიშნულ თემაზე მედიასაშუალების მიერ მომზადებული მეორე სიუჟეტი დეზიფორმაციის იმდენად მყარ ჩარჩოშია მოქცეული, რომ სიცრუის ტირაჟირებით ყოველგვარ მორალურ ფარგლებს სცდება. სიუჟეტში გამოთქმული მკვეთრად უარყოფითი, ცილისმწამებლური გზავნილები და უნივერსიტეტის ქონების ნაწილის ვითომდა გასხვისების, საეჭვო გარიგებების, დავით ხიდაშელის მიერ საქველმოქმედო ფონდში ერთი მილიონის ოდენობით შენატანის გაკეთების შესახებ მტკიცებით ფორმაში ასე ხელაღებით საუბარი უკიდურესად შურაცხმყოფელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მისი აკადემიური და სამეცნიერო წრეებისა და სტუდენტებისთვის, მაშინ როდესაც მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ღიად ითანამშრომლოს მედიასთან. „ფორმულას“ ჟურნალისტს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა არაერთხელ განუმარტეს, რომ ფონდი, რომელიც ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია, საქველმოქმედოა და მიზნად ისახავს მხოლოდ უნივერსიტეტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერას და მისი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას, რომ საქველმოქმედო ფონდი არ არის შემხებლობაში უნივერსიტეტის არც ძირითად საქმიანობასთან, არც საუნივერსიტეტო ქონებასთან. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია „ფორმულა“ ყოველგვარი მორიდების გარეშე აცხადებს, რომ „დავით ხიდაშელმა უკვე შეიძინა რამდენიმე შენობა კოსტავას 77 ნონერში. ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე არსებული დიდძალი ქონების ნაწილი უკვე რუსი ბიზნესმენის სახელზეა. დავით ხიდაშელმა ტექნიკურ უნივერსიტეტში დააფუძნა სპეციალური ფონდიც, სადაც პირველი შენატანი – ერთი მილიონი გაკეთებულია. ტექნიკური უნივერსიტეტის მატერიალური თუ არამატერიალური ქონების გარდა, რუს ბიზნესმენს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კეთილგანწყობაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გადაეცა“ და ა.შ. ურცხვად იღვრება სიცრუისა და ცილისწამების მთელი კასკადი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერიდან, რაც საქმეში ნაკლებად ჩახედულმა ადამიანმა შეიძლება იოლად ირწმუნოს კიდეც.
გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების გამიზნულად ტირაჟირება, რასაც ასე მიზანმიმართულად ეწევიან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები და რითაც ცდილობენ გაამყარონ დეზინფორმაციაზე აგებული საკუთარი მოსაზრებები, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – უნივერსიტეტის ბოლომდე დისკრედიტაციას, მისი ღირსების შელახვასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მკაცრად მოითხოვს ტელეკომპანია „ფორმულასგან“, მტკიცებულების სახით, დაუყოვნებლივ საჯაროდ წარმოადგინოს უნივერსიტეტის ქონების ნაწილის გასხვისების ან საქველმოქმედო ფონდში ერთმილიონიანი შენატანის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნულს ტელეკომპანია „ფორმულა“ ვერ შეძლებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი სინამდვილეში არ ჰქონია – არათუ უნივერსიტეტის ქონების ნაწილი, ქონების მისხალიც არ გასხვისებულა; რაც შეეხება უნივერსიტეტის განვითარების საქველმოქმედო ფონდს, ის ჯერ ფორმირების პროცესშია და შესაბამისად, შენატანის სახით, ფონდში ერთი მილიონი არ შესულა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მხრიდან უნივერსიტეტის დისკრედიტაციის მიზნით მსგავსი სიცრუის ტირაჟირება მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის მიზანმიმართულად აგორებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უფლებას იტოვებს, სიმართლის დასადგენად სამართლებრივ გზებს მიმართოს. გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „ფორმულასგან“ მოითხოვს, ეს მიმართვის ტექსტი უცვლელად გადასცეს თავის ეთერში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
05.02.2023

წყარო: tb24

Cesko