“ზელენსკის გაპრეზიდენტება ამერიკას ერთი მილიარდი დოლარი დაუჯდა”- პროფესორი, იგორ კვესელავა

0
1040
19 Views

ზელენსკის გაპრეზიდენტება ამერიკას ერთი მილიარდი დოლარი დაუჯდა

გვესაუბრება ანალიტიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, იგორ კვესელავა

_ ბატონო იგორ, საუბრობენ, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთი სამი მიმართულებით მთელ უკრაინას შეუტევს. რა მოლოდინები გაქვთ?
_ სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა _ ომი გრძელდება და უფრო და უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. საქმე ისაა, რომ ეს, ფაქტობრივად, ამერიკის, რუსეთისა და უკრაინის ომია. მას მე მესამე მსოფლიო ომს ვუწოდებ. რა თქმა უნდა, იკვეთება ორი დიდი სახელმწიფოს ინტერესები _ აშშ-ისა, რომელიც ერთპოლუსიანი მმართველობის სათავეში მოქცევისთვის იბრძვის და მეორე, რუსეთის, რომელიც ცდილობს, სამყაროს მეორე პოლუსად მოევლინოს და თანამოაზრე სახელმწიფოებთან ერთად მყარად დადგეს. ორი ინტერესი ერთმანეთს შეეჯახა.

აშშ-ის ინტერესი ევროპა და რუსეთია. დაახლოებით ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკამ ე.წ. ბოროტების იმპერია დაამხო. ეს პროცესი მარტივად არ მომხდარა.

«საერთო გაზეთისთვის» საინტერესო იქნება ერთი დეტალი, რაც ამ დრომდე არსად მითქვამს: 70-იან წლებში მეგობარ პროფესორთან ერთად მოსკოვში ვიმყოფებოდი, სადაც უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ანდროპოვს და მისი ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს შევხვდით. ამ დეპარტამენტს ქართველი გენერალი, მეცნიერების დოქტორი ხელმძღვანელობდა. მასთან შეხვედრა საიდუმლო ვითარებაში შედგა.

გენერალმა საიდუმლოდ გვითხრა: ჩვენ 70-იანი წლების დასაწყისში წინასწარ ვიცოდით, რომ საბჭოთა კავშირი უნდა დანგრეულიყოო. მას ვინმეს ნანგრევებში მოყოლა მხედველობაში არ ჰქონია, ნებაყოფლობით დაშლას გულისხმობდა.

აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოება: სტალინმა პარტიის მე-19 ყრილობაზე გამოაცხადა, რომ ხელისუფლებას ტოვებდა _ საბჭოთა კავშირის სათავეში ახალი ძალები უნდა მოვიდნენ, ცვლილებებია საჭიროო. ამას საშინელი აჟიოტაჟი მოჰყვა. ასეთ შემთხვევაში, სტალინის წასვლის შემდეგ, მის გვარდიას _ მოლოტოვს, კაგანოვიჩს, მიქოიანს და სხვებს «გაპენსიონერება» ელოდათ. ამიტომ მათ საზოგადოების ელიტური ნაწილი შეკრიბეს და კატეგორიულად მოითხოვეს სტალინის ხელისუფლების სათავეში დარჩენა. ანდროპოვს კოსიგინთან ერთად სურდა, საბჭოთა კავშირიდან ის რესპუბლიკები ჩამოეშორებინათ, რომლებსაც კრემლი არჩენდა. მაგალითად, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.

დავუბრუნდეთ გენერალთან საიდუმლო შეხვედრას. მან გვითხრა: საბჭოთა კავშირი 2005 წელს დაიშლებაო. მაგრამ პროცესები დაჩქარდა, რაც აშშ-ში რეიგანის მოსვლამ განაპირობა. მან გამოაცხადა: ეს ბოროტების იმპერიაა და უნდა დავანგრიოთო. საბჭოთა კავშირი 1990 წელს დაიშალა. ამერიკამ თავისი ცენტრალური სადაზვერვო აპარატის მეშვეობით გორბაჩოვი, იაკოვლევი და შევარდნაძე «ზომბებად» აქცია. ჯოზეფ ნაი წიგნში «რბილი ძალა» პირდაპირ წერს: «კოლუმბიაში სწავლის პერიოდში იაკოვლევის «ვერბოვკა» მოხდაო. ეს ის იაკოვლევია, რომელთან ერთად საბჭოთა კავშირის დაშლაში გორბაჩოვი და შევარდნაძე ირიბად მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება უკრაინას, ის სახელმწიფოდ 1917 წლის 25 დეკემბერს ჩამოყალიბდა. საბჭოთა კავშირი სწორედ რუსეთმა, უკრაინამ და ბელორუსიამ შექმნეს. დიახ, საბჭოთა კავშირის დამფუძნებელი ეს სამი სახელმწიფოა. საბოლოოდ, ვინც დაბადა, მანვე დაშალა. უკრაინას, თავდაპირველად, სახელმწიფოებრიობა არ ჰქონდა. ის არ არსებობდა. უკრაინას უზარმაზარი ტერიტორიები მოგვიანებით გადასცეს. ერთ-ერთია კიევის რუსეთი. დიახ, კიევი რუსეთს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, უკრაინამ ამ პერიოდში რამდენიმე პროვინცია მიიღო, რომლებიც მაშინ ევროპის იყო. ასეთი ექვსი პროვინცია იყო, მათ შორის, დასავლეთ უკრაინა. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე აშშ-ს უკრაინის მიმართ ინტერესი გაუჩნდა. ევროპას ამისთვის არც ძალა ჰქონდა და არც ინიციატივა გამოუჩენია. ეს ინტერესი მსოფლიოში მდიდარმა, ძლიერმა სახელმწიფომ ამერიკამ გამოიჩინა. დაიწყო პროცესი, რათა აშშ-ს ევროპასა და აზიაში ფესვები გაედგა. აზიაში ფეხის მოკიდება მან ომით მოინდომა. გავიხსენოთ, ხიროსიმასა და ნაგასაკში რაც მოხდა. ასეთ ვითარებაში დაიწყო საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესი. აშშ-ში გრძელვადიანი პროექტი მომზადდა და მოგვიანებით კიდეც განხორციელდა. უნდა აღინიშნოს, რომ ელცინის რუსეთი დასავლური ორიენტაციის იყო. ელცინი ამერიკული პროექტია. ამერიკას ჯერ აღმოსავლეთში ჰქონდა იგივე სირიისა და ერაყის საკითხი მოსაგვარებელი. სწორედ ამის შემდეგ მოიცალა მან უკრაინისთვის. პროექტი შედგა, რომლის ნაწილი გახლავთ სწორედ ის ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ამერიკას სურს, ევროპაში თავისი სატელიტი სახელმწიფო ჰყავდეს, რომელიც უაღრესად მდიდარია წიაღისეულით. ეს, ფაქტობრივად, ევროპის კარიბჭეა. აღნიშნული პროექტი თეთრ სახლში არსებობდა კენედიდან მოყოლებული, მათ შორის, ობამას და ტრამპის დროსაც. თუმცა, ეს საკმაოდ რთული გადასაწყვეტი იყო. ხელისუფლებაში ბრეჟნევის ტიპის მმართველის _ ბაიდენის მოსვლის შემდეგ გადაწყდა ეს საკითხი. ბაიდენი ამერიკელი ბრეჟნევია. დიახ, ქვეყნის სათავეში მოვიდა კაცი, რომელიც თავად კი არ მართავს, არამედ მას მართავენ. ამერიკის სხვადასხვა პრეზიდენტებმა თავი საინტერესო მიმართულებებით გამოიჩინეს. ბაიდენს რითი უნდა გამოეჩინა თავი?! _ მან თავი უკრაინაში ომის მომზადებით გამოიჩინა. თუმცა, ევროპის გარეშე ამერიკა ვერაფერს გააკეთებდა. ევროპულ სტრუქტურებში, გერმანიაში პოლიტიკური პროცესების აბსოლუტურად სხვა რელსებზე გადაყვანა ამერიკელების ჩარევით მოხდა. იქ მშვიდობიანი გადატრიალება მოხდა. ხელისუფლების სათავეში მკვეთრად განსხვავებული ხედვის პოლიტიკოსი მოიყვანეს, რომელსაც საგარეო პოლიტიკაში აბსოლუტურად სხვა მიზანი და ამოცანები ჰქონდა. შოლცმა საგარეო პოლიტიკა ამერიკის სასარგებლოდ სრულიად შეცვალა.
ამ ომისთვის რუსებიც ემზადებოდნენ. სხვათა შორის, ამერიკელების მიერ ზელენსკის ხელისუფლებაში მოყვანა ერთი მილიარდი დაჯდა. იგი არც თავად არის სლავი და არც ხელისუფლებაში ჰყავს სლავები. აგერ, მიშამ ადეიშვილი, არახამია და სხვა ქართველები მიუყვანა. დიახ, უკრაინის ხელისუფლებას სლავების ნაცვლად ებრაელები, ქართველები მართავენ.
რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები იყო მომზადებული, რამაც არ იმუშავა _ რუსეთი უფრო გაძლიერდა. თავდაპირველად სანქციების ორ-სამ პაკეტზე იყო საუბარი. ახლა უკვე მეცხრე პაკეტი მზადდება, რუსეთი კი ომს ისევ აგრძელებს. სანქციების მეცხრე პაკეტი ჩვენთვისაც შეიძლება დარტყმა აღმოჩნდეს. აქ საქართველოს თემაც განიხილება.

რატომ ხდება ეს ყველაფერი? _ იმიტომ, რომ მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვერ მიაღწიეს. დასავლეთი ამ მიმართულებით ჩრდილოკავკასიელი ხალხის ამოძრავებისთვისაც ემზადებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ ვიცით, ჩრდილოკავკასიელების რუსული რეჟიმის მიმართ დამოკიდებულების შესახებ. ოსებს არ ვგულისხმობ. თუ მეორე ფრონტს გავხსნიდით, აშშ, უკრაინის მსგავსად, იარაღს ჩვენც მოგვაწვდიდა. კავკასიის ფრონტის გახსნით რუსებს, დასავლეთის აზრით, ორ ფრონტზე ბრძოლა ძალიან გაუძნელდებოდათ. ასე უკრაინა მიიღებდა ტერიტორიებს, მათ შორის, ყირიმის ჩათვლით. ეს ვერ და არც განხორციელდებოდა.

როგორც ჩანს, ბაიდენმა და მისმა გუნდმა რუსეთის პოლიტიკური ისტორია საერთოდ არ იციან. ეს არც ევროპელებმა იციან და არც ქართველმა პარლამენტარებმა. აქ რუსეთის ისტორია არც ტელევიზიის, პრესის ხელმძღვანელებმა იციან. მეტიც, ეს არ იციან ჩვენმა მკვლევარებმა, პოლიტოლოგებმა. მათ რუსეთის მიმართ ზერელე მიდგომა აქვთ. რუსეთს შენი არშინით ვერ გაზომავ.

300 წლის განმავლობაში რუსულ-მონღოლური ურთიერთობები ერთმანეთს შეერწყა. მონღოლური და რუსული პოლიტიკის ერთმანეთთან შენივთება ძალიან საინტერესოა. აქ ისიც არ იციან, რომ რუსეთმა თავის დროზე თავად გაუძლო 300 წელი მონღოლების შემოტევას. ჩინგიზ-ხანი ყველაზე ნიჭიერ მმართველად არის აღიარებული. მისი იმპერია 3-4 საუკუნე არსებობდა.
რუსეთმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მრეწველობა სამხედრო ყაიდაზე გადაიყვანა, როგორც ეს მეორე სამამულო ომის დროს გააკეთა. რუსეთში ყველგან: ციმბირში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ურალში თუ სხვაგან, მასიურად, ყოველდღიურად იარაღი მზადდება _ რაკეტები, ტანკები და ა.შ.

დღეს რუსეთს იმდენი საბრძოლო ტექნიკა აქვს, რამდენიც ომის დაწყებამდე არ ჰქონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთი საოცარ იარაღს ფლობს. მას აქვს წყალქვეშა ნავები, რითაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერია. რამდენიმე მათგანი უკვე ზღვაში ჩაუშვეს. ეს იარაღი ყველაზე საშიშია, რადგან წყალქვეშ ვერავინ აკონტროლებს. მას წყლიდან შეუმჩნევლად შეუძლია ამერიკას, ბრიტანეთს მიუახლოვდეს, შედეგები კი დამანგრეველი იქნება. ასე რომ, ომი გრძელდება. მსოფლიო პოლიტიკურ კულუარებში, მათ შორის, ამერიკაში უკვე დაიწყო საუბარი მეომარი სახელმწიფოების მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის თაობაზე.

_ ბატონო იგორ, მედვედევმა ნატოს შეახსენა: ბირთვული სახელმწიფო ვართო…

_ როცა ვირთხას კუთხეში მიიმწყვდევ, წინააღმდეგობას გიწევს, იცის, რომ უნდა მოკვდეს და შენც ზიანს გაყენებს. თუ რუსეთს _ ამ უზარმაზარ ქვეყანას თავისი მრეწველობითა და დიდი პოტენციალით კუთხეში კედელთან მიაყენებენ, მაშინ ის, ბუნებრივია, თავის დაცვის მიზნით ყველაფერზე წავა. რუსეთი არსებობისთვის, პრესტიჟის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ამიტომ მისთვის არავითარი დათმობა არ არსებობს. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ბუნებრივია, თუ მოსკოვი «გადახურულია», მას შეიძლება ვერაფერი უქნან, მაგრამ ყველა ქალაქი ხომ არ არის «გადახურული». კი ბატონო, რუსეთს დარტყმა მიადგება, მაგრამ იგივე მოხდება ევროპისა და აშშ-ის შემთხვევაშიც. რუსეთმა ევროპის მიმართულებით წყალბადის ატომური ბომბი თუ გამოიყენა, მისი დამანგრეველი ეფექტი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ხიროსიმასა და ნაგასაკის შემთხვევაში. ეს, პირველ რიგში, ევროპისთვის იქნება კატასტროფა. ამას კარგად გრძნობენ ევროპული სახელმწიფოები, მათ შორის, უნგრეთი, ესპანეთი და სხვები. ეს კავკასიისთვისაც უზარმაზარი დანაკლისი იქნება. უკრაინასა და საქართველოს შორის პირდაპირი მანძილი 1000-1500 კილომეტრია. დასავლეთ საქართველოდან, მარტვილიდან კიევში მანქანით ვიმგზავრე, სულ რაღაც 2000 კილომეტრი დავფარე. პირდაპირი ხაზი უფრო ნაკლებია. მოსკოვთან პირდაპირი ხაზი 2000 კილომეტრია. ამიტომ მეტი დაფიქრება და ვითარების სწორად გაანალიზებაა საჭირო.
_ რას იტყვით ლავროვის განცხადებაზე: საქართველო დასავლეთიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების კუთხით ზეწოლას განიცდისო? ჩვენმა ოპოზიციამ მაშინვე აქცენტი შემდეგზე გააკეთა: აი, ხომ გეუბნებოდით, რუსული მთავრობა გვყავსო.

_ საინტერესო შეკითხვაა. ჩვენი პოლიტიკოსები ვერ არჩევენ, რა არის დიპლომატია. ლავროვი, ბუნებრივია, სწორედ იმას ახმოვანებს, რაც რეალურად ხდება. დააკვირდით, საქართველოსთან მიმართებით ამერიკის ელჩის და სხვათა გამონათქვამებს. ისინი პირდაპირ არ ამბობენ: ჩვენ ვითხოვთ, საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას და ომი დაიწყოსო. ბუნებრივია, დიპლომატები არიან და ამას ასე ღიად არ გვაჯახებენ. თუმცა მათი გამონათქვამების ხაზი სწორედ ამისკენაა მიმართული. დიახ, მათ მეორე ფრონტის გახსნა სურთ, რათა უკრაინას მდგომარეობა შეუმსუბუქონ. უკრაინის გაძლიერება ამერიკისთვის, ასევე, ევროპისთვის სულის მოთქმის ტოლფასია.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ რუსეთმა მრეწველობა სამხედრო ყაიდაზე გადაიყვანა, მათ შორის, ციმბირის ქარხნები. ასევე, იარაღსაც ყიდულობს. დასავლეთმა არც კი იცის, საიდან ყიდულობს რუსეთი იარაღს. ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ამიტომაც სურთ ამერიკელებს მეორე ფრონტის გახსნა, მაგრამ ეს არ მოხდება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლება, ამ შემთხვევაში, მართებულად იქცევა. ეს არის პოლიტიკური სვლა, რასაც მივესალმები. ეს უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა. ის გახლავთ სახელმწიფოს მეთაური, რომელიც მართავს და პასუხისმგებელია ქვეყანაზე. იგი ახლახან დაბრუნდა ევროპიდან. ეკონომიკურ თემებზე საუბრის გარდა, დავოსში განიხილებოდა საკითხი საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. იგივე, აზერბაიჯანელები, სომხები, ევროპის სახელმწიფოები ღარიბაშვილს შეხვედრისას ეუბნებოდნენ, რომ მეორე ფრონტის გახსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საქართველოს მდგომარეობა ახლა ძალიან რთულია. ოპოზიცია ერთს ამბობს, მაგრამ ხელისუფლებამ სულ სხვა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მან პოლიტიკურად უნდა ითამაშოს ამერიკასთანაც, ევროპასთანაც და, გნებავთ, რუსეთთანაც.

ასე რომ, ლავროვი შემთხვევით არაფერს ამბობს. თუ მიაქციეთ ყურადღება, მან ადრე ნახსენები ასეთი ფრაზა თქვა: აფხაზებმა და ოსებმა თავად გადაწყვიტონ, ვისთან ერთად სურთ ცხოვრებაო. ეს როდი ნიშნავს, რომ ამ განცხადებას ხბოს აღტკინებით შევხვდეთ. ლავროვს ახლა დასჭირდა და იმიტომ გააჟღერა ეს ფრაზა. როგორ ფიქრობთ, როცა საქართველოს დანაწილება მოხდა, ვინ იყო ამაში ჩარეული? _ აშშ, ხომ. საქართველოს განაწილება შევარდნაძის პერიოდში მოხდა, როცა მან აფხაზეთს ომი გამოუცხადა. იქ თავისი ლაშქარი შეიყვანა და მოხდა საქართველოს განაწილება.

1993 წლის სექტემბრის მერე ჩვენ აფხაზეთთან არავითარი ურთიერთობა აღარ გვქონია არც ეკონომიკური და არც სხვა სახის. ასევე ოსებიც არავის ემორჩილებოდნენ, ფაქტობრივად, ცალკე იყვნენ. ამ დროს აშშ-მ განაწილება მოახდინა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუს სამხედროებს მისცეს, სადაც რუსული ბაზები გააკეთეს. მაშინ რატომ არ ამოიღო ამერიკამ ხმა, როცა ბაზებზე იყო ლაპარაკი. თქვენ ხომ იცით, რომ რუსეთის ბაზების დაყენება ოკუპაციაა. მაშინ ამაზე ხმა არავინ ამოიღო, მათ შორის, არც გაერომ. ეს ორგანიზაცია არაფერს აკეთებს.

2008 წელს იგივე განმეორდა. ამ წელს რუსეთმა ეს ტერიტორიები უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. თუ ლავროვის ფრაზას რეფერენდუმი მოჰყვა, დარწმუნებული ვარ, აფხაზებიც და ოსებიც იტყვიან, რომ რუსეთთან ერთად უნდათ ცხოვრება, რადგან ამ ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობა აღარ დარჩა. ეს არის შემოგდებული ფრაზა, რაც ლავროვს შემთხვევით არ გაუჟღერებია. იგი ერთ-ერთი დიდი დიპლომატია. ასევე პუტინიც ძლიერი პოლიტიკოსია. იგი არის პიროვნება, რომელიც რუსეთისთვის ყველაფერს გააკეთებს. მას სურს, პოლიტიკურ ისტორიაში დარჩეს.

ზოგი დილეტანტი გაიძახის: პუტინი ავად არის, მალე გადადგებაო. ეს საინფორმაციო ომია და არაფერს ნიშნავს. ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაფრთხილებაა… მან დიპლომატიურად თქვა: აფხაზებმა და ოსებმა თავად გაარკვიონ, ვისთან ერთად უნდათ ცხოვრებაო. ვფიქრობ, აფხაზებთან და ოსებთან დაახლოებისკენ ნაბიჯები ჩვენ უნდა გადავდგათ. დარწმუნებული ვარ, მაშინ ეს ჩვენი მოძმე ერები უკვე სულ სხვა არჩევანს გააკეთებენ…

თამარ შველიძე
555 23 28 24
წყარო: საერთო გაზეთი

Cesko