ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს:
„ესპანეთისგან განსხვავებით, სადაც 2001 წელს დაწყებულ მშენებლობის ბუმს და ბინების საყიდლად გამოტანილი საბანკო სესხების მასობრივად ვერ გასტუმრებას, 2007-ში ისეთი ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, რომ ქვეყანა 2014 წლამდე ვერ გასწორდა წელში, ჩვენთან ეს ბიზნესი ყვავის, იფურჩქნება და რაც მთავარია, ყოვლად წარმოუდგენელ ადგილებში, ნაჩქარევად აშენებულ კორპუსებში, ბინა არ რჩება გასაყიდი. რა სანტიაგო კალატრავა და რის ფრანკ გერი, ჩვენი უსახელო არქიტექტორები სასწაულებს ახდენენ და კაცმა არ იცის, რა მაგიური ძალით ახერხებენ, ერთ პატარა მოედანზე, სადაც ადრე გაჭირვებით ეტეოდა ერთი ბეწო სკამი, სასრიალო, და აიწონა-დაიწონა, ორი თექვსმეტსართულიანი კორპუსის ჩაკვეხებას.
არანაკლებ უტყუარი და შემოსავლიანი გამოდგა სასაფლაოს ბიზნესი. წინასწარ გაიგე რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, იყიდე შესაფერისი მიწის ნაკვეთი, დაარეგისტრირე სასაფლაოდ და დაადე ორადგილიან განსასვენებელს 5000 დოლარი. არ გაგეყიდება თუ რა! მშენებლობას არ ჯობია? არც მიწისქვეშა პარკინგს მოგთხოვენ, არც უხარისხო საშენ მასალებს წამოგაძახებენ და არ მიწისძვრის დროს დაგემხობა თავზე.
ჰოდა, მთელი თბილისი ერთ თვალუწვდენელ სასაფლაოდ რომ არ იქცეს, მგონი დროა სერიოზულად დავფიქრდეთ კრემატორიუმის აშენებაზე. სანამ რიყის ქვებით გამომეკიდებით ჩასაქოლად, მოვასწრებ და გეტყვით, რომ ძალით არავინ არავის შეუძახებს ცეცხლში, არც ტრადიციული წესით დაკრძალვას ვერჩი. ჩემი არგუმენტი ასეთია: ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, მიწა იყავი და მიწად უნდა იქცე და მე მგონი, სჯობს, ფერფლის სახით შეერიო მიწას, ვიდრე ჭიაღუებმა გამოგხრან ნელ-ნელა და დაგემოვნებით. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ვისაც მეორე ვარიანტი უფრო გხიბლავთ, არ შეგედავებით.
ქრისტიანული ქვეყნების უმეტესობაში, დაკრძალვის ეს ორივე მეთოდია დანერგილი და ჭირისუფალი ირჩევს მისთვის მისაღებ ვარიანტს. სიკვდილი არავის უნდა და არც მასზე ფიქრია სასიამოვნო. მეც მინდა შვილები ფეხზე დავაყენო, კიდევ ბევრ ადამიანს ვასწავლო ესპანური, ვთარგმნო ან სახელმძღვანელოები დავწერო, მაგრამ როცა დრო მოვა, მირჩევნია ჩემი ფერფლი ჩემმა შვილებმა დედაჩემის საფლავზე დამარხონ, ქალაქს მიწას დავუზოგავ, შვილებს ზედმეტ ხარჯს.
სააგენტოებო, ხომ ხვდებით რა პოლემიკური თემაა და რა წყევლა-კრულვას დავიმსახურებ თქვნი მკითხველებისგან, რომელთა ნაწილი მხოლოდ სათაურს: „თეა გვასალია ადამიანების კოცონზე დაწვას ითხოვს“ (ან რამე ამის მსგავსს) წაიკითხავს”.