ცნობილი ქართველი დირიჟორი და  კომპოზიტორი გარდაიცვალა

0
2075
31 Views

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა დირიჟორი, კომპოზიტორი და პედაგოგი, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი, ღირსების ორდენის კავალერი, ბატონი შავლეგ შილაკაძე.

შავლეგ შილაკაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტი 1963 წელს (ვილინო, ალტი); 1968 წელს საკომპოზიციო ფაკულტეტი ოთარ თაქთაქიშვილის ხელმძღვანელობით, ასევე 1968-71 წლებში ო.დიმიტრიადის ხელმძღვანელობით საოპერო-საორკეტრო დირიჟორობას ეუფლებოდა; 1974 წელს კი მაშნდელი ლენინგრადის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა.

1959-1969წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური და კამერული ორკესტრის მსახიობი; 1969-1984წწ. თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი; 1976-1985წწ. ანსამბლ “თბილისის კამერატას” დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი; 1984 – 2014 წლებში კონსერვატორიის დოცენტი, პროფესორი; 1988 წლიდან კამერული ორკესტრის “თბილისის კონცერტინოს” დამაარსებელი და მთავარი დირიჟორი. 1999-2002 კაიროს (ეგვიპტე) ხელოვნებათა აკადემიის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული დირიჟორი. 2002 „თბილისის მუსიკოსთა და მუსიკის მოყვარულთა კავშირის” დამაარსებელი. კომპოზიტორთა კავშირის წევრი.

შექმნილი აქვს სიმფონიური, კამერული და საგუნდო ნაწარმოებები. აქტიურად ატარებდა კონცერტებს საქართველოში და საზღვარგარეთ. განსაკუთრებულად ხშირად კი კონსერვატორიის დარბაზებში.

მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000), საქართველოს ეროვნული პრემია (2012), ჯილდო წლის საუკეთესო ნაწარმოებისათვის (2012); კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, კოლეგებს, მეგობრებს, საქართველოს მუსიკალურ-კულტურულ საზოგადოებას.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

Cesko