რა კრიტერიუმით უნდა შევადაროთ სესხები ყველაზე იაფი სესხის საპოვნელად?

0
422
26 Views

თუ გვსურს, რომ მივაგნოთ იაფ სესხს ჩვენთვის ხელსაყრელი პირობებით, აუცილებელია სესხების შესადარებლად გამოვიყენოთ ორი კრიტერიუმი. ესენია – ნომინალური საპროცენტო განაკვეთი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი

ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის სესხის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში და ასახავს უშუალოდ სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს. იგი არ მოიცავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს, როგორიცაა გატანისა და დამტკიცების საკომისიო, დაზღვევის საკომისიო და ა.შ.

 

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში, ნომინალურისაგან განსხვავებით, გათვალისწინებულია ყველა ხარჯი, რაც თან ახლავს სესხის აღებას. იგი აერთიანებს არამხოლოდ ნომინალურ პროცენტს, არამედ ყველა იმ გადასახდელსა თუ საკომისიოს, რომლის გადახდაც სესხის აღებიდან მის დაფარვამდე გვიწევს.

 

ნომინალურისა და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შედარება

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნომინალური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით დაანგარიშებული თანხა სესხის ძირითადი ხარჯია, თუმცა ასევე არსებობს სხვა სახის ფინანსური ხარჯები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია, რომ სხვადასხვა ალტერნატივა შევადაროთ. ამისათვის გამოიყენება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომლის დაანგარიშებისას სესხის აღებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ამ ხარჯების გადახდის დრო არის გათვალისწინებული.

ასე რომ, სხვადასხვა ალტერნატივის შედარებისას სწორედ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთი არის ის მთავარი ფაქტორი, რასაც უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი პროდუქტის ფასის ერთგვარი პროცენტული გამოხატულებაა.

ორი სხვადასხვა შეთავაზების შედარებისას შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ერთ სესხზე ნომინალური საპროცენტო განაკვეთი უფრო მცირეა, ვიდრე მეორეზე, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი ორივე შეთავაზების შემთხვევაში შესაძლოა იდენტური იყოს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ პირველ სესხს, გარდა საპროცენტო ხარჯისა, სხვა ტიპის ხარჯიც ახლავს თან, როგორიცაა მაგალითად სესხის გაცემის საკომისიო.

ეფექტურსა და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავებას ის დამატებითი ხარჯები ქმნის, რომლებიც მომხმარებელს სესხის დამუშავების, გაცემისა და მომსახურებისთვის ეკისრება.

 

Cesko