„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ – რუსული ძალები, სავარაუდოდ, სოლედარს მთლიანად, ან ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ

January 13, 10:30
0
261

11 და 12 იანვარს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, აკონტროლებენ სოლედარის უმეტეს ნაწილს, თუ არა მთელ ქალაქს, – ამის შესახებ ამერიკის „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ანალიტიკოსების განმარტებით, 12 იანვარს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის სოლის დასახლებაზე, რომელიც მდებარეობს სოლედარის ჩრდილო-დასავლეთით კილომეტრის მანძილზე, თუმცა გენშტაბსა და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსან სამხედროებს არ უთქვამთ, რომ უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები სოლედარზე, როგორც ისინი ამას სხვა დროს აცხადებდნენ.

“რუსმა ბლოგერებმა 12 იანვარს გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები თავისუფლად სეირნობენ სოლედარში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რუსული ძალების მიერ სოლედარის აღება არ დაუდასტურებია, მაგრამ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ ძალებს დასახლებაში წარმატებული შეტევითი ოპერაციები მიულოცა. ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები ვეღარ ინარჩუნებენ ორგანიზებულ თავდაცვას სოლედარში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ „რუსული ძალების მიერ სოლედარის დაკავება არ არის ოპერატიულად მნიშვნელოვანი მოვლენა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბახმუტის ალყაში გარდაუვლად მოხვედრას მოასწავებდეს“.

Cesko