„ახია მიშაზე. ფული, მიწები, მანქანები, პრივილეგიები – ყველაფერი აჩუქა საპატრიარქოს და ახლა მოსწერეს, შეეგუე მანდ ყოფნას და მეტს ნუღარ მოგვწერო“ – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ვახო სანაია პატრიარქის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს.
სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი წერს:
“სხვებმა მაინც ისწავლეთ ჭკუა, სანამ მუხლებს გადაიტყავებთ საპატრიარქოს ზღურბლთან. ვერაფერმა გასწავლათ ჭკუა – სულ ბოლოს ვერც 5 ივლისმა, როცა პირდაპირ სისხლისღვრა მოაწყვეს თბილისის ცენტრში.
გაგიკვირდებათ და ერთადერთი, ვინც მათ წინააღმდეგობა გაუწია და დაასუსტა, ივანიშვილია. ოღონდ მას თავისი მოტივაცია აქვს და ყველაზე უღირს მეთოდებს იყენებს – პირად ცხოვრებას, საძინებლებს, ფარულ გადაღებას და ა.შ. საქმე ისაა, რომ ორი მეფე ერთ ქვეყანაში ზედმეტია.
თუმცა არც ივანიშვილს მისცემენ მოსკოვიდან უფლებას, ბოლომდე დაასუსტოს, რადგან ივანიშვილს უფრო შეელევიან რუსეთში, ვიდრე საპატრიარქოს. ამიტომ უწევთ ერთმანეთთან პარტნიორობა“ – წერს ვახო სანაია.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების და აღსაყდრების დღე წერილობით მიულოცა. ექსპრეზიდენტის წერილი საპატრიარქოში ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიიტანა.
თავის მხრივ, საპასუხო წერილი მისწერა პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს. ილია II ექსპრეზიდენტს მოლოცვისთვის მადლობას უხდის და უსურვებს მხნეობას “ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“.
„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.