La Repubblica: კვარა სიმფონიას ჰგავს, რომელიც ცარიელ ოთახს ავსებს ხვიჩა კვარაცხელია

0
1085
23 Views

იტალიურმა გაზეთ La Repubblica-მ რეპორტაჟი მოამზადა „ნაპოლის“ ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე. იტალიური გაზეთის ჟურნალისტი, კოზიმო ჩიტო თბილისში უშუალოდ იმ ხალხს ესაუბრა, ვინც ქართველი ფეხბურთელის ზრდას აკვირდებოდა.

„ქვეყანაში, რომელმაც 10 ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ძალოსნობაში, ძიუდოსა და ჭიდაობაში, კვარა სიმფონიას ჰგავს, რომელიც ცარიელ ოთახს ავსებს. ვიღაცამ მის გოლებსა და დრიბლინგს მუსიკა დაადო. ვალსი, მსუბუქი სუნთქვა, რომლითაც სანთელსაც ვერ ჩააქრობ, იმდენად ფაქიზია. თუმცა, ასევე ქარი, კვარას ქარი, რომელიც შორეული ვულკანის ფორმის სტადიონის თავზე უბერავს“, – წერს სტატიის ავტორი.

იტალიელი ჟურნალისტი ასევე გაესაუბრა თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტს, რომან ფიფიას.

„ახლა მას [ხვიჩა კვარაცხელიას] ყველა იცნობს. კვარა “დინამოს” აკადემიაში 2012 წელს, მისი დაარსების წელს მოვიდა: აკადემიის გახსნას კრიშტიანუ რონალდუც დაესწრო. იმ დროს ხვიჩა “ავაზაში” ვარჯიშობდა, რომელსაც მამამისი წვრთნიდა. მისი [ხვიჩას] პროგრესი 2016 წელს დაიწყო, როდესაც გვინდოდა, რომ აკადემიაში მოსულიყო და აქ ეცხოვრა. ეს იყო გამონაკლისი, რადგან აკადემიის საცხოვრებელში მხოლოდ ის ბავშვები ცხოვრობენ, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან. თუმცა, შევამჩნიეთ, რომ ამ პატარა ბიჭს მეტი ყურადღება სჭირდებოდა. კვარა შესანიშნავი იყო დრიბლინგში, მაგრამ ასევე ძალიან ძლიერი იყო ფიზიკურად. ეს ჩვენი აკადემიის დამსახურებაა: კარგი ვარჯიში, კარგი კვება, კარგი გარემო. 16 წლის ასაკში მან პირველი გოლი გაიტანა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ თამაშში. როგორც წესი, ფსიქოლოგიური ნახტომთან გვაქვს საქმე, როდესაც ისეთ დიდ გუნდში იწყებ თამაშს, როგორიც „დინამოა“. როდესაც ბავშვი ამ [ფსიქოლოგიურ] ბარიერს გადალახავს, ​​თავისუფლად შეუძლია თამაში. მსურს ნეაპოლში გამგზავრება და [ნაპოლის] პრეზიდენტ დე ლაურენტისთან შეხვედრა. მათთან პარტნიორობის დამყარება მსურს. სერია A-ში ჩვენი აკადემიის მიერ აღზრდილი კიდევ ერთი ფეხბურთელია – ლოჩოშვილი. ჩვენ ის გავზარდეთ, ახლა კი „კრემონეზეშია“. ჩვენ ვიცით როგორ მოვეპყროთ ტალანტებს. აღტაცებულნი ვართ“, – აღნიშნა რომან ფიფიამ.

 

იტალიური გაზეთი ხვიჩა კვარაცხელიას პირველ მწვრთნელს, ლადო კაკაშვილსაც ესაუბრა.

„სულ დრიბლინგზე ფიქრობდა. მისთვის ეს პატარა აკვიატება იყო. ჩვენ მას [დრიბლინგს] არასდროს ვუშლიდით. არასდროს შეგვიზღუდავს ის რაღაც ერთი როლით. 13 წლის ასაკში ის ასევე თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე. გვინდოდა მცველების მოძრაობები შეესწავლა. „ნაპოლის“ ყველა თამაშს თვალს ვადევნებ და კვარა ის ბიჭია, რომელიც ჩვენ გავზარდეთ“, – ამბობს ლადო კაკაშვილი.

„აქ, [„დინამოს“] აკადემიაში ჩვენ ვინახავთ „ლუკოილის“ თასს – 2013 წელს თურქეთში, კვარასთან ერთად მოგებული პირველი ტურნირის თასს. შემიძლია ვთქვა ერთი რამ: ასეთი ტალანტი 50 წელიწადში ერთხელ იბადება. თუმცა, მისი უმცროსი ძმა, თორნიკე, ასევე შესანიშნავია. მასაც გამოუვა ყველაფერი“, – განაცხადა „დინამოს“ სკაუტმა, თემურ უგრეხელიძემ.

Cesko