იპოლიტე ხვიჩიას სიტყვები, რომლებიც მან სიკვდილის წინ შვილიშვილს უთხრა – რა დაუბარა დიდმა კომიკოსმა შვილიშვილს

0
7669
35 Views

იპოლიტე ხვიჩიას სიტყვებს, რომელიც მან სიკვდილის წინ შვილიშვილს, მანანა ხვიჩიას უთხრა, სოციალურ ქსელში ბევრი გაზიარება აქვს. “აცხონოს ღმერთმა, ბრძენი ადამიანი ყოფილაო”, კომენტარებში წერს მამა ილია ჩიკვაიძე.

აი, რა დაუბარა დიდმა კომიკოსმა შვილიშვილს.

იპოლიტე ხვიჩია: იცოდე, მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო!

სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან შეიძლება ხმამაღლაც იყვირო. ხომ ვიცით, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელია – სიყვარულიც არის და სიყვარულიც…

ფულის სიყვარული სიმახინჯეა, ის უნდა მოიხმარო. სხვაგვარად მან დამონება იცის. ფულის შემგროვებელი ადრე ბერდება…

იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილის მოგონებები ბაბუაზე

როდის იწყებდა ეჭვიანობას მწვანეთვალება მსახიობი

“იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილობა რთულიცაა, საპასუხისმგებლოც და სასიამოვნოც”, – ნუკრი (ნუნუ) გაბუნია ყველასათვის საყვარელი მსახიობის ნაბოლარა შვილიშვილია, რომელსაც ბაბუსთან დაკავშირებით, ცხადია, ბევრი ტკბილი მოგონება აქვს და სიყვარულით იხსენებს დიდი და მხიარული ოჯახის ბედნიერ და იუმორით სავსე დღეებს.

“ბაბუ ძალიან მეგობრული, მესაიდუმლე იყო”

– როცა ბაბუ სადმე გადაღებაზე მიდიოდა, ჩვენც სულ თან დავყავდით, მარტო ყოფნა არ უყვარდა. უბრალოდ, ის თავის სასტუმროში იყო, ჩვენ – სხვაგან. ხუთი დედმამიშვილი ვიყავით – მანანა და ავთო ტყუპი, ბესიკი, მაკა და მე, თითო მეგობარი ყველას მოგვყვებოდა და ბოშებივით ბევრნი დავდიოდით (იცინის).

ბაბუს თუ რაიმე აწუხებდა, ამას ვერანაირად ვერ შეატყობდი, არ გაგრძნობინებდა, მოწყენის საშუალებას არავის გვაძლევდა. სახლში როგორც კი შევიდოდით, მაშინვე ხვდებოდა, როგორ ხასიათზე ვიყავით. თუ რამე ისე არ იყო, – ვინმემ ხომ არ გაგაბრაზაო? ყველაფერს მეგობრულად გამოგვკითხავდა. ჩვენი მესაიდუმლე იყო. ოჯახში მის გარეშე არაფერი კეთდებოდა, მარტო არაფერს ვწყვეტდით. დედაც ბაბუს ეძახდა იპოლიტეს, ყველა ასე ვეძახდით, ბებია კი – ბაკუნას (იცინის). ბაბუს ასთმა ჰქონდა, ქუთაისიდან თბილისში ამიტომაც გადმოვიდა, იქ ნესტია, მოგეხსენებათ. ბაბუს ფეხიც აწუხებდა, გაჟონვა ჰქონდა, ინსულტი დაემართა… ჩემი ოთხივე დედმამიშვილი ქუთაისში დაიბადა, მე – თბილისში და ბაბუ მეხუმრებოდა, – ხომ ხედავ, ყველანაირად პრივილეგირებული მყავხარ, შენ თბილისელი ხარო. სადაც მიდიოდა, სულ კალთაში ვეჯექი. სკოლიდან შინ მოვირბენდი თუ არა, პირველი ის მიმიხმობდა თავისთან, ამბების მოსაყოლად.

“ბაბუ “გადაგარჩინეს” მეძახდა” – როცა დედა ჩემზე დაფეხმძიმდა, ჩუმად გადაუწყვიტია, აბორტი გაეკეთებინა… ერთ ექიმთან რომ მისულა, მას უთქვამს, ნაყოფი პატარაა და ცოტა დავაცადოთო, მეორესთან კი მისი ვიზიტი უკვე დაგვიანებული იყო – საკმაოდ დიდიაო. ამ დროს დედას ერთი ინფარქტი უკვე გადატანილი ჰქონდა და ეშინოდა. ბაბუსთვის უკითხავს, რა ვქნაო? ბაბუა გაგიჟებულა, მაგრამ არ შეუმჩნევია. გინეკოლოგთან გადაურეკავს, – საშვილიშვილოდ დამკარგავ, თუ ნუნუს აბორტს გაუკეთებო. მოკლედ, დედას რაღაცები დააჯერეს და ასე შეანარჩუნებინეს ჩემი თავი. სადაც ოთხი, იქაც მეხუთეო და გავჩნდი მე. თუმცა, მშობიარობისას ისე ცუდად გამხდარა, ლამის გარდაცვლილა და ბაბუს ამაზე ძალიან უნერვიულია, – ჩემი ბრალია, ჯერ არგაჩენილ ბავშვს ლამის გადავაყოლეო… მოკლედ, ორივე გადავრჩით და მეც ნუნუ დამარქვეს, დედის სახელი.

ხუთივე და-ძმა ძალიან ცელქები ვიყავით, მაგრამ მე განსაკუთრებულად. მთავარია, უზრდელები, ტუტუცები და გაუზრდელები არ ვიყავით. ბაბუს რამეზე რომ გავაწვალებდი, უფრო მეტად, კარტის თამაშის დროს, თუ რამეს ვიმაიმუნებდი, ხუმრობდა ხოლმე, – რა თავს ვიკლავდი, რატომ გადაგარჩინეო (იცინის).

– სულ რამდენი ხართ შთამომავლები?

– მანანა და ავთო ტყუპი; სამწუხაროდ, მანანა 53 წლის ასაკში ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა; მანანას ერთი ვაჟი დარჩა – ლაშა, ავთოს კი ორი შვილი ჰყავს – იპოლიტე და გვანცა ხვიჩიები; გვანცას მეოთხე შვილი შეეძინა ახლახან. მაკას შვილები არიან ბორისი და გიორგი, რომელიც მონასტერში ცხოვრობს. მაკა შარშან გარდაიცვალა, 57 წლის ასაკში, ისიც სიმსივნით. ეს ისეთი მძიმეა ჩემთვის, ჯერაც ვერ მოვსულვარ აზრზე.

ბესიკი ორი ქალიშვილისა და ორი ვაჟის მამაა – ანუკი, ილია, ლუკა და მარიამი, ისინი საბერძნეთში ცხოვრობენ. ანუკის და ილიას ორ-ორი შვილი ჰყავთ. მოკლედ, იპოლიტეს ბევრი შვილთაშვილი დარჩა. ჩემი შვილები იმხელები არიან, ძმებივით მომყვებიან, პატარა ასაკში დავოჯახდი და სულ მგონია, რომ ესენი ჩემი მეგობრები უფრო არიან, ვიდრე – შვილები. მე მყავს ბაჩი, ლექსო და მარიამი. ბაჩის ჰყავს – დათა, ლექსოს – ალეხანდრო და ნუნუ. ლექსოს მეუღლე ესპანელია. ესპანეთში ჩვენც ვცხოვრობდით სამი წელი.

გარემოცვა და ხასიათი… – ჩვენს ოჯახში სულ სტუმრიანობა იყო. თუკი ვინმე სტუდენტი გახლდათ ან მუშაობდა და თბილისში უნდა ეცხოვრა, ყველა ჩვენთან იყო და ეს იყო დიდი, მხიარული ოჯახი. მარტო ყოფნას ვერ ვიტანთ, ისე მივეჩვიეთ ხალხმრავლობას. მე კი ყველასთან ერთად მქონდა დაბადების დღე: ვისი იუბილეც უნდა ყოფილიყო, აუცილებლად იყო მეორე ტორტი ჩემთვის, თავისი სანთლით (იცინის). ძალიან განებივრებული ვიყავი და მაკა მეტყოდა ხოლმე, – ნუკრი, რით ვეღარ გაიზარდეო (იცინის). ჩემი მეუღლე მეხუმრება ხოლმე, – ნუკრი, უკვე ბებია ხარ და აღარ შეგშვენისო და იცით, რატომ? დღემდე მგონია, რომ პატარა ვარ, ჩემი შვილების მეგობრები როცა მოდიან, თანატოლივით ჩამოვუჯდები და ისე ვჭორაობთ, მეც მათი ხნის მგონია თავი.

დედმამიშვილები სულ ხელისგულზე მატარებდნენ, მაგრამ ყოველთვის დიდი რიდი და მოწიწება მქონდა მათი. არ მახსოვს, და-ძმებს გვეჩხუბოს. ერთადერთხელ იკინკლავეს მანანამ და ავთომ, ისიც წიგნის გამო, ორივეს უნდოდა წაკითხვა. წიგნი გამოსული და დაბეჭდილი არ იყო, მათ წაკითხული რომ არ ჰქონოდათ. ამიტომ, დედას ერთი და იგივე წიგნი სულ 2-3 ეგზემპლარი მოჰქონდა. ერთმანეთს “დეგენერატი” დაუძახეს და ეს იყო ყველაზე დიდი სალანძღავი სიტყვა. ბაბუაჩემი გამოვიდა და უთხრა, – მასეთი სიტყვები საერთოდ არ უნდა იხმარო, ჯერ ერთი შეგრცხვება, თან ის შენი ტყუპისცალია და ის თუ დეგენერატია, შენ ორჯერ იმდენი დეგენერატი გამოდიხარო (იცინის), ან კარგად უნდა შეიგინო და გულზე მოგეშვებაო; ერთმანეთი არასდროს დაწყევლოთო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცელქები ვიყავით, ერთი სიტყვის თქმაც საკმარისი იყო, რომ გაგვეგონა. სტუმარი თუ იყო, დედაჩემის ერთი გამოხედვა და უკვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა.

ბაბუს ხასიათით ყველა ვგავართ, რადგან, როცა ასეთი ადამიანის გარემოცვაში იზრდები, ბუნებრივია, მას ხასიათითაც ემსგავსები. ხუთი დედამამიშვილიდან იუმორის გრძნობა ყველას აქვს, მაგრამ ჩემს დას – მაკას განსაკუთრებულად ჰქონდა.

“ალბათ ცოტა თუ დაიტრაბახებს სიძე-სიდედრის ასეთ ურთიერთობას” – დედაჩემი მასწავლებელი იყო, მამა – ინჟინერი. მუშაობდნენ, მაგრამ მათი ყურადღება არასდროს გვაკლდა, ჩვენთვის ყოველთვის ყველას ეცალა. დიდედაც გვყავდა, ბებოს დედა – იპოლიტეს სიდედრი. ალბათ 1-2 ადამიანი თუ დაიტრაბახებს სიძე-სიდედრის ისეთ ურთიერთობას, როგორიც მათ ჰქონდათ. ჭკუა გვეკეტებოდა დიდედაზე, საოცრად მოწესრიგებული ქალი იყო, ერთი და იგივე ტანსაცმელი არასდროს ეცვა, წინსაფარი ეკეთა ხოლმე. ყველა დავარცხნილ-დაპურებული ვყავდით. ერთადერთი ის იყო მკაცრი. რამეს რომ გვეტყოდა, ენას ვერ შევუბრუნებდით. ავთო გამორჩეულად უყვარდა, რადგან ძალიან პატარა, ორ კილოგრამამდე დაიბადა და სულ შეფუთული ჰყავს გაზრდილი, განსაკუთრებული ამაგი ჰქონდა. რამე თუ გვინდოდა, დიდედასთან ავთოს ვუშვებდით (იცინის). სულ ჰქონდა გადანახული ჩვენთვის ფული, კანფეტი, ჩურჩხელა, ტყლაპი და ა.შ. სახლში რამდენიმე ძაღლი და კატაც სულ გვყავდა.

– ბებიასთვის როგორი მეუღლე იყო იპოლიტე?

– მესაკუთრე. ბებო სახლშიც ფორმაში უნდა ყოფილიყო, მოწესრიგებული, თმაშეღებილი, გამოპრანჭული, ტუჩსაცხით – ეს მოსწონდა. ესტრადას მაშინ დაანება თავი, როცა დედაჩემს ტყუპი შეეძინა. იპოლიტე ერთადერთი იმაზე ეჭვიანობდა, ვინმე თუ ეტყოდა, ეს რა კარგი მეუღლე გყოლია, რა სილამაზე აქვს, რა ხელსაქმე იცისო. ბოლოს გამოტყდა, იმაზე ვეჭვიანობდი, რომ ამ ხალხს შენ უფრო უყვარდი, ვიდრე მეო და იმ ღირსებებს იმიტომ უსვამდნენ ხაზს, რომ მე დაბალი და მელოტი ვიყავიო. მერე ბებომ გახედა და უთხრა, – სამაგიეროდ, შენ ისეთი მწვანე თვალები გაქვს, ჩემი ხელსაქმე თუ სიმაღლე მასთან არაფერიაო.

ძალიან ყურადღებიანები იყვნენ. თუ ვინმე რაიმე თხოვნით დარეკავდა, უარს არაფრით ეტყოდნენ. ბოლოს საკმაოდ მძიმედ იყო, ორი ჯოხით დადიოდა, ფეხსაცმლის ჩაცმაც უჭირდა და მოჭიდავეებს სპეციალური ჩუსტი მოჰქონდათ ხოლმე მისთვის. ერთხელ, სიცივეში ამით გავიდა საქმეზე და გაცივდა. ბაბუ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ვერ გაიგეს, ასთმური შეტევა სპაზმი ეგონათ. ბაბუს და ბებოს ერთი და იგივე დაავადება ჰქონდა – ბაბუს მარჯვენა მხარეს გაჟონვა, ბებოს – მარცხენა… მახსოვს, თუ ვინმე გვესტუმრებოდა, ცუდად მყოფიც ჯოხს აუცილებლად კედელზე მიაყუდებდა და ისე გაივლიდა.

“როცა გარდაიცვალა, მის ფილმებს ვერ ვუყურებდი” – იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბაბუს დანახვაზე სიცილისგან ისტერიკაში ვარდებოდნენ და ის ამაზე ბრაზდებოდა, – მეც ხომ კაცი ვარ, ხომ არაფერი მიჩანს, რატომ დამცინიანო? დედა ეტყოდა ხოლმე, სიყვარულს სხვანაირად ვერ გამოხატავენო. მე თვითონ ვარ მომსწრე, ქუჩაში რომ გავიდოდით, როგორი სითბოთი და სიყვარულით ეპყრობოდნენ სრულიად უცხო ადამიანები. თუმცა, მაშინ ამ ყველაფერს მთლად კარგად ვერ აღვიქვამდი. ჩემთვის ის ბაბუა იყო და ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა. ბაბუ რომ გარდაიცვალა, ფილმებს ვერ ვუყურებდი, მის ხმას ვერ ვუსმენდი, რადგან მაღიზიანებდა. სურათებსაც ვერ ვათვალიერებდი. ასე ვარ ჩემი დების, დედაჩემის ფოტოებზეც, რადგან ძალიან მოქმედებს, ცუდად ვხდები.

ბაბუს ყველა ფილმი მიყვარს. არსად თამაშობს, ის სახლშიც ზუსტად იმავენაირი იყო. როცა გარდაიცვალა, მაღიზიანებდა ის კადრი, “მხიარულ რომანში” ხელს რომ უქნევს, როცა ემშვიდობება, – ჭკვიანად იყავით ბავშვებოო… ზუსტად ასე იცოდა სახლიდან რომ გავდიოდით, თითქოს სამუდამოდ გემშვიდობებაო. აუცილებლად უნდა ეკოცნა და დღის გეგმა გამოეკითხა. აბა, ჭკვიანად იყავი, ბაბუ, შენი იმედი მაქვს, ხომ იციო, – გვეტყოდა და მისი დადებითი განწყობა მთელი დღე მიგვყვებოდა. თუ რაიმე შეგვეშლებოდა, არავითარ შემთხვევაში არ გვეჩხუბებოდა, მისი ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს, არც მამაჩემის. როგორ მენატრება ის ყველაფერი, ბაბუს მოფერება, მისი სურნელი, მასთან საუბარი.

“თეატრალურის ბოლო კურსიდან საბუთები წამოვიღე” – ბაბუას კვალს არც ერთი არ გავყოლივართ. მე თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მაგრამ ბოლო კურსიდან საბუთები წამოვიღე. ჩემმა მეუღლემ, – მსახიობი ცოლი არ მინდაო, ამ დროს უკვე შვილებიც მყავდა და იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ეს სფერო საერთოდ აღარ მაინტერესებდა. ამიტომაც, სამედიცინო ტექნიკუმში ჩავაბარე და ბებიაქალი გავხდი, ვმუშაობდი კიდეც სამშობიაროში და კარგი დიასახლისიც გამოვდექი.

– ამჟამად რას საქმიანობთ?

– ჩემი და – მაკუნა რომ გარდაიცვალა, ჩემმა გოგონებმა, მეგობრებმა დაასკვნეს, რომ დეპრესია მეწყებოდა. ზოგადად, ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ, მხიარული, ენერგიული და ვცდილობ, სხვამ ვერ გაიგოს რომ ცუდად ვარ, მაგრამ როცა ცხვირჩამოშვებულს დამინახავდნენ და მაკაზე დაუსრულებელ საუბარს ვიწყებდი, ერთმა მეგობარმა მითხრა – ჩემს სიძეს ნათლული შეეძინა და ძიძას ეძებენ, იქნებ გეცადა, გულს გადააყოლებ, გაერთობიო. მეგონა, მეუღლე ამაზე უარს იტყოდა, – კობა არ გამიშვებს-მეთქი. თუმცა, მითხრა, მოსინჯეო და ასე მივედი იმ ოჯახში. სანდრიკო ძალიან მომეწება და დავმეგობრდით, სულ მისი ენით ვლაპარაკობ, ახლა უკვე წლინახევრისაა. ძალიან ჭკვიანი ბავშვია, აბსოლუტურად გამართულად საუბრობს, წიგნებს ვკითხულობთ და ყველა ლექსი თუ სიმღერა ზეპირად იცის. სანდრიკო ძალიან დამეხმარა იმ ყველაფრის გადატანაში, თორემ მარტო როცა ვრჩები, ისევ ვნერვიულობ. ვცეკვავთ, ვმღერით, დავკუნტრუშებთ, მთელი დღე იატაკზე ვსხედვართ, ვთამაშობთ და ვართ ასე.

“მე შენი ვარ, შენ ჩემი ხარ” – საოცარი ბავშვობა მქონდა და ნამდვილად ბევრი კარგი რამ მაქვს გასახსენებელი. ჩემ გარშემო იმდენი კარგი ადამიანია, ტელევიზიით რაიმე ცუდს რომ ვისმენ, მიკვირს, სად აქვთ იმის დრო, ძალა და უნარი, რომ დაჯდნენ და იფიქრონ, როგორ გაუკეთონ ვინმეს ცუდი. სიკეთის კეთება როგორი “კაიფია”, ეს უნდა შეიგრძნოს ადამიანმა და მერე, აღარ ისიამოვნებს ბოროტის კეთებით. მე შენი ვარ, შენ ჩემი ხარ, თუ დაგჭირდი, გვერდით უნდა მიგულო, სხვანაირად არ შემიძლია, ასე გავიზარდე.

ჩვენი ოჯახის წევრები აფიშირებას არასდროს ვუკეთებთ, რომ იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილები ვართ. ერთადერთი, სულ იმას ვცდილობთ, რაიმე ისეთი არ გავაკეთოთ, რომ იპოლიტეს სახელს ჩრდილი მიადგეს. ჩემი მეგობრები სადმე რომ წარმადგენენ და იტყვიან, – იცით, ეს იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილიაო, უცებ ჩავიკეტები ხოლმე ჩემს ნაჭუჭში, თავისუფლად ვერ ვარ… იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილობა რთულიცაა, საპასუხისმგებლოც და სასიამოვნოც.

წყარო: gza.kvirispalitra.ge და primetime.ge

Cesko