მიშას საქართველოში სამარცხვინო შემოპარვა და უკრაინის მიერ ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომი, ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული. ერთი შეხედვით შინაარსით განსხვავებული ამ ორი მოვლენის უკან დგას ერთი მიზანი – მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური გადანაწილება. სწორედ ამ მიზნის რეალიზებას ემსახურება დღეს მიმდინარე დაუსრულებელი ომი, რომელიც გლობალური ომის პარტიის მიერაა პროვოცირებული, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, გლობალური ომის პარტიისთვის მხოლოდ შირმაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სამართლიანობის თუ სხვა ღირებულებების დაცვა. მათთვის და მათი წარმომადგენლებისთვის მთავარია საკუთარი ინტერესები. საქართველოსთან მიმართებაში – გავლენები შავ ზღვაზე.
„უკრაინა, უკრაინელი კამო და გლობალური პოლიტიკა
ყველა მოვლენას თავისი გამომწვევი მიზეზი და საფუძველი აქვს. ხშირ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება ძნელად აღსაქმელია, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ეს თითქმის, ზედაპირზე დევს და მის ამოსაცნობად მარტივი ლოგიკაც საკმარისია. ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეში სააკაშვილის პატიმრობაა, ასევე თითქმის, ერთი წელია, მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგს წარმართავს რუსეთ-უკრაინის ომი.
რაც არ უნდა ერთმანეთისგან განყენებულად გამოიყურებოდეს, მიშას საქართველოში სამარცხვინო შემოპარვა და უკრაინის მიერ ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომი, ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან უხილავი ძაფებითაა დაკავშირებული. ერთი შეხედვით, შინაარსით განსხვავებული ამ ორი მოვლენის უკან დგას ერთი მიზანი. ეს არის მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური გადანაწილება. სწორედ ამ მიზნის რეალიზებას ემსახურება დღეს მიმდინარე დაუსრულებელი ომი, რომელიც გლობალური ომის პარტიის მიერაა პროვოცირებული. გლობალური ომის პარტიისთვის მხოლოდ შირმაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სამართლიანობის თუ სხვა ღირებულებების დაცვა. მათთვის და მათი წარმომადგენლებისთვის მთავარია საკუთარი ინტერესები. საქართველოსთან მიმართებაში – გავლენები შავ ზღვაზე.
ამ მიზნის მისაღწევად ისინი მზად არიან ფაშისტებსაც და ბოლშევიკებსაც „დემოკრატიის შუქურა“ დაუძახონ.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ჯერ კიდევ ვერ აუხსნიათ, რატომ უნდა მიიჩნეოდეს სააკაშვილის ავტორიტარული, სისხლიანი რეჟიმი დღევანდელ ხელისუფლებასთან შედარებით პროდასავლურად ან დემოკრატიულად.
რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის ინტერესებს უკრაინაში, ეს უდიდეს ბუნებრივ რესურსებზე წვდომაა, ამიტომ უკრაინის ხელისუფლების გამარჯვებისთვის ყველაფერი დასაშვები და გამართლებულია, მათ შორის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ამისათვის საჭიროა აქ იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერში უსიტყვოდ დაეთანხმება მათ. ვინაიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ასეთი მორჩილი არ გამოდგა, ომის მესვეურებმა ყველაფერი უნდა იღონონ მისი შეცვლისათვის.
ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები არ ხედავენ და არც არასოდეს დაინახავენ მსჯავრდებულ სააკაშვილისათვის შექმნილ უჩვეულო კომფორტს, ოროთახიან ლუქს პალატას, შეუზღუდავი ოდენობით მნახველებს, მხოლოდ ოჯახისაგან მიღებული საკვების მირთმევის საშუალებას, უცხოელი ექიმ – ექსპერტების ვოიაჟებს, ომბუდსმენის თავგადაკლულ მზრუნველობასა და აქტიურობას მხოლოდ პატიმარ სააკაშვილის მიმართ, ჯიბის ენჯეოების მიერ ორგანიზებულ სამედიცინო კომისიებს სააკაშვილის ავადმყოფობის ცრუ ინფორმაციების გასავრცელებლად და სხვა.
მისი მხრიდან სამედიცინო პერსონალზე განხორციელებული აშკარა თავდასხმები და აგრესია რჩება დაუსჯელი და ა. შ.
ისინი ამას არ ხედავენ, სამაგიეროდ ხედავენ და საგანგაშოდ მიიჩნევენ, სააკაშვილის სიმულაციით მიღებულ ვიზუალს. ახდენენ მის შედარებას დაპატიმრების პირველ დღეებთან. ახდენენ მოწამვლის შესახებ ყოვლად უსაფუძვლო და უარგუმენტო ჭორების ფაქტებად წარმოჩენას და ა. შ. მათ ინტერესებში არ შედის პატიმარი სააკაშვილის კომფორტული პირობების შედარება მისი რეჟიმის დროინდელ პატიმრობის ჯოჯოხეთურ პირობებთან.
მათთვის მთავარია პირადი მიზანი!
მიზნისთვის მიღწევის ნებისმიერი საშუალება მისაღებია! აი, ასეა გადაჯაჭვული ერთმანეთში თითქოსდა, 2 დამოუკიდებელი მოვლენა – ცხელი ომი უკრაინაში და ცივი ომი საქართველოში. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, ჩვენთან არსებული ცივი ომის ცხელ ომად გადაქცევის მცდელობა მომავალშიც ყველა საშუალება იქნება გამოყენებული – მიშას მოგონილი წამება, შიმშილობა, ციხის საავადმყოფოში „თრევით“ გადაყვანა, მისი სტრესი, დეპრესია. მიშას სიმულაცია ქართულ ენასაც შეეხო. უკრაინულად მისი ალაპარაკება იყო მცდელობა მორიგი თაღლითობისა, „გამიშვით, ხომ ხედავთ, ქართულ პოლიტიკაში არათუ აღარ ჩავერევი, არამედ ქართულადაც აღარ ვილაპარაკებო“, დემენციის (ანუ ჭკუასუსტობის) დაავადების სიმულირება და ა. შ. ამას ხელს უწყობენ და ახალისებენ მსოფლიოს გავლენიანი ძალები.
ჩვენ კი დიდი ხანია ასეთ პირობებში გვიწევს გონიერების მაქსიმალური გამოჩენა და ბეწვის ხიდზე სიარული.
იმედია, ისტორიის ამ სახიფათო მონაკვეთსაც ჩვენი ხალხი წარმატებით გაივლის“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.