“ახლა ვფიქრობ, რამდენი წელი გამიფრინდა “მოდი, ხვალ”-ის ძახილში” – მამუკა ონაშვილს სიყვარულის პოვნა არ დასცალდა

0
1691
19 Views

ზაფხულში საქართველომ უნიჭიერესი ადამიანი დაკარგა – მომღერალი მამუკა ონაშვილი. ის ავტოავარიას ემსხვერპლა. ,,პირველად ვამბობ, არის რაღაც სხვა გეგმები, რომლითაც დაკავებული ვარ. სარეპეტიციო ადგილს ვეძებ. ვემზადებით დიდი საკონცერტო ნომრის შესაქმენლად, რომელიც ბენდთან ერთად გაკეთდება. ეს იქნება 2-საათიანი მუსიკალური პროგრამა, რომელსაც ქვეყნის ფარგლებგარეთაც გავიტანთ…

მინდა, 50 წლისამ საანგარიშო კონცერტიც გავაკეთო ფილარმონიაში. მაგ დროისთვის იქნებ საბოლოოდ დავუბრუნდე კიდეც ჩემს სათაყვანო თბილისს, რომელიც ძალიან მენატრება”, – ამბობდა ,,სარკის” სხვადასხვა ინტერვიუში მამუკა ონაშვილი, რომელსაც სულ ჰქონდა გეგმები, პროექტები, მაგრამ საკუთარ ქვეყანაზე მეტად უცხო ქვეყანაში იყო რეალიზებული. წლების განმავლობაში ის მოსკოვში მღეროდა.

წუხდა, რომ პირადში არ გაუმართლა. მიაჩნდა, რომ კაცისთვის ოჯახი აუცილებელი იყო.

,,კაცისთვის ოჯახი აუცილებელია. დედა სხვა არის, მამა – სხვა, დები – სხვა, შენი პირადი ოჯახი კი არის სულ სხვა, მაგრამ ასე მოხდა… არ ვიცი, სად გავარდა წლები. ახლა ვფიქრობ, რამდენი წელი გამიფრინდა “მოდი, ხვალ”-ის ძახილში. არც ახლაა გვიან. სიყვარულს ასაკი არ აქვს. იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ძებნა დავიწყო. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შემიყვარდება, კი, ბატონო, დიდი სიამოვნებით…

როგორი ქალისკენ გამიწევს გული? საინტერესოსკენ. 20 წლის ასაკში სულ სხვანაირად ვფიქრობდი, 30 წლის – სხვანაირად, 40 წლის – სულ სხვაგვარად. ამ ასაკში უკვე ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი, იმაზეც კი, ახლა რა იქნება. ჩემთვის ყველაზე მთავარი ოჯახია, ცოლი და შვილები”, – ამბობდა მამუკა ონაშვილი წლების წინ ,,სარკესთან”.

მომღერლის ცხოვრებაში მუდმივად იყო ერთი ბრძოლა – კილოგრამებთან ჭიდილი. მან წონის კლებისთვის კუჭის ოპერაციაც გაიკეთა.

– ორჯერ დავიკელი – 80 და 60 კილო. წარმოგიდგენიათ, რამდენია? როცა გავხდი, ბევრი ამბობდა, რომ ისევ ის პუტკუნა მამუკა ენატრებოდათ და უნდოდათ. ჰოდა, აი, ბატონო, შევასრულე თაყვანისმცემლების თხოვნა და ისევ მადიანად გამოვიყურები. ეს ხუმრობით. სინამდვილეში ძალიან ძნელია მუდმივად წონის კონტროლით ცხოვრება, განსაკუთრებით ჩემთვის.

მე ცხოვრების სრულიად განსხვავებული გრაფიკი მაქვს. ღამე ვმუშაობ, გვიან კვება მიწევს. ხშირად ვარ თამადა. მომღერლობის გარდა, მაქვს ასეთი პროფესია – საღამოების წაყვანა, იუბილეების, ქორწილების თამადობა…

წლები მემატება, სიბერისკენ მივდივარ, თანაც ისეთ სფეროში ვარ, მინდა, ფორმაში ვიყო. სანამ გყავს მსმენელი, ასე ვთქვათ, მოთხოვნადი ხარ, მათ ახალი სიმღერები უნდა შესთავაზო, პლუს კარგადაც უნდა გამოვიყურებოდე, რაც მე ამდენი წლის განმავლობაში ვერ გავაკეთე, დავიკარგე. ახლა შემიძლია ხმამაღლა ვთქვა და დიდი ასოებთ დაწეროთ, რომ მამუკა ონაშვილი არ დაკარგულა! ჩემს სათქმელს კიდევ ვიტყვი, – ეუბნებოდა ,,სარკეს” მომღერალი.

მამუკა ონაშვილი პროფესიით მხატვარ-რესტავრატორი იყო. ბოლო წლებში პალიტრას დაუბრუნდა და არაერთი შესანიშნავი ნახატი შექმნა. კიდევ ჰქონდა ერთი გატაცება, რომელიც ყველაფერს ერჩივნა – თევზაობა.

– ბოლო დროს აქტიურად დავიწყე ყველა ჟანრში ხატვა და, სხვათა შორის, არც ისე ხელწამოსაკრავი ნამუშევრებია. ალბათ გამოფენაც იქნება, მაგრამ ჯერ ავიდე ასე 50-მდე. ამის შემდეგ, ცხადია, გამოფენასაც გავაკეთებ. პროფესიით მხატვარ-რესტავრატორი ვარ, თუმცა ხატვა ჩემში უფრო ჰობის დონეზეა – როცა მომეხასიათება, მაშინ ვხატავ. ჩემთვის ხატვა ჩემი ემოციების გადმოცემის კიდევ ერთი საშუალებაა…

ჩემი ყველაზე დიდი კაიფი არის თევზაობა. ვერც აღვწერ სიტყვებით, რა გრძნობა მეუფლება ამ დროს. ეს არის ალბათ ჩვენში შემორჩენილი პირველყოფილი ადამიანის აზარტი ნადირობისა. როცა ანკესი მაქვს წყალში და თევზს ველოდები, უდიდესი ნეტარება მეუფლება, – გვიყვებოდა მომღერალი.

,,სარკის” არქივში მამუკა ონაშვილის არაერთი ინტერვიუა სხვადასხვა თემებზე. გთავაზობთ ამონარიდებს.

მამუკა ონაშვილი: ყოველთვის მინდოდა მსახიობობა, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო არ გამომივიდა. მამა, გენო ონაშვილი, ძალიან პოპულარული და ერთ-ერთი პირველი ქართული საესტრადო ანსამბლ “რეროს” სოლისტი იყო. მათ სიმღერებზე გავიზარდე. გენეტიკა დიდი ოხერი რამეა და ადრიდანვე იჩინა თავი ჩემში სიმღერის ნიჭმა.

14 წლის ვიყავი, როდესაც ნოდარ ნიკოლაიშვილმა სცენაზე დამაყენა. იგი მაშინ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბიგ ბენდ “ნიას” ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ ინსტიტუტის კლუბში გაიმართა დიდი კონცერტი, სადაც მეც გამოვდიოდი. ენით აუწერელი მღელვარება დამეუფლა, გაფითრებული ვიდექი და ვკანკალებდი. მეჩვენებოდა, რომ ეს იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი სცენა და ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტი. მეგონა, საერთოდ ვერ ვიმღერებდი.

ნოდარმა მხარზე დამადო ხელი და მითხრა: “მამუკა, შენ ძალიან მაგარი მომღერალი ხარ, არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება”. ასე დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები ესტრადაზე. ნოდარ ნიკოლაიშვილის 11 სიმღერა მაქვს შესრულებული. ყველა წარმატებული გამოდგა და დღემდე ვმღერი.

– შესაძლებელი რომ იყოს, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

– მქონდა ისეთი პერიოდი, როდესაც ვამბობდი, არაფერს შევცვლი-მეთქი, მაგრამ თურმე ცხოვრება სიურპრიზებით ყოფილა სავსე. ასე რომ, რაღაცებს ნამდვილად შევცვლიდი და იმ განვლილ წლებს, როდესაც შემეძლო ნორმალურად მეცხოვრა და კონკრეტულ საკითხებზე უფრო დავფიქრებულიყავი. დროის ამ მონაკვეთს ამოვაგდებდი ჩემი ცხოვრებიდან.

მქონდა ისეთი მომენტები, როდესაც დაუფიქრებლად გადამიდგამს ნაბიჯი… როცა ვინმე უსამართლოდ იქცევა, ვბრაზდები. არ მიყვარს, როდესაც ვიტყუები და როდესაც მატყუებენ, ეს არის ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი.

– პირად ცხოვრებაში ცვლილებებს არ აპირებთ?

– ვფიქრობ, დროა, ჩემი ცხოვრების თანამგზავრი მოვძებნო. ახლა იმ სიმღერასავით ვარ: “გეძებ, გეძებ, გეძებ”…

წყარო: sarkenews.ge

Cesko