ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი აღარ არის

0
1245
26 Views

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა. მან შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა

ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველი ხუთი წლის განმავლობაში იყო. ის პარლამენტმა 2017 წლის 30 ნოემბერს 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ აირჩია.

ახალი სახალხო დამცველის არჩევისთვის პარლამენტს საკუთარი კანდიდატურა 19-მა სუბიექტმა შესთავაზა. მათი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში უკვე დასრულდა. საპარლამენტო პარტიებს შორის სახალხო დამცველობის კანდიდატზე შეთანხმების მიზნით კონსულტაციები კი ამ დრომდე გრძელდება.

პარლამენტში კი ამ დრომდე არ არიან პოლიტიკური აქტორები შეთანხმებული, თუ ვინ გახდება საქართველოს ახალი ომბუდსმენი და ვინ დაიცავს სახელმწიფო ინსტიტუტებისგან შესაძლო დაზარალებული მოქალაქეების უფლებებს. თავად ნინო ლომჯარია, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესის შესახებ ფიქრობს, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ წარიმართა. თუმცა მისივე თქმით, მთავარია როგორი იქნება შედეგი და რამდენად დამოუკიდებელი პირი აირჩევა დემოკრატიის განმსაზღვრელ ამ თანამდებობაზე.

„არ მაქვს ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური მოლაპარაკებები ან რა ეტაპზეა. შესაძლებელია, არ იქნას არჩეული, რადგან „ოცნებას“ ოფიციალურად არ აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა და ოპოზიციიდან რაზე შეთანხმდებიან, ვინ, რა კონსენსუსზე წავა, ჩემთვის ცნობილი არ არის. ჯერჯერობით ყველაფერი მიდის კარგად, პრეტენზიები შეიძლება იყოს ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, ნამდვილად გამჭირვალე პროცესი იყო. ახლა მთავარია შედეგი. ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციაც ის არის, რომ არჩეული იყოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პოლიტიკურ წრეებში კი კონსულტაციები გრძელდება. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოუწოდებს სამი დასახელებული კანდიდატიდან ერთის წარდგენაზე შეთანხმდეს. ამავე დროს, მმართველი პარტიის ლიდერები მკაფიოდ ამბობენ, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მხარდამჭერი კანდიდატები – ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი, მათთვის მისაღები არ არის.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამ პიროვნებებს, კლანური მეთოდით შერჩეულებს და ოპოზიციის მიმართ პოლიტიკურად მიკერძოებულებს უწოდებს.

„კონსულტაციები გაგრძელდება სახალხო დამცველობის 8 კანდიდატის გარშემო. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას კონსულტაციებს, ჩვენ წინასწარ ვერ დავაფიქსირებთ პოზიციას ვერცერთ კანდიდატთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ჩვენ გვქონდა უმრავლესობის სხდომა სადაც მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა განწყობები სხვადასხვა კანდიდატის მიმართ. ბუნებრივია ეს განწყობები ერთნაირად დადებითი არ არის რვავე კანდიდატის მიმართ. ჩვენ რომ არ გავუსწროთ წინ მოვლენებს და არ შევუქმნათ პრობლემა მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა დღეს ვერ დავაფიქსირებთ პოზიციას ვერცერთ კანდიდატზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა მათი წარდგენა და რა არის მათი წარსული, ამაზე განწყობა ვერ შეიცვლება და დამოკიდებულება ვერ შეიცვლება. მე შეგახსენებთ, რომ ისინი შერჩეულნი იყვნენ კლანური მეთოდით. ენჯეოების კლანის მიერ. რა თქმა უნდა, ამის მიმართ ჩვენ ისევ გვაქვს უარყოფითი დამოკიდებულება. რაც შეეხება მათ პოლიტიკურ მიუკერძოებლობას, რაც არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, აქაც არსებობს არა მარტო კითხვის ნიშნები არამედ ფაქტები, რომ ისინი არიან პოლიტიკურად მიკერძოებულები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთზე მოხდეს პოლიტიკური მხარდაჭერა. მმართველი გუნდის ოპონენტები ეჭვობენ, რომ გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, რომლის მიხედვით „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს, ისინი ფარულად მაინც ეცდებიან მათი ინტერესების შესაბამისად მოხდეს ომბუდსმენის არჩევა.

„გვახსოვს ხომ რა თქვეს და რასაც ახლა ამბობენ „ქართულ ოცნებაში“? თითქოს არ ასახელებენ კანდიდატს და ოპოზიცია ვისაც დაუჭერს მხარს, მხოლოდ მათგან ავარჩევთო. ჩვენ განვაცხადეთ ბატონო უკვე, რომ სამი კანდიდატი გვყავს. ამოარჩიონ მათგან და ჩვენც დავუწერთ მხარს. მაგრამ არა. „ოცნებამ“ ეს პროცესიც ფარსაც აქცია და ახლა გვეუბნება, რომ კიდევ 5 კანდიდატი დავამატეთ და ახლა უკვე 8 კანდიდატიდან ამოვარჩიოთ ერთიო“, – განაცხადა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

ომბუდსმენობის დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი და საკვანძო საკითხია. სახალხო დამცველის ასარჩევად მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები გრძელდება. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 19 კანდიდატიდან მსჯელობა 8 კანდიდატზე გაგრძელდება და სწორედ 8 კანდიდატიდან ერთზე მოუწევთ პოლიტიკურ ძალებს შეთანხმება. ახალი ომბუდსმენის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ხმის მიცემის პროცესში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს და პარლამენტში მყოფი ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფი, დამოუკიდებელად ვერ შეძლებს საკითხის გადაწყვეტას.

Cesko