ლექსენი: “მითხრეს ციფრი დაასახელე და რამდენი ნული გინდა მიუწერეო, მე კი მაშინვე უარი ვუთხარი”

0
943
25 Views

ქართველმა რეპერმა, ჟურნალ “თბილისელებთან” მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციისგან შემოთავაზებული სარფიანი წინადადება გაიხსენა, რომელზეც მისივე თქმით უარი განაცხადა:

ჟურნალისტი: ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლების წინ რუსეთისგან სარფიანი შემოთავაზება მიგიღიათ, მაგრამ უარი გითქვამთ.

ლექსენი: რამდენიმე წლის წინ დამირეკეს და მითხრეს, ციფრი დაასახელე, ნულები მიუწერე და პრობლემა არ იქნებაო. აქ ფულზე არ არის საუბარი. ამ შემოთავაზებას სხვა მოტივაცია აქვს. ქვეტექსტი ის არის, რომ მტერი ცდილობს, საკუთარ სამსახურში ჩაგაყენოს. ასე ის შენს ღირსებასა და ადამიანობას შელახავს, ისტორიას შეგილახავს.

ცხადია, ამაზე ჩემგან ცივი უარი მიიღეს. ეგ კი არა, ისიც ვუთხარი, მსგავსი შემოთავაზება სხვა დროს აღარ მიხსენოთ-მეთქი. რა თქმა უნდა, ფული კარგია, ბევრი ფული ყველას უნდა, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც არ უნდა გადააბიჯო. ხაფანგია, როცა გეუბნებიან, რამდენიც გინდა მოითხოვე და მიიღებო. ადამიანი რომ იბადები, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის მოქალაქე ხარ, რამდენად იქნები ღირსეული, ეს შენი გადასაწყვეტია. ჯერ ღირსეული მოქალაქე უნდა იყო და მერე – კონკრეტული სუბიექტი, იქნება ეს პოლიტიკოსი, ხელოვანი თუ სხვა პროფესიის მსახური.

თუ მთავარში არ ხარ მოწოდების სიმაღლეზე, თუ საკუთარი ქვეყნის პატრიოტი არ ხარ, სხვა ვერაფერში მიაღწევ ღირსეულ წერტილამდე. როცა ეს შემოთავაზება მივიღე, არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვთქვი უარი. ამ ქვეყანას ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და იქ როგორ უნდა წავიდე და ვიმღერო, რის ფასად? ამით ხომ იმას ამბობ, რომ ჩვენ შორის ყველაფერი კარგად არის? ან იმას, რომ თანახმა ვარ მათი მონა ვიყო?!

წყარო: tbiliselebi.ge

Cesko