ყველაფერი უკვე დაგვიანებული იყო-რას ყვება ოჯახის ახლობელი

0
643
29 Views

მარტვილის სოფელ მუხურჩაში 9 წლის მარიამ ფოჩხუა დაიღუპა.

ბავშვს სარძევე კბილის ამოღებიდან მე-8 დღეს, ჭრილობის არეში და მის მიმდებარედ, ანთებითი პროცესის – დაგროვილი ჩირქოვანი მასის გამო, ყბის არეში გაკვეთა დასჭირდა, რაც გართულებული მდგომარეობითა და გოგონას გარდაცვალებით დასრულდა.

ბოლო დღეებამდე სრულიად ჯანმრთელი ბავშვის დაღუპვა უმძიმესი ტრაგედიაა, არა მხოლოდ ოჯახისა და სოფლისთვის…

ეს თემა სოციალურ ქსელში განსჯის საგანი გახდა და საზოგადოების ნაწილი სტომატოლოგს სდებს ბრალს, ნაწილი კი, მიზეზად ფოჩხუების ოჯახის სოციალურად მძიმე მდგომარეობას ასახელებს, რის გამოც, პატარა მარიამისთვის სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებისა და მედიკამენტების შესაძენად, მათ თანხა არ აღმოაჩნდათ.

ტრაგედიის შესახებ, “კვირის პალიტრა” ოჯახის ერთ-ერთ ახლობელს ესაუბრა, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა.

 

– გისამძიმრებთ. მარის დაღუპვამ უამრავი ადამიანი შეძრა. ყველა მათგანს კი აწუხებს განცდა, როგორ შეიძლება დღეს ბავშვი კბილის ამოღებით გარდაიცვალოს, თუკი ყველა პროცედურა წესების დაცვით შესრულდა?!

– ჩვენი უბედურება ამტკიცებს, რომ თურმე ასეც შეიძლება. მედიცინის სპეციალისტი არ ვარ, რომ ვიცოდე, რა რატომ მოხდა და ასეთ უბედურებაზე კიდევ ექიმის ცოდვას ვერ დავიდებთ, მას ვერ დავაბრალებთ ყველაფერს. მარიამი 9 წლის იყო. ამ ასაკში უმეტესად შინ უღებენ კბილებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს კბილი ერყეოდა, მშობლებმა შინ ვერ ამოუღეს და ამიტომაც წაიყვანეს ექიმთან, რომელმაც კბილი ამოუღო და როგორც ჩანს, რაღაც საეჭვოც დაინახა. იმიტომ, რომ ჭრილობაში ჩირქი იყო. ამის გამო, ანტიბიოტიკიც დაუნიშნა და მარის დედას ბავშვის კბილებზე რენტგენის გადაღება მოსთხოვა. დაავალა: სურათი აუცილებლად მომიტანეო და გამოუშვა ბავშვიც და მშობელიც.

– ალბათ, რენტგენის გადაღება მალე ვერ მოხერხდა, თორემ მძიმე მდგომარეობა ფირზე ხომ გამოჩნდებოდა.

– ეს არ ვიცი, ვერ გეტყვით. მაგრამ მარი სტომატოლოგის დანიშნულ ანტიბიოტიკს ნამდვილად სვამდა. თუმცა, მაინც გამოგვეცალა ხელიდან… კბილის ამოღებიდან მეათე დღეს.

– ამ ხნის განმავლობაში, ალბათ ტემპერატურაც მაღალი ჰქონდა.

– ყოველ შემთხვევაში, ბავშვი სუსტად არ იყო. პარასკევს, მაგალითად, სკოლაში ჩვეულებრივად წავიდა. იქაც არ შესტყობია, რომ ცუდად იყო ან რაიმე სტკიოდა. ასე რომ ყოფილიყო, სკოლაში ხომ არ წავიდოდა? თუმცა, ბავშვი უკვე ორშაბათს ძალიან ცუდად იყო და სკოლაშიც ვეღარ წავიდა. ჭრილობა მთლიანად დაუჩირქდა, რის გამოც, ქუთაისში წაყვანა გახდა საჭირო. იქ მდგომარეობა რომ დაინახეს, ყბა გაუჭრეს და შიგ ჩამდგარი ჩირქი ამოუწმინდეს, მაგრამ ყველაფერი უკვე დაგვიანებული იყო. ბავშვს აღარაფერმა უშველა; სისხლი მოეწამლა.

– გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი უკიდურესად ხელმოკლეა, იმიტომ ვერ წაიყვანეს ბავშვი ექიმთან დროზე, საამისო თანხა ვერ იშოვეს. დაგვიანებამ კი მძიმე შედეგი გამოიღოო. სავარაუდოდ, ეს უბედურება იმიტომ მოხდა, რომ ბავშვის კლინიკაში გადაყვანა შეყოვნდა.

– მარის მშობლები იმდენად ღატაკები არ არიან, რომ ბავშვის საავადმყოფოში წასაყვანი ფული როგორმე ვერ ეშოვათ. დაუღალავად და მუხლჩაუხრელად მშრომელი ხალხია, შვილებს უვლიან. მართალია, სოციალურად დაუცველები არიან, მაგრამ შრომა არ ეზარებათ. ამიტომ, ღატაკები ვერ იქნებიან. არც ექიმს აბრალებენ რაიმეს. პირიქით, ამბობენ, ექიმს თუ სურს მოვიდეს პანაშვიდზე, მაგას ჩვენს უბედურებაში ბრალი არ უდევსო. ანგელოზი წავიდა და ახლა მხოლოდ ის დაგვრჩა, რომ მის სახელზე მის დედ-მამას გამძლეობა ვუსურვოთ.

წყარო: kvirispalitra.ge

Cesko