ნათია რიგვავა ქართულმა საზოგადოებამ 2021 წლის სექტემბერში გაიცნო. იმჟამად რუსეთში მცხოვრები მომღერალი “ახალ ტალღაზე“ საქართველოს სახელით მონაწილეობდა და ბოლო ადგილზე გავიდა, რის გამოც ახალგაზრდა შემსრულებლისთვის კრიტიკა არ დაუკლიათ. ქართული მუსიკალური სამყარო განსაკუთრებულად იმ ფაქტმა გააღიზიანათ, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროპული ქვეყნების ნაწილმა ლიტვა, ესტონეთი, ისრაელი, გერმანია, ფინეთი და პოლონეთი, კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამ სიაში იყო საქართველოც…
ამ ამბიდან წელიწადზე მეტი გავიდა. ნათია ქართულ მედიაში არც მაშინ და არც მერე არ გამოჩენილა. როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება კონკურსის შემდეგ, რა აკავშირებს მომღარლს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და რატომ დატოვა რუსეთი ომის დაწყების შემდეგ, ექსკლუზიურად Ambebi.ge-სთან ისაუბრა.
– ნათია, პირველ რიგში მოგიკითხავთ, როგორ ხართ ახლა, სად ცხოვრობთ, როგორ მიდის თქვენი მუსიკალური კარიერა…
– უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ, ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტა, რომ თბილისში გადმოვსულიყავით საცხოვრებლად. ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება მუსიკასთან ვარ დაკავშირებული , დედაჩემი პროფესიონალი ვოკალისტია. მახსოვს, ბავშვობაში იჯდა ხოლმე, ფორტეპიანოზე უკრავდა და ერთად ვმღეროდით. შემდეგ ეს ყველაფერი პროფესიად გადაიქცა, გნესინკაში ჩავაბარე პოპ-ჯაზის ფაკულტეტზე. ასე დაიწყო ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება…
– პირველად საქართველოში თქვენს შესახებ მაშინ გავიგეთ, როდესაც “ახალ ტალღაზე“ გამოხვედით, რის გამოც გაგაკრიტიკეს…
– დიახ, გულწრფელად გითხრათ, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში. ძალიან განვიცადე… ყველაზე სამწუხარო ის ტყუილი და ჭორია, რომელიც ჩემს სახელის გარშემო ტრიალებდა. მას არაფერი აქვთ საერთო სიმართლესთან.
– თქვენს “ინსტაგრამზე” ვნახეთ ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უკრაინაში ხშირად მოგზაურობდით, ცხადია ომის დაწყებამდე, ალბათ იქ ახლობლები გყავთ…
– უკრაინა ძალიან მიყვარს და მართლა ხშირად ვყოფილვარ იქ. ნათესავები არა, ახლო მეგობარები მყავს. მათ გამო ახლა ძალიან ვღელავ. ჩემმა ბევრი მეგობარმა ქვეყანა არ დატოვა.
– არქივში ინახება საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინაშო გადაღებული ფოტოები, სად გაიცანით?
– ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა… ბატონ სააკაშვილს დიდი ხანია ვიცნობთ. ჩვენი ოჯახები იცნობენ ერთმანეთს.
– დღეს თუ გულშემატკივრობთ მას, როგორია თქვენი პოზიცია მის ახლანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით?
– კი, მიშისტი ვარ, თუ ამას გულისხმობთ. ციხეში მიხაილ ნიკოლოზოვიჩის ადგილი არ არის. მისი ადგილი თავისუფალებაზეა, თავის ხალხთან ერთად. ეს ზუსტად ვიცი. ჩვენ ყველა ვღელავთ და ვლოცულობთ მისი ჯანმრთელობისთვის…
– საქართველოში ვინ გყავთ ახლობლები?
– მოსკოვში ცხოვრებისას საქართველოში ორ თვეში ერთხელ დავფრინავდი. აქ მყავს ორი ბებია, დეიდა, ბიძა, დები, ძმები, ზოგადად, დიდი ქართული ოჯახი გვაქვს.
– რამდენად შეცვალა თქვენი გეგმები, მუსიკალური კარიერის თვალსაზრისით, უკრაინა-რუსეთის ომმა?
– მომხდარის შემდეგ რუსულად სიმღერა ძალიან რთულია. თუმცა მესმის, რომ უკრაინელები, ყაზახები, ბელორუსები და ა.შ. რუსულად ლაპარაკობენ და ენა არაფერ შუაშია. ბოლო დროს ემოციურად საკმაოდ მძიმედ ვარ. დეპრესია დამემართა, არაფრის გაკეთება არ მინდოდა. უბრალოდ, დაჯექი შინ და ვუსმენდი სევდიან სიმღერებს. დღემდე მიჭირს თავის შეკავება და პოზიტიურად ფიქრი.
– პირად ცხოვრებაზეც გკითხავთ, ახალგაზრდა, ლამაზი, წარმატებული ქალი ხართ, ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ…
– მადლობა კომპლიმენტებისთვის. დიახ, მყავს თაყვანისმცემლები, დედაჩემი უკვე შვილიშვილებზე ოცნებობს, მაგრამ მომავალზე არ ვფიქრობ, ცხოვრება ისეთი არაპროგნოზირებადია. იქნებ ერთ თვეშიც მოგცეთ ინტერვიუ მოახლოებულ ქორწილზე, ვინ იცის.
– რა გეგმები გაქვთ მომავალში, სად ხედავთ თქვენი მუსიკალური კარიერის განვითარებას…
– ძალიან მალე გამოვაქვეყნებ დუეტს, პოპულარულ არტისტთან ყაზახეთიდან M’Dee-სთან ერთად. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა და ახალი ეტაპია ჩემს მუსიკალურ კარიერაში. ალბომზეც ვმუშაობ. ჩემს საყვარელ ბაქოში ვიდეოკლიპის გადაღებას ვგეგმავ. ბევრი კარგი მეგობარი მყავს იქ, რეჟისორებიც და მხატვრებიც. ყოველთვის, როცა ბაქოში მივდივარ, მთელი გულით ვგრძნობ, როგორ უყვართ აზერბაიჯანელებს საქართველო და ეს სიყვარული ორმხრივია.
– დასასრულს გკითხავთ, მოსკოვში მცხოვრებ ქართველ შემსრულებლებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, პირადად თუ იცნობთ მათ…
– მხოლოდ ზურაბ კონსტანტინოვიჩ წერეთელს ვიცნობ. ფერწერის მოყვარული ვარ, ნიუ-იორკში მცხოვრები ჩემი საყვარელი მხატვარი სალომე რიგვავა ჩემი ნათესავია. შეხედეთ მის გასაოცარ ნამუშევარს და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. აზერბაიჯანელი მხატვარი ალი შამსიც ჩემთვის აღმოჩენა იყო…
ambebi.ge