„გადაჭარბების გარეშე, ნეაპოლი ახლა მარადონასა და ხვიჩას ქალაქია“ – რას ჰყვება „ინტერის აკადემიის“ პრეზიდენტი

November 16, 16:48
0
356

საქართველოში არსებული „ინტერ აკადემიის“ პრეზიდენტი ანა წერეთელი ნეაპოლში სტუმრობის დროს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა.

კვარაცხელიასთან შეხვედრის შემდეგ წერეთელმა შთაბეჭდილებებზე Sportall.ge-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნეაპოლი ახლა მარადონას და ხვიჩას ქალაქია“.

გთავაზობთ, ინტერვიუდან ამონარიდს:

„იტალიაში ხვიჩას მიმართ ძალიან დადებითად არიან განწყობილნი. ნეაპოლში ჩავედი თუ არა, პატივს სწორედ ხვიჩას გამო მცემდნენ. ვერ მივხვდი, ჩემთან „სელფებს“ რატომ იღებდნენ, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქართველი და „კვარას“ თანამემამულე ვარ.

გადაჭარბების გარეშე, ნეაპოლი ახლა მარადონასა და ხვიჩას ქალაქია. კვარაცხელიას ყველა ფერის მაისური ერთნაირი წარმატებით იყიდება – თეთრი, ლურჯი, ვარდისფერი… გაყიდვაშია პატარა თაბაშირის ფიგურები, რომლებზედაც მხოლოდ ხვიჩა და დიეგო არიან გამოსახულნი. კვარაცხელიას ორიგინალი მაისურების შეძენა პრობლემურიც კია.

სტადიონზე, ნეაპოლელთა თამაშზე როცა ვიყავი, ყველა კუთხეში ქართული დროშა შეინიშნებოდა.

ქალაქში სეირნობისას საკმაოდ ბევრი ქართველი შემხვდა. იქაური დამოკიდებულების შემდეგ პირველად მომინდა, სხვა გვარი მქონოდა და იმ მომენტში კვარაცხელია ვყოფილიყავი“, – განუცხადა ანა წერეთელმა გამოცემას.

მისივე თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს ფეხბურთის ყურება და ფეხბურთით დაინტერესება, ვისაც ამის სურვილი არასდროს ჰქონია, ახლა კი მშობლებს შვილები ფეხბურთზე უფრო აქტიურად მიჰყავთ.

Cesko